მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ გადავარჩინოთ წელს მთის კურორტები საქართველოში? - კერძო სექტორის გეგმა

5fc677154e531
მარიამ ადამია
01.12.20 22:42
1131
“კონკრეტული გეგმა თუ როგორ არის შესაძლებელი მთის კურორტებისა და სეზონის გადარჩენა წელს, არის ძალიან მარტივი” - ამის შესახებ BMG-ის კერძო სექტორის წარმომადგენლები ესაუბრნენ.

მათი თქმით, პირველი და მნიშვნელოვანი არის მობილობის შემცირება და ის, რომ მაგალითად საკურორტო ქალაქებში შესვლა შეიძლებოდეს მხოლოდ კონკრეტულ დღეებში, რითიც თავიდან ავიცილებთ შაბათ-კვირას ხალხის დიდ რაოდენობას.

მეორე და ასევე მნიშვნელოვანი საკითხია "სქი-პასები", რომლებიც უნდა გაიყიდოს ონლაინ და დღეში ლიმიტირებული რაოდენობით.

ხოლო მესამე საკითხი, რასაც კერძო სექტორი ასახელებს, არის ის, რომ არ იმუშაოს გონდოლებმა და გაიხსნას მხოლოდ ღია ტიპის საბაგიროები.

“აუცილებლად უნდა დაწესდეს შეზღუდვები და საბაგიროზე ორ ადამიანზე მეტის დაჯდომა არ შეიძლებოდეს. შეგვიძლია შევუწყოთ უმუშევარ ხალხს ხელი და საბაგიროებთან დაემატოს 2-3 ადამიანი, რომლებსაც დაევალება რიგის კონტროლი და პირბადეების მონიტორინგი. უნდა აიკრძალოს კაფეებში დასაჯდომი სივრცეების არსებობა და მხოლოდ მუშაობდნენ Takeaway-ის პრინციპით. საღამოს 7 საათიდან იყოს სრული კარანტინი. ასე შეზღუდულად, თუმცა უსაფრთხოდ კი შეიძლება სპორტსმენებს მიეცეთ ვარჯიშის საშუალება, სრიალის მოყვარულებს სეზონის გამოცოცხლების, ხოლო ქვეყნის ეკონომიკას შედარებით ამოსუნთქვის შესაძლებლობა. ცხადია, გეგმა საჭიროებს გადახედვას და კიდევ უფრო დაფიქრებას, თუმცა მთის კურორტების ამოქმედება უსაფრთხოდ რომ შესაძლებელია, ეს უკვე ფაქტია",- ამის შესახებ “ამბებს მიღმას” PR-მენეჯერმა, ქეთო ბერაძემ ისაუბრა.

საკითხს გამოეხმაურა ასევე SKIGeorgia-ის დამფუძნებელი, დანიელ დოინიცინი. მისი თქმით, 21-ე საუკუნეში, ონლაინ არხების გამოყენებით მომსახურების გაციფრულება არ უნდა იყოს პრობლემა, რითიც უსაფრთხოდ იქნება შესაძლებელი სეზონის გახსნა.

“ვერ ვხედავ ვერანაირ პრობლემას ზამთრის კურორტების ამუშავების, თუ ამის სურვილი არსებობს რეალურად. ყველა საბაგიროზე შესაძლებელია დისტანციური ხედვის თერმოსკრინინგის დაყენება. ასევე 21-ე საუკუნეა და შესაძლებელია ონლაინ არხების გამოყენება და საბაგიროს ბოლეთის ონლაინ გაყიდვა, ასე კი უფრო ზუსტად გვეცოდინება კურორტზე რა დატვირთვაა,” - აღნიშნა დანიელ დოინიცინმა.

კერძო სექტორის შეფასებით, კურორტებმა უნდა განაგრძონ საბაგიროების და ტრასების მომზადება, რათა შემდგომში არ შევეჩეხოთ ტექნიკურ პრობლემებს და უნდა დაიწყოს საუბარი ახალი წლის შემდგომ ღია საბაგიროების გახსნაზე.

შეგახსენებთ, 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით, სათხილამურო კურორტებზე – ბაკურიანი, გუდაური, გოდერძი და მესტია დამატებითი შეზღუდვები დაწესდა. საკურორტო ზონებში სასტუმროების მუშაობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად; ასევე, ჩერდება სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება.