მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ გეგმავს “ევროპული საქართველო” 100,000-მდე სამუშაო ადგილის შექმნას - ინტერვიუ გიგა ბოკერიასთან

5f6f9e5e5b5e8
შოთა ტყეშელაშვილი
26.09.20 23:58
1440
პარტია “ევროპული საქართველო” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მოსახლეობას მნიშვნელოვან საგადასახადო ცვლილებებს პირდება, რომლებმაც ჯამში 100,000-მდე სამუშაო ადგილის შექმნას უნდა შეუწყონ ხელი. პარტიის მიერ შემუშავებული ეკონომიკური პროგრამის თანახმად, უნდა შემცირდეს მოგების, საშემოსავლო, დამატებული ღირებულებისა და საწვავის აქციზის გადასახადები. ამის პარალელურად, “ევროპული საქართველოს” პროგრამა მიზნობრივი სოციალური დახმარებებისა და ასაკობრივი პენსიის გაორმაგებას ითვალისწინებს.

პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ და ფოთში მაჟორიტარორების კანდიდატმა, გიგა ბოკერიამ Forbes Talks-ის ფორმატში უპასუხა კითხვებს თუ რა გათვლებს ეფუძნება “ევროპული საქართველოს” ეკონომიკური პროგრამა და როგორ მოხდება პარტიის გამარჯვების შემთხვევაში ქვეყნის ბიუჯეტის ფორმირება. მისი თქმით, პროგრამა რამდენიმე მთავარ მიმართულებას ეფუძნება. მათგან პირველი მიმდინარე ბიუროკრატიული ხარჯების 2.5 მილიარდი ლარით შემცირება და ეკონომიკაში სახელმწიფოს წილის ეტაპობრივად 20%-მდე ჩამოყვანაა. მეორე კი პანდემიის წლებში ბიუჯეტის დასაბალანსებლად დამატებითი საგარეო დაფინანსების მოზიდვაა, რამაც შემდგომ წელს $1 მილიარდი დოლარი უნდა შეადგინოს.

“ევროპული საქართველოს” ეკონომიკური პროგრამა:

- დღეს ყველაზე კონსერვატიული შეფასებითაც კი 95 ათასამდე სამუშაო ადგილი არის დაკარგული და ჩვენ გვჭირდება ამის უსწრაფესად ამოქაჩვა. გამოსავალი არის ერთი, იმ დოვლათის რაც ქვეყანაში იქმნება არსებითად ნაკლები ნაწილი უნდა დახარჯოს ბიუროკრატიამ. საბოლოო ჯამში ჩვენ გვინდა რომ ჩამივიდეთ 20%-მდე სახელმწიფოს წილზე ქვეყნის ეკონომიკაში. 20%-ზე მეტს არ უნდა ხარჯავდეს მთლიანად მთავრობა. ეს უნცა მოხდეს პირველ რიგში გადასახადების შემცირების გზით. ყველა გადასახადს ვგულისხმობთ - საშემოსავლოს, მოგების გადასახადს, დღგ-ს და აქციზსაც. ჩვენ გეგმაში დეტალურად გვაქვს გათვლილი. ამ ყველაფრის შედეგად, ჯამში უნდა დავტოვოთ სწრაფადვე, დაახლოებით 2.5 მილიარდ ლარზე მეტი ფული ეკონომიკაში ყოველ წელს. დღეს ამ ფულის ამოღება ხდება ბიუროკრატიის მიერ და ხდება საბაზო კონკურენციის დარღვევით მისი ხარჯვა, რაც იწვევს ზიანს, ან პირდაპირ პოლიტიკური შერჩევითი ნიშნით, მათივე შერჩეულ პოლიტიკურ ბიუროკრატიაზე ამის ხარჯვა, რაც სწორედ იმ მამოძრავებელ ძალას რაც არის თავისუფალი ბაზარი და ჩვენი მოქალაქეების ინიციატივა აფერხებს პირდაპირ. იგივე შეიძლება ითქვას რეგულაციებზე, რაც აწუხებს მოქალაქეთა მნიშვნელოვან ნაწილს, ვგულისხმობ საბანკო რეგულაციებს.

გადასახადების დაწევით მათ შორის ბანკების მიერ პროცენტის დაწევაც შესაძლებელი იქნება, რომ ამ გაჭირვების დროს ეკონომიკა მთლიანად არ ჩამოინგრეს. შესაბამისად ბიუროკრატიის შემცირება და დერეგულირება, მათ შორის საბანკო სექტორშიც მნიშვნელოვანია შეიცვალოს სრულიად მავნებლური რეგულაციები, რომლებმაც მოსახლეობას სესხების აღება შეუზღუდა, რათა მოქალაქეებს მათ უკეთესი შანსი ჰქონოდათ რომ ხელი გაემართათ და მეწარმეობა დაეწყოთ.

- თქვენი მთავარი გზავნილია ყველა მიმართულებით გადასახადების შემცირება. ამასთანავე, სოციალური მიმართულებითაც მნიშვნელოვან დაპირებას გასცემთ. როგორ მუშაობს ეს მექანიზმი თქვენთვის? მარტივად რომ ვთქვათ ბიუჯეტში იმდენი თანხა აღარ შევა, ხოლო მეორეს მხრივ კი გაზრდით გადასახდელებს, რაზეც ამ პროგრამის სახით იღებთ ვალდებულებას.

- სრულიად ლოგიკური კითხვაა. ეს საკითხი ორი ნაწილისგან შედგება. დღევანდელი მდგომარეობით რა ხარჯებიც გვაქვს იმ მავნებლური ან ზოგიერთ შემტხვევაში საზიანო ხარჯების შემცირებით, რაც არის დაახლოებით 2.5 მილიარდამდე ლარი. ეს თანხა მოიცავს არასაჭირო ბიუროკრატიულ ხარჯებს, ისეთ პროექტებს, როგორიცაა არაერთი პროექტი, “სტარტაპ საქართველო”, “აწარმოე საქართველოში”, ასევე ყველა სამინისტროს მიმდინარე ხარჯები. ჩვენ დავითვალეთ და სადღაც 2.5 მილიარდ ლარამდე მივდივართ, რისი ჩამოჭრაც დღესვე არის შესაძლებელი. თუმცა, ეს არ არის საკმარისი და საჭირო გახდება ამ კრიზისის დროს 1 მილიარდი დოლარის მოზიდვა და სამწუხაროდ დეფიციტის მაჩვენებელი გაიზრდება, თუმცა ეს მოუწია ყველა ქვეყანას. $1-მილიარდიანი გარე დახმარება 2.5 მილიარდამდე ლარის შიდა მობილიზება და შემცირება დღევანდელი ხარჯების, ამ ორივე ამოცანას ფარავს, რაც გადასახადების შემცირებასა და სოციალური პაკეტებისა და პენსიის გაორმაგებას ფარავს. ამის შემდეგ ჩვენი პროგრამის კიდევ ერთი კომპონენტის მეშვეობით, რაც გულისხმობს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების, მიწების, წამგებიანი საწარმოების მთლიანად კერძო ხელში დაბრუნებას. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჩვენ გვაქვს მყარი პროგნოზი, რომ ეკონომიკური ზრდის დაბრუნების შესაძლებლობა გვექნება შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში. სწორედ ამაზე გათვლით გვაქვს გაკეთებული პროგნოზი ზრდის და სამუშაო ადგილების შექმნის შესახებ, რამაც 100,000-მდე სამუშაო ადგილის შექმნა უნდა შეძლოს. მაგრამ იმისთვის, რათა ჰაერზე არ ითქვას ეს ყველეფარი, ჩვენ გეგმაში მკაფიოდ წერია, რომ ჩვენ გვჭირდება სადღაც 2.5-მილიარდიანი შემცირება დღევანდელი ბიუროკრატიული ხარჯების და ამაზე დამატებით გვჭირდება $1 მილიარდი დოლარის საგარეო დახმარების მოზიდვა.

Forbes Talks - გიგა ბოკერია:



საგადასახადო მიმართულებით "ევროპული საქართველოს" პროგრამა ასეთია:

● საშემოსავალო გადასახადი 20%-დან შემცირდება 10%-მდე;
● მოგების გადასახადი 15%-დან შემცირდება 10%-მდე;
● დამატებული ღირებულების გადასახადი 18%-დან შემცირდება 16%-მდე.

ამასთან, მცირე მეწარმეებისთვის დღგ-ის გადახდის ქვედა ზღვარი არსებული წლიური 100,000-ის ბრუნვიდან 200,000 ლარამდე გაიზრდება.

საწვავის აქციზის მოსაკრებელი კი, პარტიის დაპირებით, ¼-ით უნდა შემცირდეს.