26.ნოემბერი .2019 19:00

როგორ მიმდინარეობს ავიასანქციების შემდეგ სასტუმროების დასახმარებლად შექმნილი პროგრამა

views 456
უკან

საქართველოს მთავრობამ ე.წ. პუტინის ავიასანქციების შემდეგ ტურიზმის სექტორის დასახმარებლად, მცირე სასტუმროების საბანკო სესხების პროცენტის თანადაფინანსების შესახებ ჯერ კიდევ ივლისში განაცხადა.

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მაშინ აცხადებდა, რომ რუსეთის მიერ ამოქმედებული სანქციების შედეგად ყველაზე მეტად ტურიზმის ინდუსტრია დაზარალდა და სპეციალური პროგრამა - „თანადაფინანსების მექანიზმი მცირე და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისთვის“ სწორედ ამ მიზნით შეიქმნა. პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების შეტანა სექტემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით იყო შესაძლებელი.  პროგრამის განმახორციელებელი ეკონომიკის სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში“ იყო.

Bm.ge-ის მიერ „აწარმოე საქართველოდან“ გამოთხოვილი სტატისტიკური ინფორმაციიდან ირკვევა, რომ აღნიშნული პროგრამით სარგებლობის მიზნით, სულ კომერციულ ბანკებში, 15 ნოემბრის მდგომარეობით, 166 განაცხადი შევიდა (ეს არ არის საბოლოო მონაცემი), საიდანაც 82 განაცხადი განიხილეს.

"აღნიშნული პროგრამით სარგებლობის მიზნით, სულ კომერციულ ბანკებში, 15 ნოემბრის მდგომარეობით, 166 განაცხადი შევიდა (ეს არ არის საბოლოო მონაცემი), საიდანაც 82 განაცხადი განიხილეს.

„დაფინანსება ხორციელდება რამდენიმე ეტაპად და მოცემულ ეტაპზე 82 განაცხადიდან დაფინანსებულია 21 სასტუმროს განაცხადი. ამ კვირაში განხორციელდება განხილული განაცხადების თანადაფინანსება.

დანარჩენი 84 განაცხადი კი, განხილვის ეტაპზეა და საბოლოო სტატისტიკა დეკემბრის დასაწყისში გახდება ცნობილი.

ამასთანავე, 166 განაცხადი არ არის საბოლოო რაოდენობა, დანარჩენი ნაწილი კომერციული ბანკების მხრიდან სააგენტოს ეტაპობრივად მიეწოდება", - განმარტავენ "აწარმოე საქართველოში".

სააგენტოში, ჯერჯერობით, არ აქვთ დამუშავებული სტატისტიკური ინფორმაცია, თუ რომელი რეგიონებიდან შევიდა ყველაზე მეტი განაცხადი.

რაც შეეხება ფინანსურ ნაწილს, "აწარმოე საქართველოშის" ინფორმაციით, ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების პროცენტის თანადაფინანსებამ 38,707 ლარი შეადგინა, დოლარში გაცემული სესხების შემთხვევაში დაფინანსება 7,283 აშშ დოლარია, ხოლო ევროში 1,060 ევრო. 

შეგახსენებთ, რომ თანადაფინანსების მექანიზმით სარგებლობა შეეძლებათ იმ მეწარმეებს, რომლებსაც სასტუმროს მშენებლობის/გაფართოების/აღჭურვის/რემონტის/რეკონსტრუქციის მიზნით სესხი აქვთ აღებული 2019 წლის 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში და სასტუმრო მოიცავს 4-დან 20-მდე ნომრებს. თანადაფინანსების მექანიზმის ფარგლებში სესხის მაქსიმალური მოცულობა შეადგენს: 300 000 (სამასი ათასი) ლარს ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხის შემთხვევაში, 100 000 (ასი ათასი) აშშ დოლარს - აშშ დოლარში გაცემული სესხის შემთხვევაში და 80 000 (ოთხმოცი ათასი) ევროს - ევროში გაცემული სესხის შემთხვევაში.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამა არის ერთჯერადი ხასიათის და ვრცელდება მთელი საქართველოს მასშტაბით.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა