15.აპრილი .2020 22:30

როგორ გადააწყო "ნიკორამ" ბიზნესი COVID-19-ის დღის წესრიგზე

views 726
უკან

შექმნილმა სიტუაციამ გვაიძულა სერიოზულად შეგვეცვალა სამუშაო პროცესების ორგანიზების საკითხები, - განუცხადა BM.GE-ს სს „ნიკორას“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბოქოლიშვილმა ბიზნესის COVID-19-ით შემქნილ დღის წესრიგზე გადაწყობაზე საუბრისას.

კომპანიის გენერალური დირექტორის თქმით, მიუხედავად არსებული გამოწვევებისა და სირთულეებისა, კომპანიამ შეუნარჩუნა თავის თანამშრომლებს სამუშაო ადგილები.

„ჰოლდინგისა და მისი შვილობილი კომპანიების ადმინისტრაციის თანამშრომლების უმეტესი ნაწილი გადაყვანილი იქნა დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე.

საწარმოებსა და სასაწყობე მეურნეობებში თანამშრომლები გაიყო ორ არგადაკვეთად გუნდად. ისინი მუშაობენ სხვადასხვა ცვლებში, რომ რაც შეიძლება ნაკლებ ადამიანს ჰქონდეთ ერთმანეთთან შეხება.

ყველა ობიექტზე გამკაცრდა სამედიცინო უსაფრთხოების ზომები: თანამშრომელს ტერიტორიაზე შესვლამდე თერმოსკრინინგი უტარდება. ყველა მათგანი უზრუნველყოფილია ჰიგიენის დაცვის ინდივიდუალური საშუალებებით. თუ ადრე რეგულარული სადეზინფექციო სამუშაობები წარმოებებში ტარდებოდა, ახლა ასე ხდება ჰოლდინგის ნებისმიერ ობიექტზე.

COVID 19-ის მიერ გამოწვეული სირთულეების გამო არც წარმოებიდან და არც მაღაზიებიდან, ჩვენი ინიციატივით, არცერთი თანამშრომელი არ გაგვითავისუფლებია და არცერთ თანამშრომელს არ შემცირებია ხელფასი. დღეს ნიკორას ჰოლდინგის მასშტაბით 7 000-მდე ადამიანია დასაქმებული, აქედან 1 700 ხორცპროდუქტების ორ საწარმოში“, - ამბობს „ნიკორას“ გენერალური დირექტორი.

ირაკლი ბოქოლიშვილი განმარტავს, რომ ყოველივე ამან გაზარდა კომპანიის ხარჯები.

„დანახარჯები რასაკვირველია გაიზარდა, კერძოდ:

საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებისა და კომენდანტის საათის შემოღების გამო შეიქმნა თანამშრომლების გადაადგილების პრობლემები. კომპანიას მოუწია საკუთარი ხარჯით, ყოველდღიურად, რამდენინე ათასი თანამშრომლის ტრანსპორტირების უზრუნველყოფა.

მნიშვნელოვანია დანახარჯები თანამშრომლებისა და მოსახლეობის სამედიცინო უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისითაც, რადგან ჩვენთვის, როგორც ყველა პასუხისმგებლიანი კომპანიისთვის, ეს არის პირველადი ზრუნვის საკითხი“, - აღნიშნა ირაკლი ბოქოლიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა