მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ გავლენას იქონიებს ტარიფების გათანაბრება ჯანდაცვის ბაზარზე?

5db70a7997dfa
სალომე მეცხვარიშვილი
28.10.19 20:30
1659
საყოველთაო ჯანდაცვის პროექტის ფარგლებში დახარჯული მილიარდების მიუხედავად მთავრობა სასურველ შედეგამდე ვერ მივიდა - პაციენტების მიერ სამედიცინო მომსახურებისთვის დახარჯული თანხები ისევ მაღალია. 7 წელიწადში მოსახლეობის მხრიდან ჯიბიდან გადახდები 18%-ით არის შემცირებული, თუმცა, ჯანდაცვის მინისტრი ამ მაჩვენებლით უკმაყოფილოა. ეკატერინე ტიკარაძის უწყებამ მარტივ გამოსავალს მიაგნო იმისთვის, რომ პაციენტების მიერ დახარჯული თანხები შეამციროს - სახელმწიფო ფასების რეგულირებას იწყებს.

დაფინანსების ახალი სისტემით, სამედიცინო დაწესებულებები იღებენ ვალდებულებას, რომ პაციენტებს სახელმწიფოს მიერ დადგენილი ერთიანი ტარიფით მოემსახურონ. კლინიკა, რომელიც ამ ფასებზე თანახმა არ იქნება, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას გამოეთიშება.

როგორ გავლენას იქონიებს ტარიფების გათანაბრება ჯანდაცვის ბაზარზე?

პრეზენტაციაზე, რომელზეც რეფორმა წარადგინეს, ითქვა, რომ ქვეყანაში ერთ სულ მოსახლეზე საწოლების ჭარბი რაოდენობაა, კერძო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ტარიფების გათანაბრებამ შესაძლოა ბაზრიდან კლინიკების ნაწილი გააქროს. ან მთავრობამ ხარისხის გაუმჯობესების ნაცვლად, გაუარესება მიიღოს.

“საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის” გენერალური დირექტორი ნიკოლოზ გამყრელიძე: ტარიფების გათანაბრება არ თქმულა ცალკე კონტექსტად, ამაზე საუბარი იყო სელექტიურ კონტრაქტირებასთან ერთად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება კითხვას - ერევა თუ არა სახელმწიფო კერძო სექტორში ტარიფების გათანაბრების გადაწყვეტილებით - ეს არის კონტრაქტი კერძო სექტორსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის. ყველა კლინიკას რჩება უფლება მიიღოს მონაწილეობა ამ შეთანხმებაში ან არ მიიღოს. დეტალები ამ დროისთვის არ ვიცით და როცა გვეცოდინება მეტი - მაშინ შევძლებთ მეტი კომენტარის გაკეთებას.

პრეზენტაციაშიც აღინიშნა, რომ ერთ სულ მოსახლეზე საწოლების რაოდენობით სიჭარბე გვაქვს, ამიტომ, ვფიქრობ, ამას ბაზარი დაარეგულირებს. არ არის გამორიცხული რომელიმე მოთამაშე გავიდეს ან შემოვიდეს ბაზარზე ახალი ინვესტიციით.

კლინიკა “გულის” დამფუძნებელი ანზორ მელია: “ახალი კლინიკები მომრავლდნენ... მრავალპროფილური კლინიკები, რომლებსაც არ ჰყავთ პაციენტები და მხოლოდ სასწრაფო დახმარების ექიმებზე არიან დამოკიდებული, რომ მათ მოუყვანონ პაციენტები. 80 მილიონს რომ დახარჯავ კლინიკაში, ის თანხა როდის უნდა ამოიღო? არ შეიძლება, რომ ერთ კლინიკას ჰქონდეს ძალიან მაღალი ფასები და მეორეს დაბალი. ტრადიციული კერძო კლინიკები არიან, რომლებიც დაარსდნენ 20 წლის წინ, მათ ნორმალური ფასები აქვთ. ვიღაც ბიზნესმენი ხსნის კლინიკას, ქირაობს სახელოვან ექიმებს და მიდის შემდეგ კარუსელი - სჭირდება თუ არ სჭირდება პაციენტს, უკეთებენ ყველაინაირ გამოკვლევას. ასეთ კლინიკებს ძალიან დიდი ფასები აქვთ. ასეთებს სახელმწიფო უნდა არეგულირებდეს.

ერთი თხოვნა მაქვს სამინისტროსთან, რომ ფასები, რომლებსაც დაგვიწესებენ, იყოს რეალური, რათა შევძლოთ სრულფასოვნად და კვალიფიციურად ვაკეთოთ ოპერაციები და ვუმკურნალოთ პაციენტებს. თუ ძალიან დაბალ ფასებს დაადებს სახელმწიფო, მაშინ ოპერაციების ხარისხი ძალიან დაეცემა: კვალიფიციური ქირურგები ქვეყანას დატოვებენ, ახალგაზრდა თაობას აღარ ექნება მოტივაცია და საერთო დონე დაიწევს”.