23.აგვისტო .2019 16:50

როგორ მოხვდა კიდევ ერთი ქართველი Amazon-ში - გიორგი ცერცვაძის ისტორია

views 578
უკან

სექტემბრიდან კომპანია Amazon-ში კიდევ ერთი ქართველი, "თავისუფალი უნივერსიტეტის" მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების სკოლის კურსდამთავრებული გიორგი ცერცვაძე იმუშავებს. როგორც გიორგი BM.GE-ს უყვება, ის Software Development Engineer-ის პოზიციას დაიკავებს და სხვადასხვა ალგორითმებზე მოუწევს მუშაობა.

"დეტალებში შესვლის უფლება არ მაქვს, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ Amazon-ში გარკვეულ ალგორითმებზე მომიწევს მუშაობა. რაც შეეხება განვითარებას, უკვე ლუქსემბურგიდან სხვა განყოფილებაში, ან თუნდაც ამერიკის ოფისში გადასვლა პრობლემას არ წარმოადგენს, ყველაფერი ჩემზე იქნება დამოკიდებული. ამჟამად Amazon-ის ევროპის ცენტრალურ ოფისში დავიწყებ სექტემბერში მუშაობას", - აღნიშნა მან

მისივე თქმით, შერჩევის პროცესი დაახლოებით, 1 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და რამდენიმე ეტაპად იყო დაყოფილი.

"თავად Amazon-ს აქვს ონლაინ პლატფორმა jobs.amazon.com, სადაც თავდაპირველად ჩემი რეზიუმე (CV) გავგზავნე. შემდეგ მომცეს გარკვეული ალგორითმული დავალება, რომლის ამოხსნის და გაგზავნის შემდეგაც დამიკავშირდნენ და უკვე Online-ში, Amazon-ში მომუშავე პროგრამისტის მეთვალყურეობის ქვეშ გავაკეთე სხვადასხვა დავალება. შემდეგ ჩავედი ლუქსემბურგში და სამი ინტერვიუს გავლის შედეგად მივიღე შემოთავაზება. პროცესმა ჯამში დაახლოებით თვენახევარი წაიღო", - ამბობს ცერცვაძე

კითხვაზე, თუ რა იყო კომპანიისთვის ყველაზე პრიორიტეტული და რას მიაქციეს ყურადღება, გიორგის განმარტებით, მისგან ძირითადად თეორიული საკითხების საფუძვლიანად ცოდნა აინტერესებდათ. 

"გამომდინარე იქიდან, რომ პირდაპირ უნივერსიტეტიდან წავედი, პრაქტიკული ცოდნა ნაკლებად მომეთხოვებოდა. ძირითადად უნდა მცოდნოდა ალგორითმები და მონაცემთა სტრუქტურების საფუძვლიანად. უნდა ჩამომეყალიბებინა ვერბალურად სწორად და მარტივად ის ტექნიკური პროცესები, რასაც გავაკეთებდი, როგორ მივედი ამა თუ იმ პასუხამდე, რა გზა გამოვიყენე ამისთვის და ა.შ. დიდად არ მჯეროდა, რომ მართლა დავიწყებდი მუშაობას, თუმცა გარკვეული იმედი ცხადია, მქონდა. თავად Amazon-ს რაც შეეხება, Google-თან, Facebook-თან და Microsoft-თან ერთად ის ტოპ–4 Software კომპანიაში შედის და ამ ოთხიდან რომელიმეში მოხვედრა ყოველთვის ჩემი ოცნება იყო.  საბოლოოდ მსურს, რომ მენეჯმენტში დავიმკვიდრო ადგილი და მხოლოდ პროგრამული ნაწილით არ შემოვიფარგლო", - ამბობს ცერცვაძე.

შეგახსენებთ, რომ Amazon, Apple-ის შემდეგ პირველი კომპანია გახდა, რომლის ღირებულებამაც საფონდო ბირჟაზე $1 ტრილიონს გადააჭარბა. რაც შეეხება მის შემოსავლებს, CNNMoney-ს მიხედვით, გასულ წელს ეს რიცხვი $232.9 მილიარდი დოლარი იყო. Amazon-ს მსოფლიოს მასშტაბით, 647,500 თანამშრომელი ჰყავს, მისი დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის ქონება კი Forbes-ის მიხედვით, 112.4 მილიარდ დოლარს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა