მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ მიდის საგარეო ვალის ჩამორიცხვა და რამდენი მლრდ გადავა 2021 წლის ბიუჯეტში

5f532fe9647ed
თელარა გელანტია
05.09.20 19:00
1811
წელს საქართველოს მთავრობა რეკორდული მოცულობის - 7 მილიარდი ლარის საგარეო ვალის აღებას გეგმავს; შედეგად, ვალის ნიშნული მშპ-თან მიმართებით  54.4%-ს მიაღწევს. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის თანახმად, იანვარ-ივლისში ამ საგარეო ვალიდან 2.64 მილიარდი ლარი ქვეყანაში უკვე ჩამოირიცხა.

Bm.ge-ისთან ინტერვიუში ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე აცხადებს, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან მისაღები ვალის ჩამორიცხვა რატიფიცირებული ხელშეკრულებების შესაბამისად მიმდინარეობს.

"ხელშეკრულებების 80% ხელმოწერილია, საუბარია, დაახლოებით, მილიარდ 200 მლნ დოლარზე. 2 მლრდ ლარზე მეტი უკვე ჩამორიცხულია. ნაწილი კი, სექტემბერში ჩამოირიცხება“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ და დასძინა, რომ თანხების ჩამორიცხვას არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

Bm.ge-ის კითხვაზე - ბიუჯეტში ვალის სახით მისაღები 7 მილიარდი ლარიდან რამდენი დაიხარჯება წელს, რადგან წლის პირველ ნახევარში ფინანსთა მინისტრი აკეთებდა განცხადებებს იმის თაობაზე, რომ ფინანსური რესურსის ნაწილს, რომელსაც მოიზიდავდნენ, სავარაუდოდ, წელს სრულად არ აითვისებდნენ, გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, რომ შემდეგი წლის ბიუჯეტში დაახლოებით, 2 მლრდ ლარი გადავა.

„ამ თანხების მოზიდვა საჭირო გახდა დაზღვევისთვის, რომ თუ უარესი ეკონომიკური ან ეპიდემიოლოგიური ვითარება იქნებოდა, მზად ვყოფილიყავით და დამატებით მოლაპარაკებები არ დაგვჭირვებოდა. ვიმედოვნებთ და სურათიც აჩვენებს, რომ არც ეკონომიკური და არც ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მნიშვნელოვნად არ უნდა გართულდეს. შესაბამისად, რაც ბიუჯეტშია გათვალისწინებული ხარჯვითი ნაწილი, მისთვის თანხა სრულად გვაქვს და დანარჩენს კი, როგორც წინასწარ განვასაზღვრეთ, დეპოზიტზე განვათავსებთ, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო წლისთვის ნაკლებ ვალს ავიღებთ. მოკლედ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მინიმუმ 2 მლრდ ლარის ბუფერი გვექნება 2021 წლისთვის, რაც საკმარისი იქნება იმისთვის, რომ მომდევნო წელს სრულად რომ არ აღდგეს ეკონომიკა, დამატებითი სესხები ბიუჯეტისთვის არ დაგვჭირდეს, რათა აუცილებელი ხარჯები უზრუნველვყოთ“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

როგორ შეცვლის $2.3 მილიარდის ახალი საგარეო ვალის აღება საქართველოს ვალის სტრუქტურას?