მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ გაიზრდება პენსია მომდევნო წლებში?

5dfb48b80178e
შოთა ტყეშელაშვილი
19.12.19 18:00
4721
2021 წლიდან საქართველოს მთავრობა პენსიების ზრდის სპეციალურ ფორმულაზე მიბმას გეგმავს. ამის შესახებ საუბარია საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის გაგზავნილი დოკუმენტის მემორანდუმის მუხლებში, რომელსაც ხელს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აწერენ.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ პენსიების ზრდის ოპტიმალურ მოდელად საქართველოს მთავრობა განიხილავს მის ეკონომიკურ ზრდასთან მიბმას. თუმცა, პენსიების ზრდა იმავე მაჩვენებლით არ მოხდება, როგორც ეკონომიკური ზრდა. უფრო კონკრეტულად კი საუბარია, პენსიების ზრდაზე იმაზე უფრო დაბალი ნიშნულით, ვიდრე პროგნოზირებული ეკონომიკური ზრდაა. პირობითად, თუ პენსია შეადგენს 200 ლარს, ხოლო მოსალოდნელი ეკონომიკური ზრდა არის 4.5%, მაშინ შესაძლოა მთავრობამ პენსიის ოდენობა 4%-ით, ანუ წელიწადში 8 ლარით გაზარდოს.

“საერთაშორისო სავალუტო ფონდთან კონსულტაციით, ჩვენ წარმოვადგენთ კანონპროექტს, რომელიც დაადგენს წესს, რომლითაც საბაზო პენსიების ინდექსირება მოხდება. 2021 წლიდან, პენსიების ინდექსაციის წესი პენსიონერების შემოსავალს ინფლაციისგან დაიცავს. ამასთანავე, 70 წელზე უფრო ხანდაზმული პენსიონერებისთვის ეკონომიკურ ზრდას უფრო ხელმისაწვდომსა და ინკლუზიურს გახდის. ჩვენ ვგეგმავთ პენსიის წლიურ ინდექსაციას, რაც იქნება ნომინალური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე უფრო დაბალი,”- ნათქვამია დოკუმენტში.

შეგახსენებთ, რომ მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, 2020 წლის 1 იანვრიდან 20 ლარით, 220 ლარამდე გაიზრდება ასაკით პენსიონერთა პენსიები, ასევე მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული და 18 წლამდე ასაკის შშმ პირების (880 ათასზე მეტი მოქალაქე) სოციალური გასაცემლები, რაზედაც მიიმართება 220.0 მლნ ლარზე მეტი;

გარდა ამისა, 2020 წლის 1 ივლისიდან, დამატებით 30 ლარით გაიზრდება 70 წლის და უფრო მაღალი ასაკის პირთა პენსია, მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე ასაკის შშმ პირთა (450 ათასზე მეტი მოქალაქე) სოციალური გასაცემლები, რაზედაც დამატებით მიიმართება 80 მლნ ლარი.

საქართველოს მთავრობა უკვე რამდენიმე წელია პენსიის ინდექსირების მოდელზე მუშაობს, თუმცა ამ დრომდე პროექტი წარდგენილი არაა. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ პენსიის ინდექსირების წესის დანერგვა საქართველოს მთავრობის ვალდებულებასაც წარმოადგენდა. ამ ვალდებულებას დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონი ითვალისწინებს. 

"კანონის ამოქმედებიდან 9 თვის ვადაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს მთავრობას წარუდგინოს სახელმწიფო პენსიის ინდექსაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ჩანაცვლების კოეფიციენტის შენარჩუნება,"- წერია დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში, ეს კი ნიშნავს, რომ 2019 წლის სექტემბერში მთავრობას აღნიშნული წესი უკვე შემუშავებული უნდა ჰქონოდა.