მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ გეგმავს სახელმწიფო არაფორმალური დასაქმების სფეროს რეგულირებას?

627d030da43bf
მარიამ ვარადაშვილი
12.05.22 20:48
1463
ოჯახებში არაფორმალურად დასაქმების სფერო დარეგულირების რეკომენდაცია თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ გასცა, რომელმაც არაფორმალურ ეკონომიკაში ქალთა უფლებების შესახებ თემატური კვლევა ჩაატარა.

კვლევიდან ირკვევა, რომ ოჯახებში არაფორმალურად დასაქმებულ ქალთა უმრავლესობა უფლებრივი მდგომარეობის კუთხით სახელმწიფოს კონტროლის მიღმაა. არასათანადო საკანონმდებლო ჩარჩოს გამო კი, საკუთარი უფლებების დაცვის მექანიზმები არ გააჩნიათ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ხატია წილოსანი, რომელიც მოკვლევის ჯგუფს ხელმძღვანელობდა, ამბობს, რომ პანდემიის პერიოდში შრომითი უფლებების მხრივ არსებული მდგომარეობა შეისწავლეს.

“ხშირ შემთხვევაში დამსაქმებელი ოჯახში დასაქმებულს ავალდებულებდა საკუთარი ხარჯებით ჩაეტარებინა კოვიდზე ტესტი. პანდემიის პერიოდში გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო ადამიანები ვერ ახერხებდნენ ფიზიკურად სამსახურში გამოცხადებას, ხოლო დამსაქმებელი არანაირ პასუხისმგებლობას არ იღებდა. ხშირად დამსაქმებელი სამსახურს იმის გამო კარგავდა, რომ შორს ცხოვრობდა და სამსახურში ვერ მიდიოდა. რომელ მხარეს რა პასუხისმგებლობა ეკისრებოდა სრულიად მოუწესრიგებელი იყო. ხშირ შემთხვევაში ოჯახში დასაქმებულს არ ჰქონდა ინფორმაცია დამსაქმებელს მათ მიმართ რა მოთხოვნები ჰქონდათ”,-აცხადებს წილოსანი.

მისივე თქმით, იმის გამო რომ დასაქმებულებსა და დამსაქმებელს შორის არანაირი ხელშეკრულება დოკუმენტის სახით არ არსებობს, სახელმწიფოს მათი შრომითი უფლებების დაცვის მექანიზმები არ გააჩნია.

წილოსანი ასევე ამბობს, რომ თემატური მოკვლევის პერიოდში დასაქმებულებთან ერთად დამსაქმებლების საჭიროებებიც შეისწავლეს. შედეგად დასაქმებულთა მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევებიც გამოიკვეთა.

პარლამენტის წევრი ამბობს, რომ სახელმწიფოს უმთავრესი მიზანი არაფორმალურად დასაქმებულების უფლებების დაცვა უნდა იყოს, ხოლო საშემოსავლო გადასახადით მათი დაბეგვრის საკითხზე, რაც დასაქმების ფორმალიზებას მოჰყვება, მთავრობამ შემდეგ უნდა იმსჯელოს.

“საგადასახადო კოდექსში საგამონაკლისო ჩანაწერებიც არსებობს. აქედან გამომდინარე, ეს ცალსახად არ ნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანების დაბეგვრა აუცილებლად უნდა მოხდეს. რეკომენდაციაა გაცემული რომ სახელმწიფო სტრუქტურებმა შეისწავლონ რა წილს კარგავს ბიუჯეტი არაფორმალურად დასაქმებული ადამიანებისგან. და ამის გათვალისწინებით მოხდეს საგადასახადო კოდექსში შესაბამისი ცვლილებები, თუ ამის საჭიროება დადგება. ეს რეკომენდაცია არ ითვალისწინებს იმას, რომ დაბეგვრა აუცილებლად უნდა მოხდეს. იცით რომ მთავრობამ პანდემიის პერიოდში გამონაკლისი დაუშვა იმ ადამიანებისთვის, რომელთაც 1500 ლარამდე ხელფასი ჰქონდათ. შესწავლის შედეგად მიიღება გადაწყვეტილება, რა მიდგომა იქნება გამოყენებული. თუ ამ ადამიანების შრომა იმგვარად არ ანაზღაურდება, რომ საარსებო მინიმუმისთვის საჭირო ხარჯებს გასცდეს, საგადასახადო უწყება მიიღებს გადაწყვეტილებას როგორ იქნება მათთვის უკეთესი”,-აცხადებს წილოსანი.

ცნობისთვის, თემატური მოკვლევის საფუძველზე საბჭომ შემდეგი რეკომენდაციები გასცა:

1. არაფორმალური სექტორის ჩამოყალიბების ფაქტორების და მიზეზების ყოველწლიური ანალიზი.

2. პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავება არაფორმალურ სექტორში დასაქმებული პირების ფორმალური დასაქმების სფეროში ტრანსფორმირების მიზნით. ILO-ს 189-ე კონვენციის რატიფიკაციისთვის მომზადება.

3. პროფესიული ორგანიზაციების ჩამოყალიბება ან/და არსებული ორგანიზაციების გაძლიერება, ასევე კოლექტიური შეთანხმებების გაფორმების ხელშეწყობა, რომელთა მეშვეობით მოხდება ოჯახში დასაქმებულთა უფლებების ეფექტიანი დაცვა, კონსულტირება, მათი გაძლიერება, ცნობიერების ამაღლება. ამისთვის საჭიროა ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიები როგორც დასაქმებულთათვის, ასევე დამსაქმებლებისათვის. უფასო იურიდიული სერვისების შექმნა.

4. ოჯახში დასაქმებულთა ინფორმირება ხელშეკრულების პირობების შესახებ.

5. ოჯახში დასაქმებული პირებისთვის, მათ შორის მიგრანტებისთვის საგანმანათლებლო ტრენინგებისა და სწავლების დანერგვის ხელშეწყობა.

6. საგადასახადო შეღავათებისა და საჭიროებებზე მორგებული რეგულირების შემუშავება.

7. ოჯახში დასაქმებულთა სქესისა და ასაკის მიხედვით დეტალიზებული სტატისტიკური მონაცემების აღრიცხვა.

8. ოჯახში დასაქმებულის დეფინიციის შემოღება შრომის კოდექსში და შრომის კოდექსის მოქმედების ფარგლების განსაზღვრა.

9. ოჯახში დასაქმებულთა შრომითი უფლებების საკანონმდებლო რეგულირება და სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევა.

10. ოჯახში დასაქმებულთა ჩართვა დაგროვებით საპენსიო სქემაში.

11. ოჯახში დასაქმებულთათვის დეკრეტული შვებულების, მშობლის შვებულების უფლების გავრცელება ოჯახში დასაქმებულებზე. ოჯახში დასაქმებულთა მიმართ ნებისმიერი დისკრიმინაციის პრევენცია ან/და აღმოფხვრა.

12. ოჯახში დასაქმებულთათვის ეფექტიანი დაცვის მექანიზმები შექმნა. სამედიცინო შემოწმებისა თუ სხვა საბაზისო სერვისებისადმი წვდომა ოჯახში დასაქმების სპეციფიკის გათვალისწინებით, ოჯახში დასაქმებულთა ინფორმირება.

13. ოჯახში დასაქმებულის დამსაქმებელ ოჯახში ცხოვრების შემთხვევაში შესაბამისი პირობების საკანონმდებლო რეგულირება.

14. ოჯახში დასაქმებულთა უფლებების დაცვის აღსრულების მექანიზმების შემუშავება. ინსპექტორის როლის განსაზღვრა ოჯახში დასაქმებულთა უფლებების ზედამხედველობის მიზნით.

15. მიზანშეწონილია განხორციელდეს ოჯახში დასაქმებულ პირთა ძალადობის შემთხვევაში მათი რეაბილიტაციის მიზნით პროგრამების შემუშავება.

16. მიზანშეწონილია განხორციელდეს დასაქმების სააგენტოების მონიტორინგი, კერძო ორგანიზაციებისა და დასაქმების სააგენტოების მიერ საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის მიზნით.