მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ გრძნობენ თავს Covid-ინფიცირებული და იზოლაციაში მყოფი მთავრობის წევრები?

5fa124120c899
ვიქტორია მღებრიშვილი
03.11.20 13:40
1292
საქართველოს ვიცე-პრემიერის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მთავრობის მეთაურისა და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„პრემიერი გიორგი გახარია კარგად გრძნობს თავს. დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომა მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა, შესაბამისად, ის სახლიდან აგრძელებს მუშაობას.

ეკონომიკის მინისტრი - ნათია თურნავა და განათლების მინისტრი - მიხეილ ჩხენკელი თვითიზოლაციაში არიან. მათ არ აქვთ დღეისთვის კორონავირუსი დადასტურებული, შესაბამისად, ისინი კარგად გრძნობენ თავს. როგორც ვიცი ნათია თურნავა და მიხეილ ჩხენკელი ტესტის პასუხებს ელოდებიან. ეს არიან მთავრობის წევრები, რომლებიც გადასულები არიან თვითიზოლაციაში.

იცით, რომ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელსაც დაუდასტურდა კორონავირუსი და ის სახლის პირობებში აგრძელებს მკურნალობასა და მუშაობას“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა და დასძინა, რომ სამუშაო პროცესში ყველა ძალიან აქტიურადაა ჩართული.

კითხვაზე - ცნობილია თუ არა ინფიცირებული პრემიერისა და მთავრობის სხვა წევრების კონტაქტები, ვიცე-პრემიერმა უპასუხა:

„გიორგი გახარიას შემთხვევაში ცნობილია, რომ შაბათი მან გაატარა თავისი პირადი დაცვის წევრთან ერთად, რომელსაც შაბათსვე დაუდასტურდა კორონავირუსი. გუშინ რადგან გაუჩნდა გარკვეული სიმპტომები, გაუკეთდა ტესტირება და დაუდგინდა ვირუსი.

ნათია მეზვრიშვილის კონტაქტი ასევე დაცვის წევრია, ხოლო ნათია თურნავას, რომელსაც ჯერ არ დადასტურებია ვირუსი, აქვს ეჭვი, რომ მას ჰქონდა კონტაქტი ინფიცირებულის კონტაქტთან, რომელიც არ არის დაკავშირებული პრემიერთან ან ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან. მიხეილ ჩხენკელის კონტაქტი კი მისი ოჯახის წევრია“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერმა განმარტა, რომ გიორგი გახარიას ბიძინა ივანიშვილთან შაბათს, მას შემდეგ რაც დაცვის წევრს გამოუვლინდა კორონავირუსი, კონტაქტი არ ჰქონია.