მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ გამდიდრდა Telegram-ი

5f9078a481fb9
თათია კაკიაშვილი
22.10.20 00:30
3394
აპლიკაცია Telegram-ს, რომელიც დაარსების დღიდან კონკურენციას უწევს WhatsApp-ს, დღეს მსოფლიოში 300 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. მის დამფუძნებელ პაველ დუროვს საზოგადოება იცნობს, როგორც „ცუკერბერგს“ რუსეთიდან, რადგან 2006 წელს, 22 წლის ასაკში მან რუსეთის უდიდესი სოციალური ქსელი Vkontakte-ც შექმნა. ცუკერბერგის მსგავსად, პაველმა, პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად, სტუდენტებისთვის ფორუმი შექმნა, რომელიც მოგვიანებით პოპულარულ სოციალურ ქსელ Vkontakte-დ გარდაიქმნა.

რუსული ფორბსი წერს, რომ დუროვმა ცუკერბერგის იდეა არა მხოლოდ დააკოპირა, არამედ მოიპარა, თავად დუროვმა კი საყვედური არ მიიღო იმ არგუმენტით, რომ “სტივ ჯობსმა ჯერ შეისწავლა, ხოლო შემდეგ გააუმჯობესა Sony და თუ საზოგადოება იდეის “დასესხებას” ნეგატიურად აღიქვამს, მაშინ მსოფლიო წინ ვერ წავა”. 

“მარკ ცუკერბერგი ანარქისტია, მაგრამ არა ძალაუფლებისა და წესრიგის უარყოფის გაგებით”, - აღნიშნულის შესახებ დუროვმა Vkontakte-ს და Facebook-ის მენეჯმენტთან შეხვედრის დროს გააჟღერა. ეს შეხვედრა ცუკერბერგის სახლში სტუმრობით დასრულდა, სადაც დუროვი მიხვდა, რომ Facebook-ი მალე საკუთარი ვალუტის შემოღებას გეგმავდა და ამ გეგმებში საერთაშორისო გაფართოება, მათ შორის, რუსეთში ფეხის მოკიდებაც შედიოდა.

თუმცა, სახლისკენ მიმავალი დუროვი ვერტმფრენში ყოფნისას დაფიქრდა და დაასკვნა, რომ განსხვავება VKontakte-სა და Facebook-ს შორის დიდი იყო: ცუკერბერგი სულ უფრო მეტ მონეტიზაციას უკეთებდა ქსელს. მომდევნო სამუშაო დღიდან მოყოლებული, დუროვმა მეგობრების და მოხალისეების დახმარებით, Vkontakte-ს სხვადასხვა ენაზე თარგმნა დაიწყო. ცუკერბერგი კი უკვე აღიარებდა დუროვის ანალიტიკურ შესაძლებლობებს და საკუთარ შეცდომებს ნათლად ხედავდა.

Telegram-ის განვითარების ისტორია კი 2013 წლის ბოლოს, 100 000 აქტიური მომხმარებლით იწყება. 2014 წლის 24 მარტს კომპანიის ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ სოციალურმა ქსელმა თვეში 35 მილიონ მომხმარებელს მიაღწია და სოციალურ ქსელს ყოველდღიურად 15 მილიონი აქტიური მომხმარებელი გაუჩნდა. ამ დროისთვის უკვე შესაძლებელი იყო, მომხმარებლებს ერთმანეთისთვის ხმოვანი შეტყობინებები გაეგზავნათ და ე.წ. საიდუმლო ჩატებიც შეექმნათ.

2017 წლის ბოლოს აპლიკაციის აქტიურ მომხმარებელთა რაოდენობა 180 მილიონს აღწევდა. 2018 წლის მარტში კი ეს რაოდენობა კიდევ 20 მილიონით გაიზარდა. ამავე პერიოდში Telegram-მა საკუთარი კრიპტოვალუტის გამოშვება დაიწყო. ICO 2018 წელს ცნობილი ხდება, როგორც ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტიცია, რომელმაც კვალიფიციური ინვესტორებისგან 1.7 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა. შედეგად, Bloomberg-ი ვალუტის კურსის 200%-ით ზრდას პროგნოზირებდა.

ამასობაში, Telegram-ის მომხმარებელთა ერთ–ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2019 წლის 14 მარტს დაფიქსირდა, როცა ბოლო 24 საათში აპლიკაციას კიდევ 3 მილიონი მომხმარებელი შეუერთდა. დუროვს მიზეზის ახსნა უჭირდა, რა იწვევდა ამ რაოდენობით ახალი მომხმარებლების ნაკადს, თუმცა საგულისხმოა, რომ სწორედ ამ პერიოდს დაემთხვა Facebook-ისა და Instagram-ის ხანგრძლივი ტექნიკური ხარვეზები. 2020 წლის 24 აპრილის მონაცემებით კი, Telegram-ის მომხმარებელთა რიცხვი 400 მილიონი გახდა.

ანალიტიკოსების პროგნოზით, Telegram–ის კრიპტოვალუტა 2022 წლისთვის 4 მილიარდი დოლარის შემოსავალს მიაღწევს, ხოლო თავად დუროვს იმედი აქვს, რომ მომხმარებელთა 80%, რომელიც 2022 წლისთვის, სავარაუდოდ, 1 მილიარდი იქნება - კრიპტოვალუტას გამოიყენებს.