მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შეძლეს სკოლებმა ახალ გამოწვევებთან ადაპტირება? - ალექსანდრე ჯეჯელავას შეფასება

60311797447d0
ვიქტორია მღებრიშვილი
20.02.21 23:00
807

მენტორი, ბიზნესკონსულტანტი, ტრენერი და განათლების ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა გადაცემა „BMG Drive”-ში პანდემიის გავლენით ცხოვრების ტემპის შენელების დადებით მხარეებზე საუბრობს და ამბობს, რომ პანდემიამ ადამიანებს დაფიქრების და პროცესების შეფასების საშუალება მისცა.

ის მიიჩნევს, რომ განათლების მიმართულებით, იქნება ეს ტრენინგ კურსები, სემინარები თუ დაწყებითი განათლების საკითხები, პანდემიამ დამატებითი შესაძლებლობები გამოკვეთა, რომლის დახვეწა და გამოყენება შეუძლია ადამიანს, თუმცა ამ პროცესებში კოპირებულის გადმოტანის მომხრე არ არის და თვლის, რომ ახალ გამოწვევას ახალი პასუხები და განსხვავებული მიდგომები სჭირდება.

კითხვაზე - როგორ შეძლეს სკოლებმა ახალ გამოწვევებთან ადაპტირება, ალექსანდრე ჯეჯელავა პასუხობს:

„მოკლე პასუხია მაგაზე - როგორც შეეძლოთ. თუმცა ამ შემთხვევაში პირველი მცდელობა იყო, რომ მოეშორებინათ ყველა ინოვაცია თავიდან, იმ არგუმენტებით, რომ ყველაფერი გაივლიდა. ერთი თვე მოეცადათ და ყვეალფერი დალაგდებოდა, ამიტომ არც მოუკლავთ თავი ტექნოლოგიებში გარკვევისგან. რომ არ გაიარა მერე თქვეს, რომ უნდა გავერკვეთ და მერე დაიწყო ქოფი-ფეისთის ეტაპი, როდესაც ის გაკვეთილი, რომელსაც ატარებდნენ კლასში, უნივერსისტეტში ან სხვაგან გადმოაქვთ ონლაინ ფორმატში და ხედავ, რომ რაც ვარგოდა წინა შემთხვევაში, საერთოდ აღარ ვარგა. ამიტომ არასდროს „ქოფი-ფეისთი“ არ მუშაობს. ვფიქრობ, რომ ამ პროცესში მიმღებლობა გაცილებით უფრო მაღალია. მანდ მთავარია როგორ აწვდი პროდუქტს, თუ მასწავლებელი მშობელს და ბავშვს ეუბნება, რომ ეს არის ზუსტად იგივე გაკვეთილი, რაც სკოლაში იყო და რომ მათ უბრალოდ ზუმის ჩართვა სჭირდებათ, ის რთავს ზუმს და ვერ იღებს იმას, რაც სკოლაში იყო“, - განმარტავს ალექსანდრე ჯეჯელავა.

ის თვლის, რომ განათლების სხვადასხვა მიმართულებით ციფრულ არხებში გადატანა, ქართველებისთვის რთული არ უნდა ყოფილიყო, რადგან ქართველები საკმაოდ მოქნილები არიან, თუმცა ამ დროს სწორი მიდგომებია გამოსაყენებელი, რაც პირველ რიგში ნოვატორობას და მეორე მხრივ ამ საზღვრების მოშლას გულისხმობს.

„ვფიქრობ ქართველს ძალიან მაღალი მოქნილობა აქვს, რა თქმა უნდა ზოგჯერ ვეწინააღმდეგებით და კონსერვატიულობას ვცდილობთ, მაგრამ თვითგადარჩენის რეჟიმი თუ ჩართო მერე ონლაინს და ოფლაინს და ყველაფერს ძალიან მაგრად გააკეთებენ. ორი რამ გვაქვს გასაკეთებელი - უნდა ვთქვათ, რომ ეს სიახლეა - სკოლების შემთხვევაში რომ ვსაუბრობთ, უნდა ვთქვათ, რომ იყო ძველი და დღევანდელი სწავლების ფორმა ახალია და მეორე არ უნდა ჩავიკეტო საქართველოში. თუნდაც ენის სწავლის თვალსაზრისით ძალიან ბევრი საერთაშორისო ქოლ ცენტრია საქართველოში და ჩვენ ამ მიმართულებით საზღვრები არ უნდა ჩავკეტოთ.

მჯერა, რომ ქართულ კონტენტს აქვს საერთაშორისო პერსპექტივა - ქართულ სკოლებს, მაგარ პედაგოგებს, უნივერსიტეტებს, მედიას აქვთ პერსპექტივა. აქვთ პერსპექტივა გახდნენ მაღალი კლასის საერთაშორისო მოთამაშეები. ცოდნის ექსპორტი კი აბსოლუტურად ულიმიტო და ეკონომიკისთვის ღირებულია“, - განმარტავს ალექსანდრე ჯეჯელავა.

 
გადაცემა სრულად: