13.მარტი .2020 00:00

როგორ გავუფრთხილდეთ ფსიქიკურ ჯანმრთელობას პანდემიის პირობებში? – WHO-ს რჩევები

views 1251
უკან

როგორ გავუფრთხილდეთ ფსიქიკურ ჯანმრთელობას კორონავირუსის პანდემიის პირობებში? - ამ საკითხზე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რჩევები ფსიქოლოგმა ჯანა ჯავახიშვილმა თარგმნა, რომელიც ამის შესახებ „ფეისბუქზე“ წერს.

როგორც ჯანა ჯავახიშვილი წერს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფისთვისაა:

„ზოგადი მოსახლეობისთვის
1. COVID-19 გავრცელდა ბევრ ქვეყანაში. ამიტომ, გთხოვთ, არ დააკავშიროთ ის რომელიმე ეთნიკურ ჯგუფსა თუ ეროვნებასთან. გამოიჩინეთ თანაგრძნობა მათ მიმართ, ვისაც ეს პრობლემა გაუჩნდა, მიუხედავად რეგიონისა და ქვეყნისა. მათ, ვინც ავად გახდნენ, არაფერი დაუშავებიათ.

2. ნუ უწოდებთ დაავადებულ ადამიანებს “კორონავირუსის შემთხვევებს”, “მსხვერპლებს” “კორონავირუსიან ოჯახებს” ან “ავადმყოფებს”. ისინი არიან “ადამიანები, ვისაც აქვს კორონავირუსი”, “ადამიანები, რომლებიც გადიან მკურნალობას კორონავირუსის გამო”, “ადამიანები, რომლებიც არიან კორონავირუსისგან განკურნების პროცესში” და COVID19-სგან განთავისუფლების შემდგომ ისინი დაუბრუნდებიან თავიანთ სამსახურებს, ოჯახებსა და საყვარელ ადამიანებს.

3. თავი აარიდეთ იმგვარი ახალი ამბებისა თუ გადაცემების ყურებას, რომელიც თქვენში შფოთვას მაღლა წევს. ინფორმაცია, ძირითადად, მოიძიეთ იმ მიზნით, რომ განახორციელოთ პრაქტიკული ნაბიჯები თქვენი და თქვენს გარშემო მყოფი ადამიანების თავდაცვის თვალსაზრისით. ეძიეთ განახლებული ინფორმაცია დღეში ერთხელ, ან ორჯერ. უეცარი და თითქმის უწყვეტი ახალი ამბების ნაკადი ვირუსის გავრცელებაზე ნებისმიერს შეაშფოთებს. გაამახვილეთ ყურადღება ფაქტებზე. შეაგროვეთ ინფორმაცია რეგულარული ინტერვალებით, ჯამნმოს ვებგვერდიდან და სხვა ავტორიტეტული და სანდო პლატფორმებიდან - იმისთვის, რომ ფაქტები ჭორებისგან განასხვავოთ.

4. თავი დაიცავით და სხვებსაც გაუფრთხილდით. სხვისი დახმარება ამგვარი კრიზისის დროს ეხმარება როგორც იმას, ვისაც ეხმარებიან, ასევე თავად დამხმარეს.

5. ეცადეთ გააზიაროთ პოზიტიური ამბები (მაგალითად - გამოჯანმრთელების თაობაზე) და პოზიტიური იმიჯები ადგილობრივი ადამიანებისა, რომლებმაც გამოიარეს დაავადება და გამოჯანმრთელდნენ, ან მათი, ვინც თავის ახლობლებს თანადგომას უწევს.

6. აღნიშნეთ იმ ადამიანების ღვაწლი, ვინც ეხმარება დაინფიცირებულ ადამიანებს და ზრუნავს თემის/საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვაზე.

ჯანდაცვის მუშაკებისთვის
7. ჯანდაცვის მუშაკები ამჟამად იღებენ ისეთ გამოცდილებას, რომელიც მასტრესირებელია. ამიტომ, მოცემულ ვითარებაში აბსოლუტურად ნორმალურია იგრძნოთ სტრესი. სტრესი და მასთან დაკავშირებული შეგრძნებები/გრძნობები არ არის იმის მანიშნებელი, რომ თქვენ არ შეგიძლიათ საქმის კეთება, ან რომ სუსტი ხართ. პირიქით. საკუთარი სტრესის მართვა ასეთ დროს იმდენადვე მნიშვნელოვანია, როგორც თქვენი ფიზიკური მდგომარეობის მართვა.

8. დაუკვირდით და შეეცადეთ დაიკმაყოფილოთ თქვენი საბაზო საჭიროებები და გამოიყენოთ სტრესთან გამკლავების კონსტრუქციული სტრატეგიები: აუცილებლად მიეცით თავს დასვენების საშუალება - როგორც სამუშაო დღის მსვლელობაში, ასევე მორიგეობებს შორის ინტერვალში, იკვებეთ ჯანსაღად, იყავით ფიზიკურად აქტიური, იყავით კონტაქტში მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან. თავი აარიდეთ სტრესთან გამკლავების საზიანო სტრატეგიებს: თამბაქოს. ალკოჰოლს და სხვა ნარკოტიკებს. გრძელვადიანი პერსპექტივით, ამას შეუძლია თქვენი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის გაუარესება. ეს უნიკალური და უპრეცენდენტო გამოცდილებაა ბევრი ჯანდაცვის მუშაკისთვის, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში თუ მათ არ აქვთ მსგავსი კრიზისის მოგვარებაში მონაწილეობის გამოცდილება. მიუხედავად ამისა, წარსულში გამოცდილი კონსტრუქციული გამკლავების სტრატეგიების გამოყენება ძალიან დაგეხმარებათ.

9. ზოგიერთმა თქვენგანმა შესაძლოა გამოსცადოს ახლობლების, ოჯახის წევრების, მეზობლების მხრიდან თავის არიდების ქცევა - სტიგმისა და შიშის გამო. ამან, შესაძლოა, კიდევ უფრო დაგიმძიმოთ სტრესული გამოცდილება. თუ შესაძლებელია, იყავით კავშირში თქვენს საყვარელ ადამიანებთან დიგიტალური საშუალებების გამოყენებით. ასევე, ეძიეთ სოციალური მხარდაჭერა კოლეგების წრეში, თქვენს მენეჯერთან, ან სხვა სანდო ადამიანებთან - თქვენი კოლეგები, შესაძლოა, იგივე სირთულეებს განიცდიან რასაც თქვენ, და ერთმანეთის მხარდაჭერა დაგეხმარებათ, უკეთ იგრძნოთ თავი.

10. განსაკუთრებული (ინტელექტუალური, შემეცნებითი, ფსიქოსოციალური) საჭიროებების მქონე ადამიანებთან კომუნიკაციისას ვირუსზე გამოიყენეთ მარტივი და გასაგები ენა. თუ ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ხართ, არ შეიზღუდოთ თავი კომუნიკაციის მხოლოდ წერილობითი ფორმით.

ჯანმრთელობის დაცვის და სამკურნალო ორგანიზაციების მენეჯერებსა და ლიდერებს
11. შეეცადეთ დაიცვათ თქვენი თანამშრომლები ქრონიკული სტრესისგან და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებისგან - ამ შემთხვევაში ისინი უკეთ შეძლებენ თავისი მოვალეობების განხორციელებას.

12. უზრუნველყავით თქვენს თანამშრომლებთან კომუნიკაციის კარგი ხარისხი და ინფორმაციის რეგულარული განახლება. გააკეთეთ მუშაკების როტაცია მუშაობის მაღალი სტრესისა და დაბალი სტრსის პირობების მონაცვლეობით. ნაკლები გამოცდილების თანამშრომლები ამუშავეთ პარტნიორობაში უფრო გამოცდილ კოლეგებთან. ორგანიზაციაში/გუნდში წაახალისეთ უერთიერთდახმარების კლიმატი - ეს უზრუნველყოფს მხარდაჭერას, ერთმანეთის სტრესის მონიტორინგსა და უსაფრთხოების პროცედურების დაცვას. ადამიანები, ვინც თემში გადიან სამუშაოდ, აუცილებლად უნდა მუშაობდნენ წყვილებში. წაახალისეთ, გაუწიეთ მონიტორინგი და თავად გააკეთეთ ინიციირება სამუშაო შესვენებებისა, საჭიროების მიხედვით. გააკეთეთ მოქნილი გრაფიკი იმ თანამშრომლებისთვის, ვინც უშუალოდ ექვემდებარება მასტრესირებელ მოვლენებს, ან ვისი ოჯახიც დაექვემდებარა ამგვარ მოვლენებს.

13. თუ გუნდის ხელმძღვანელი ან სამკურნალო დაწესებულების ხელმძღვანელი ხართ - უზრუნველყავით ის, რომ საჭიროების შემთხვევაში თქვენს თანამშრომლებს ჰქონდეთ ფსიქოლოგიური და ფსიქოსოციალური მომსახურების მიღების შესაძლებლობა. მენეჯერებიცა და გუნდის ხელმძღვანელებიც სტრესორთა იგივე სისტემის ზემოქმედებას განიცდიან, რასაც მათი თანამშრომლები, და ზოგჯერ - გამომდინარე მაღალი პასუხისმგებლობიდან, კიდე უფრო მეტს. ამიტომ, მნიშვენლოვანია, ერთ მხრივ, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის მომსახურება ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს, და მეორე მხრივ - მენეჯერებმა პირადი მაგალითით უჩვენონ თანამშორმლებს სტრესთან გამკლავების კონსტრუქციული სტრატეგიები.

14. გაათვიცნობიერეთ პირველადი ემოციური და ფსიქოლოგიური დახმარების მეთოდებში და პრაქტიკულ ხერხებში მედპერსონალი, სასწრაფოს მძღოლები, მოხალისეები, მასწავლებლები, ისინი ვინც შემთხვევებს ავლენენ და კარანტინის მუშაკები.

ბავშვებზე მზრუნველ პირთათვის (მშობლები, სხვა ოჯახის წევრები, ძიძები და ა.შ.)
15. დაეხმარეთ ბავშვებს რათა მონახონ პოზიტიური გზები (მაგ., ხატვის საშუალებით და სხვ.), რომ გამოხატონ შემაწუხებელი გრძნობები - მაგ., შიში და სევდა. თითოეულ ბავშვს გამოხატვის თავისი გზა აქვს. ზოგჯერ ამაში ეხმარება ისეთ შემოქმედებით აქტივობებში ჩართვა, როგორიცაა თამაში, ხატვა, და ა.შ. შემაწუხებელი გრძნობების გამოხატვა/კომუნიკაცია უსაფრთხო და მხარდამჭერ გარემოში ეხმარება ბავშვებს, გაუმკლავდნენ სტრესს.

16. ამყოფეთ ბავშვები ახლოს თავის მშობლებთან და ოჯახთან, თუ ეს უსაფრთხოა ბავშვებისთვის, და რამდენადაც ეს შესაძლებელია, თავი აარიდეთ ბავშვებისა და მათზე მზრუნველი ადამიანების (მშობლების, ძიძების და ა.შ.) დაცილებას. თუ აუცილებელი გახდა ბავშვის დაშორება მის ძირითად მზრუნველთან, მაშინ დარწმუნდით, რომ მას კარგ ალტერნატიულ ზრუნვას უწევენ და რომ სოციალური მუშაკი ან მისი ექვივალენტი რეგულარულად შეამოწმებს ბავშვის კეთილდღეობას. ამასთან, დაშორების პერიოდში, უზრუნველყავით ბავშვის რეგულარული კონტაქტი თავის ოჯახის წევრებთან/მზრუნველებთან - იქნება ეს დღეში ორჯერ სატელეფონო საუბარი, ან ვიდეო ზარი, თუ სხვა, ასაკისთვის შესაფერისი კომანუნიკაციის ფორმატის (მაგ, სოციალური მედია) საშუალებით.

17. მაქსიმალურად შეინარჩუნეთ ჩვეული რუტინა, განსაკუთრებით თუ ბავშვი სახლშია იზოლირებული. ჩართეთ ბავშვი ასაკისთვის შესაფერის აქტივობებში. რამდენადაც შესაძლებელია, წაახალისეთ ბავშვი, იურთიერთოს და ითამაშოს სხვებთან - თუნდაც საკუთარი ოჯახის წევრებთან, თუ ოჯახი იზოლაციის მდგომარეობაშია.

18. სტრესისა და კრიზისის პერიოდში, ბავშვებს მეტი ურთიერთობა სჭირდებათ და ისინი ითხოვენ კიდევაც მშობლების ყურადღებას. განიხილეთ კორონავირუსი თქვენს შვილებთან გულწრფელად და მათი ასაკისთვის შესაბამისი ფორმით. თუ შეატყობთ, რომ ბავშვი წუხს, განიხილეთ მისი წუხილი ერთობლივად, ამან შესაძლოა შეამსუბუქოს მისი მდგომარეობა. ბავშვები აკვირდებიან ზრდასრულთა ემოციებსა და ქცევას და მათგან სწავლობენ რეაგირებას და ემოციების მართვას განსაცდელის სიტუაციაში.

მათთვის, ვინც ხანდაზმულებზე ზრუნავს
19. ხანდაზმულებმა, განსაკუთრებით მათ, ვინც იზოლაციაში არიან, ან ვინც დემენციის მდგომარეობაშია, შესაძლოა მეტად იშფოთონ, განიცადონ ბრაზი, სტრესი, აჟიტაცია, ან გაითიშონ ამგვარი კრიზისის/კარანტინის დროს. გაუწიეთ პრაქტიკული და ემოციური დახმარება არაფორმალური კავშირების (ოჯახის) და პროფესიონალების დახმარებით.

20. გაუზიარეთ მარტივი ფაქტები იმის თაობაზე, თუ რა ხდება და გაუზიარეთ მკაფიო ინფორმაცია იმაზე, თუ როგორ არის შესაძლებელი ინფიცირების რისკის დაქვეითება - ისეთი ფორმით, ადვილად გასაგები იყოს შემეცნებასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე მოხუცებისთვისაც. რამდენჯერაც საჭირო იქნება, გაიმეორეთ ინფორმაცია. ინსტრუქციები უნდა იყოს არტიკულირებული მკაფიოდ, მოთმინებით და პატივისცემის გამოხატვით. შესაძლოა დაგეხმაროთ, ასევე, წერილობითი ფორმით, ან ნახატების სახით გამოხატვაც. ჩართეთ ოჯახის წევრები და სხვა დამხმარეები ინფორმაციით უზრუნველყოფის პროცესში და აგრეთვე, თავდაცვითი ქცევის გავარჯიშების მიზნით (მაგ., ხელების დაბანვის).

21. წაახალისეთ ხანდაზმულები (მაგ., კეთილდღეობაში მცხოვრები პენსიონრები), რომ იმოხალისეონ თემში - განახორციელონ თანატოლთა დახმარება, მეზობლების მდგომარეობის გადამოწმება, სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე პერსონალის შვილებზე ზრუნვდა და ა.შ.

მათთვის, ვინც იზოლაციაშია
22. დარჩით დაკავშირებული თქვენს სოციალურ ქსელებთან. იზოლაციაშიც კი, შეეცადეთ რომ მაქსიმალურად შეინარჩუნოთ თქვენი პირადი საყოველდღეო ჩვეული რუტინა. თუ რეკომენდირებულია, რომ ფიზიკური კონტაქტი შეზღუდოთ რათა გადადების საფრთხე შემცირდეს, თქვენ შეგიძლიათ იყოთ დაკავშირებული სოციალური ქსელების, იმეილის, ვიდეო-კონფერენციებისა და ტელეფონის საშუალებით.

23.სტრესის დროს, მიაქციეთ ყურადღება თქვებს საკუთარ საჭიროებებსა და გრძნობებს. ჩაერთეთ ჯანსაღ აქტივობებში, რომელიც გსიამოვნებთ და მარელაქსირებელია. ივარჯიშეთ, შეინარჩუნეთ ძილის ჩვეული რუტინა, იკვებეთ ჯანსაღად. შეხედეთ მოვლენებს პერსპექტივაში. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სააგენტოები და ექსპერტები ყველა ქვეყანაში მუშაობენ, რათა უზრუნველყონ საუკეთესო ზრუნვის ხელმისაწვდომობა მათთვის, ვინც ინფიცირებულია.

24. თითქმის უწყვეტი ახალი ამბების ნაკადმა ინფექციის გავრცელების შესახებ ნებისმიერ ადამიანს შეიძლება აგრძნობინოს შფოთვა და დისტრესი. ეძიეთ განახლებული ინფორმაცია დროის კონკრეტულ/გარკვეულ პერიოდებში ჯანდაცვის პროფესიონალებისგან და ჯანმოს ვებ გვერდზე, და თავი აარიდეთ მოსმენას ჭორებისა, რაც დისკომფორტს იწვევს", - წერს ჯანა ჯავახიშვილი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა