მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ გაიზარდა საკრედიტო რისკები ქართულ ბანკებში - სებ-ის შეფასება

609e6444442e8
შოთა ტყეშელაშვილი
14.05.21 16:00
1030
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2020 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად, საბანკო სისტემაში არსებულ საკრედიტო რისკებსაც მიმოიხილავს.

"COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური შენელებიდან გამომდინარე, საბანკო სისტემის საკრედიტო პორტფელის ხარისხი 2020 წლის ბოლოსთვის, წინა წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაუარესდა,"- ნათქვამია ეროვნული ბანკის ანგარიშში.

საკრედიტო რისკების ზრდასთან ერთად ბანკებმა 2020 წელსვე დაარეზერვეს 1.1 მილიარდი ლარი სესხების შესაძლო დანაკარგების ბუფერში, რამაც როგორც 2020 წელს, ასევე 2021 წელს გამოწვეული საკრედიტო დანაკარგები უნდა დააბალანსოს - შესაბამისად, საკრედიტო ზარალი ბანკებმა თავიანთ საბალანსო უწყისებში 2020 წელსვე ასახეს.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საბანკო სისტემის სესხების 8.4% უმოქმედოს სტატუსს ატარებს, რაც წინა წელთან შედარებით გაორმაგებულია. ამასთან, 2021 წელს ეს მაჩვენებელი 10%-საც მიაღწევს. თავისმხრივ უმოქმედო სესხები ცალკეულ კატეგორიებად იყოფა, ესენია:

უმოქმედო სესხები - 3.2 მილიარდი ლარის პორტფელი, მთლიანი სესხების 8.4%:

მათ შორის, არასტანდარტული სესხები - 2.2 მილიარდი ლარი;
მათ შორის, საეჭვო სესხები - 484 მილიონი ლარი;
მათ შორის, უიმედო სესხები - 489 მილიონი ლარი.

ცალკეული სეგმენტების მიხედვით უმოქმედო სესხები ასე ნაწილდება:

კორპორატიული სესხების- 7.44%-ია უმოქმედო;
მცირე და საშუალო ბიზნეს სესხების  - 9.75%-ია უმოქმედო;
საცალო (ფიზიკური პირების) სესხების - 9.30%-ია უმოქმედო.

ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, საკრედიტო დანაკარგების ზრდის თავიდან ასაცილებლად, 2020 წელს კომერციულმა ბანკებმა სესხების რესტრუქტურიზაციის უპრეცედენტო კამპანია აწარმოეს, რის შედეგადაც 2020 წლის ბოლოსთვის ქვეყნის საკრედიტო პორტფელის 20%-ზე უკვე რესტრუქტურიზებული იყო, მაშინ როდესაც 2019 წლის ბოლოს რესტრუქტურიზებული სესხები პორტფელის მხოლოდ 5%-ს შეადგენდა. მათ შორის ყველაზე მეტი რესტრუქტურიზაცია სავალუტო სესხებს დასჭირდა, რომლის მთლიანი პორტფელის 25%-იც 2020 წლის ბოლოს რესტრუქტურიზებული იყო.



"ბიზნეს სესხებში ასევე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ უცხოურ ვალუტაში აღებული სესხების წილი განსაკუთრებით მაღალი იყო იმ მოწყვლად სექტორებში, რომლებსაც ყველაზე დიდი ზიანი მიადგა COVID-19-თან დაკავშირებული ეკონომიკური შოკის გამო,"- ნათქვამია ეროვნული ბანკის ანგარიშში.

ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, ცალკეულ სეგმენტებში კრედიტების დოლარიზაცია თითქმის 100%-ია, რაც ლარის გაუფასურების ფონზე მათი უმოქმედო სესხებად გადაქცევის რისკებს ზრდის:

1. უძრავი ქონების დეველოპმენტი - 94%-ით სავალუტო სესხია;
2. უძრავი ქონების მენეჯმენტი - 89%-ით სავალუტო სესხია;
3. სასტუმროები და ტურიზმი - 88%-ით სავალუტო სესხია;
4. რესტორნები, ბარები, კაფეები და სწრაფი კვების ობიექტები - 85%-ით სავალუტო სესხია;
5. ავტოდილერები - 57%-ით სავალუტო სესხია.

ბიზნეს სესხებთან ერთად შესამჩნევია უმოქმედო სესხების წილის ზრდა იპოთეკურ სესხებშიც, სადაც უცხოური ვალუტით აღებულ იპოთეკებში ეს მაჩვენებელი 11%-ს აჭარბებს, ლარის იპოთეკებში კი უმოქმედო სესხების წილი 4%-ია.