მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შეცვლის Covid-ვაქცინა მოგზაურობას?

5fda47fd3cae3
მარიამ ადამია
17.12.20 00:20
1965
მას შემდეგ რაც გავრცელდა ინფორმაცია COVID-19-ის ვაქცინის წარმატებული გამოცდების შესახებ, კორონავირუსის პანდემიით დაპაუზებულმა სამყარომ, გვირაბის ბოლოს სინათლე დაინახა და გაჩნდა იმედი, რომ პანდემია მომდევნო წელს უკვე დასრულდება.

დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მა უკვე დაიწყეს Pfizer-ის ვაქცინით სამედიცინო პერსონალისა და მოხუცების ვაქცინაცია. მართალია დრო სჭირდება იმას, რომ ვაქცინამ ახალგაზრდებამდეც მიაღწიოს და მსოფლიოში მასობრივად ხელმისაწვდომი გახდეს, თუმცა მიუხედავად ამისა, ადამიანებმა დაიწყეს მოგზაურობის დაგეგმვა და შვებულებისთვის სასურველი და მონატრებული მიმართულებების შერჩევა. ამას ადასტურებს გერმანული ავიაკომპანია Lufthansa, რომელიც აცხადებს, რომ 2021 წლის ზაფხულისთვის ჯავშნების რაოდენობა გაზრდილია. ავიაკომპანიის აღმასრულებელი ხელმძღვანელის კარსტენ სპორის თქმით, ის ელოდება, რომ დატვირთულობა 2019 წლის დონეს მომავალ წელს ნაწილობრივ დაუბრუნდება.

ამგვარად ჩნდება კითხვა, თუ როგორ შეცვლის Covid-19-ის ვაქცინა ტურისტულ ინდუსტრიას უახლოეს მომავალში? დასმულ კითხვაზე, პასუხი სექტორის სხვადასხვა რგოლმა თავისებურად გასცა. არის წინასწარი ჩამონათვალიც. მაგალითად ასე:

ავიაკომპანიებმა შესაძლოა ბორტზე არ დაუშვან მგზავრი Covid-ვაქცინის გარეშე. ვაქცინების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე, Qantas-მა განაცხადა, რომ სავარაუდოდ, მგზავრებს უნდა ჰქონდეთ COVID-19-ზე ვაქცინაციის მტკიცებულება, იმისათვის, რომ მათ საერთაშორისო ფრენის უფლება მიიღონ. დღეს ის ერთადერთი ავიაკომპანიაა მსგავსი მოთხოვნით, თუმცა ექსპერტები ამ გადაწყვეტილების გავრცელებას პროგნოზირებენ.

საერთაშორისო აეროპორტების საბჭო კი ემხრობა აეროპორტებში ტესტირებას, რადგან ვაქცინების ფართო გავრცელება დროში გაიწელება და შეაფერხებს მოგზაურობას და ტურიზმის აღდგენას, რაც კიდევ უფრო დააზიანებს ინდუსტრიას. მათი თქმით, ანუ როგორც კარანტინმა იმოქმედა მიმოსვლაზე, დაახლოებით ანალოგიური ეფექტი ექნება ვაქცინის მოლოდინსაც. როგორც IATA-ს ხელმძღვანელი ალექსანდრე დე ჟუნიაკი აცხადებს, ავიაკომპანიებმა და მთავრობებმა უნდა ითანამშრომლონ სტანდარტიზებული ტესტირების პროტოკოლების მისაღებად, რომლებიც გამორიცხავს კარანტინს და ხელს შეუწყობს საზღვრების გახსნას.

კიდევ ერთი ვარაუდია ის, რომ ვაქცინის გარეშე ქვეყანაში შესვლის უფლება იქნება შეზღუდული, თუმცა ამის შესახებ დღეისათვის არცერთ ქვეყანას ოფიციალურად არ განუცხადებია. ეს ყველაფერი დამოკიდებულია მთავრობებზე, თუ როდის და როგორ გახსნიან უსაფრთხოდ საზღვრებს საკუთარ ქვეყნებში.

გარდა ამისა, არსებობს გაურკვევლობა ვაქცინაციასთან დაკავშირებით, რადგან შესაძლოა ადამიანების ნაწილი ჯანმრთელობის, რელიგიური თუ სხვა პირადი მიზეზების გამო არ აიცრას. მსგავსი დამოკიდებულება იყო პირბადის ტარებაზეც და Washington Post-ის ინფორმაციით Delta-ს, United-ს და "ალიასკას ავიახაზებს" მოუწიათ 900-ზე მეტი ადამიანის ბორტიდან გაშვება პირბადის გამოუყენებლობის გამო.

კიდევ ცალკე საკითხია ვაქცინის მოქმედების ხანგრძლივობა. Washington Post-ის თანახმად, მეცნიერებმა ჯერ კიდევ არ იციან, რამდენ ხანს გაგრძელდება დაცვა.

და ბოლოს მთავარი რასაც პოსტკორონავირუსულ პერიოდში შეამჩნევთ, სავრაუდოდ იქნება სრული გაციფრულება. პასპორტები, ჯანმრთელობის ცნობები, კოვიდ-ვაქცინის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მოკლედ ყველაფერი იქნება ჩამოტვირთული ტელეფონში და ასე ადამიანებს შორის კონტაქტიც თავიდან იქნება არიდებული და მოგზაურებსაც მეტად გაუმარტივდებათ გადაადგილება.