მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ მოემზადა და რა გააკეთა მთის კურორტების კომპანიამ ზამთრის სეზონისთვის?

5fb4ebefe88fc
ვიქტორია მღებრიშვილი
18.11.20 14:30
1196
მთის კურორტების განვითარების კომპანიამ 2020-2021 წლის სათხილამურო სეზონზე საბაგიროების მომსახურების ტარიფები ერთი კვირის წინ გამოაქვეყნა. მაშინ BM.GE-ის მთის კურორტების განვითარების კომპანიაში განუცხადეს, რომ სეზონის გახსნის თარიღი წელს არამხოლოდ ამინდსა და თოვლზე, არამედ ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზეცაა დამოკიდებული. კომპანიაში იმედოვნებენ, რომ მიმდინარე წელს საქართველოს მაღალმთიან კურორტებს არამხოლოდ ადგილობრივი, არამედ უცხოელი ტურისტებიც ესტუმრებიან.

აქედან გამომდინარე, BM.GE დაინტერესდა - რა გაკეთდა წლის განმავლობაში ზამთრის კურორტებზე და როგორ ხვდება სეზონს ბაკურიანის, გუდაურის, მესტიისა და გოდერძის კურორტები და ამ კითხვებით მთის კურორტების განვითარების კომპანიას მიმართა. ამბობენ, რომ მთის კურორტებზე მოსამზადებელი სამუშაოები წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, მათგან ერთი სრულად დასრულდა, მეორე კი ეტაპობრივად ხორციელდება.

„საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ დაკვეთით, ავსტრიულ-შვეიცარულმა კომპანია „დოპლმაიერ-გარავენტა ჯგუფმა“ ბაკურიანში 3 ახალი საბაგიროს მშენებლობა დაასრულა, რომლის ღირებულება 17 მლნ ევროა. საბაგიროები 6-ადგილიანი სავარძლის ტიპისაა. სამივე საბაგიროს გამტარუნარიანობა ჯამში, პირველ ეტაპზე საათში 5 400 მგზავრი იქნება, რომლის გაზრდაც ჯამურად 7 200 მგზავრამდეა შესაძლებელი. საბაგიროები არის ინოვაციური, უახლესი მოდელი მთელს რეგიონში, მიწისქვეშა ფარეხებით. საბაგიროების მშენებლობა პანდემიის მიუხედავად რეკორდულ დროში დასრულდა“, - განაცხადეს მთის კურორტების მართვის კომპანიაში და განმარტეს, რომ საბაგიროების მშენებლობა 2019 წელს დაიწყო და წელს ოქტომბერში დასრულდა.

მათივე ინფორმაციით, მთის კურორტების განვითარების კომპანიის დაკვეთით მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება გუდაურშიც.

„ეს არის კობი-გუდაურის სათხილამურო არეალის აღჭურვა საზვავე უსაფრთხოების სისტემებით, რომელიც უზრუნველჰყოფს, როგორც უსაფრთხო სრიალს, ასევე, გაახანგრძლივებს სასრიალო დღეების რაოდენობას. პროექტს „მაუნთინ რეზორტს სოლუშანსი“ ახორციელებს ევროპელ პარტნიორებთან TAS by MND, Stem და Wucher Helicopter-თან ერთად. პროექტის ღირებულება 21 მლნ ლარია.

ერთწლიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად საქართველოში დაინერგა მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო და აპრობირებული მეთოდები ზვავების ეფექტური მართვის, როგორიცაა GAZEX, DaisyBell და Secubex. პირველად ამიერკავკასიაში შესაძლებელია ზვავების ხელოვნურად გამოწვევა და მათი მართვა ყველაზე თანამედროვე და უსაფრთხო სისტემებით. 2020-2021 და 2021-2022 წლის ზამთრის სეზონზე კობი-გუდაურის სასრიალო არეალზე ზვავ-საწინააღმდეგო სისტემების მართვასა და ზვავების რისკის მონიტორინგს განახორციელებს კომპანია „მაუნთინ რეზორტს სოლუშანსი“ ევროპელ პარტნიორებთან ერთად, PIDA-თი გაწერილი და დამტკიცებული სამოქმედო გეგმის მიხედვით, ხოლო 2022 წლის შემდგომ ზვავსაწინააღმდეგო სისტემების მართვას გადმოიბარებს მთის კურორტების განვითარების კომპანია“, - განმარტავენ კომპანიაში.

აღსანიშნავია, რომ წინა სეზონზე გუდაურსა და ბაკურიანში სასმელი წყლის პრობლემებთან ერთად, პრობლემას წარმოადგენდა ისიც, რომ გუდაურში გათოვლიანების სისტემა არ მუშაობდა, რადგან ხელოვნური ტბის წყლით შევსება ვერ მოხერხდა. აღნიშნული საკითხის მოგვარებაზე კი პასუხისმგებელი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია იყო. მათი მტკიცებით, როგორც წყალმომარაგების, ასევე გათოვლიანების საკითხი 2020-2021 წლის სეზონისთვის აღმოფხვრილია.

"გუდაურში აქტიურად მიმდინარეობს ხელოვნური რეზერვუარის წყლით შევსება. ეს არის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურა, რომელიც უზრუნველჰყოფს ხელოვნური გათოვლიანების სისტემის სრულყფილად მუშაობას. ხელოვნური რეზერვუარის მოცულობა 96 000 ტონაა. ვიმედოვნებთ, რომ ნალექის სიმცირის გამო დამსვენებლებს დისკომფორტი აღარ შეექმნებათ“, - ამბობენ მთის კურორტების განვითარების კომპანიაში.