მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ მოქმედებს მიმდინარე პროცესები ბიზნესზე? – “ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს" მოსაზრება

5fa99a6b61d67
თამთა ჯიჯავაძე
10.11.20 00:30
1081
ხუთმა ბიზნეს ასოციაციამ სამ ივნისს შესთავაზა მთავრობას მეორე ტალღის შემთხვევაში სამოქმედო გეგმის შემუშავება, რაზეც კონსულტაციები ფაქტობრივად არ დაწყებულა, – ამის შესახებ “ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს" აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კაჭარავამ გადაცემა „საქმის კურსში“ განაცხადა.

მისივე თქმით, არანაირი წინასწარი კონსულტაციები ზარალის მინიმიზაციის კუთხით ბიზნესთან არ ყოფილა.

„7 ნოემბერს მთავრობამ გამოაცხადა მორიგი წერტილოვანი შეზღუდვა, რაც პრაქტიკულად ძალაში შევიდა დღენახევარში... ჩვენი იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ეტაპების მიხედვით წინასწარ ჩამოყალიბებულიყო და განსაზღვრულიყო ის გეგმა, რომლითაც მთავრობას ბიზნესთან ექნებოდა კომუნიკაცია“, – განაცხადა გიორგი კაჭარავამ.

მან ასევე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ბიზნესზე გავლენის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია ევროკავშირის და აშშ-ის ჩართულობით, ეს პროცესები სასწრაფოდ გადავიდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან.

„ეს მეტ პროგნოზირებადობას და სტაბილურობას მისცემს გარემოს და ვფიქრობთ, რომ ეს არის ის პროცესები, რომლებიც უახლოეს დღეებში უნდა დაიწყოს. არაერთი ზეწოლა აქვს ბიზნესს კოვიდის კუთხით, ლარის გაცვლითი კურსის კუთხით და კიდევ დამატებითი პოლიტიკური ზეწოლა, ნამდვილად არ უწყობს ხელს ბიზნესის განვითარებას. ეს ფონი თუ მოიხსნება, მეტი შანსი ექნება ბიზნესს რომ სწრაფად განვითარდეს“, – განაცხადა “ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს" აღმასრულებელმა დირექტორმა.