27.ოქტომბერი .2020 18:51

როგორ გაიზარდა ახალი იპოთეკური სესხები სუბსიდირების პროგრამის შედეგად

როგორ გაიზარდა ახალი იპოთეკური სესხები სუბსიდირების პროგრამის შედეგად
views 251
უკან

2020 წლის სექტემბერში საქართველოში მოქმედმა ბანკებმა 271.5 მილიონი ლარის მოცულობის ეროვნული ვალუტის იპოთეკური სესხები დაამტკიცეს, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 44.9%-ით მეტია. ეს საქართველოში კოვიდ კრიზისის დაწყების შემდგომ, იპოთეკების ზრდის რეკორდული მაჩვენებელია. 

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ირკვევა, რომ გასული თვის განმავლობაში ლარში სულ 5,544 იპოთეკური სესხი დამტკიცდა, ეს 2019 წელთან შედარებით 14.7%-ით მეტია. ერთი საშუალო იპოთეკური სესხის მოცულობა კი 48,978 ლარს შეადგენდა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10,000 ლარით ანუ 26%-ით მეტია. 

ეროვნული ბანკის სტატისტიკა აჩვენებს, რომ ახალი იპოთეკური სესხების რაოდენობაც და პორტფელის მოცულობაც ყველაზე მეტად 2020 წლის აპრილში შემცირდა, როდესაც ქვეყანაში მხოლოდ 6 მილიონი ლარის ეროვნული ვალუტის იპოთეკები და 12 მლნ ლარის დოლარის იპოთეკები დამტკიცდა, იპოთეკური სესხების რაოდენობამ კი, მხოლოდ 384 შეადგინა. 

სრული ლოქდაუნის მოხსნის შემდეგ, მთავრობამ ეროვნულ ვალუტაში გაცემული, იპოთეკების სუბსიდირების პროგრამა დაანონსა, პროგრამის ფარგლებში 200,000 ლარამდე მოცულობის სესხებს ბიუჯეტიდან 4%-იანი თანადაფინანსება ერიცხებათ. 

ივნისიდან იპოთეკური სესხების მოცულობამ აღდგენა დაიწყო და ლარისა და უცხოური ვალუტის სესხების ნაკადმა 150 მილიონ ლარს გადააჭარბა, ივლისსა და აგვისტოში კი, მთლიანი იპოთეკური დაკრედიტება 250 მილიონ ლარს ასცდა. ამ ზრდის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი სწორედ ეროვნული ვალუტის იპოთეკების მოცულობის ზრდა იყო. სებ-ის მონაცემებით, 2019 წლის მაჩვენებლებს დაკრედიტებამ მხოლოდ სექტემბერში გადააჭარბა, როდესაც მხოლოდ ლარის იპოთეკური სესხები ერთობლივად უფრო მეტი იყო, ვიდრე გასულ წელს ლარის და უცხოური ვალუტის დაკრედიტება ერთად. 

სექტემბერში დაფიქსირებული დადებითი ტენდენციის მიუხედავად, ჯამურად, 2020 წლის 9 თვეში გაცემული ახალი იპოთეკური სესხების პორტფელის მოცულობა 1.7 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც 2019 წლის შედეგებთან შედარებით 340 მილიონი ლარით ანუ 16.6%-ით ნაკლებია. აქედან ლარის იპოთეკებში კლება 34%-ია და ახალი პორტფელის ზომა 1 მილიარდ ლარს შეადგენს, უცხოური ვალუტის იპოთეკების მოცულობა კი პირიქით, 41%-ით არის გაზრდილი და ახალი პორტფელის ზომა 656 მილიონი ლარის ტოლია. 



უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია Colliers-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, სექტემბერში თბილისში 3,121 საცხოვრებელი ბინის ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 11%-ით აღემატება. გაყიდვების ჯამური ღირებულება კი $134 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8%-ითაა გაზრდილი.

Colliers-ის თანახმად, თბილისში სექტემბერში რეალიზებულ ბინებში 2,159 ბინა ახალაშენებული იყო, რაც 2019 წლის სექტემბერთან შედარებით 18%-ით მეტია, ძველ ბინებზე რეგისტრირებული გარიგებები კი 2%-ით 962 ერთეულამდე შემცირდა. ამავე ანგარიშის თანახმად, ყველაზე მეტად, 32%-ით ეკონომ კლასის ბინებზე არის მოთხოვნა გაზრდილი, საშუალო და პრემიუმ სეგმენტის ბინების გაყიდვები კი, სექტემბერში 23 და 29%-ით იყო შემცირებული. ამ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნის მატებას, სავარაუდოდ, მთავრობის მიერ წარდგენილი იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა განაპირობებს.

სექტემბერში ბინების გაყიდვების მატების მიუხედავად, 2020 წლის 3 კვარტალში დედაქალაქში, ჯამურად, 18,537 ბინა გაიყიდა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24%-ით ნაკლებია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა