მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ მუშაობს კარანტინი? - Google-ის ანგარიში საქართველოში გადაადგილების ვარდნას აჩვენებს

5e903e62037a6
შოთა ტყეშელაშვილი
10.04.20 14:51
1581
Google-მა დაიწყო რეგულარული ანგარიშების მომზადება იმის შესახებ, თუ როგორ შეცვალა COVID-19-ის წინააღმდეგ დაწესებულმა კარანტინმა გლობალურად მილიონობით ადამიანის ყოველდღიური ქცევა. ამისთვის კი ორგანიზაცია მოქალაქეთა ადგილსამყოფელის შესახებ ფაქტობრივ ინფორმაციას იყენებს.

თქვენი სმარტფონის GPS-ის სერვისი იმის გარდა, რომ რუკაზე სასურველი ადგილის მოძიებაში გეხმარებათ, ამავდროულად ისეთი ტექნოლოგიური კომპანიებისთვის, როგორიც არის Google-ი, შესაძლებლობას ქმნის დააკვირდეს მთელი საზოგადოებების ყოველდღიურ სატრანსპორტო მარშრუტებს. ამას Big Data ანალიზი ეწოდება და მის სამიზნეს არა კონკრეტული ადამიანის გადაადგილებაზე დაკვირვება, არამედ მთლიანად საზოგადოების დონეზე მოქალაქეთა მობილობის ცვალებადობისთვის თვალყურის მიდევნება წარმოადგენს.

სწორედ ამ მონაცემებზე დაყრდნობით, Google-მა საქართველოსთვის გამოაქვეყნა ანგარიში იმის შესახებ, თუ როგორ შეიცვალა ადამიანთა ქცევა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის ფონზე. ანგარიშის ბოლო დაკვირვების თარიღი 5 აპრილი იყო. 

ანგარიშის შედეგები:

ანგარიში აჩვენებს, რომ ისეთ თავშეყრის ადგილებში, როგორიცაა სავაჭრო ცენტრები, მომხმარებელთა რაოდენობა 68%-ით არის შემცირებული, სამსახურებსა და ოფისებში კი ადამიანთა რაოდენობამ 43%-ით იკლო.

გართობა/დასვენება და ვაჭრობა - კლება 68% (ამ ჯგუფში შედის რესტორნები, კაფეები, სავაჭრო ცენტრები, მუზეუმები, ბიბლიოთეკები და კინოთეატრები)


სურსათის მაღაზიები და აფთიაქები - კლება 36% (ამ ჯგუფში შედის ბაზრობები, სურსათის მაღაზიები, სუპერმარკეტები და აფთიაქები)


პარკები - კლება 23% (ამ ჯგუფში შედის მუნიციპალური პარკები, ეროვნული ნაკრძალები და სხვა სივრცეები)



სატრანზიტო ჰაბები - კლება 56% (ამ ჯგუფში შედის ტაქსები, მეტრო, ავტობუსები, მატარებლის სადგურები)


სამსახურები/ოფისები - სამსახურებში 43%-ით არის ადამიანთა ნაკადი შემცირებული



საცხოვრებელი სახლები - ზრდა 14%