მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შეფასდა ჩინეთის მიერ წარმოდგენილი რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო გეგმა?

63f91ad271e97
ალა ისპირიანი
25.02.23 01:00
1259
ჩინეთმა რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო გეგმა წარმოადგინა. იგი ომში ჩართულ მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტისა და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ მოუწოდებს. ჩინეთის შეფასებით, კონფლიქტი ამჟამინდელი მოცემულობით უნდა შეწყდეს, ანუ რუს სამხედროებს უნდა მიეცეთ იმ ტერიტორიების შენარჩუნების უფლება, რომელსაც ახალ აკონტროლებენ, უკრაინას კი ამ მოცემულობასთან დაკავშირებით პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს.

გარდა უკრაინის მიერ ტერიტორიების დათმობისა, ჩინეთის მთავრობა გაეროს მოუწოდებს, ცეცხლის შეწყვეტის პარალელურად დაუყოვნებლივ მოიხსნას რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული ყველა სანქცია და შეზღუდვა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა „იმუშავებს ჩინეთთან“, თუ ისინი პატივს სცემენ საერთაშორისო კანონს და ტერიტორიულ მთლიანობას. მისივე თქმით, კარგია, რომ ჩინეთმა უკრაინაზე საუბარი დაიწყო, მაგრამ მისი მოსაზრებით, ეს არ იყო ჩინეთის სამშვიდობო გეგმა, არამედ ჩინეთმა თავისი აზრები აჩვენა. ზელენსკიმ ასევე ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინგთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა.

რაც შეეხება მეორე მხარეს, The Guardian-ი წერს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, მოსკოვი აფასებს ჩინეთის გეგმას უკრაინაში კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით და ღიაა პოლიტიკური და დიპლომატიური საშუალებებით მიაღწიოს მიზნებს.

"ვაფასებთ ჩვენი ჩინელი მეგობრების გულწრფელ სურვილს, წვლილი შეიტანონ უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებაში... ვიზიარებთ პეკინის შეხედულებებს," - თქვა ზახაროვამ. 

აღსანიშნავია, რომ ჩინეთს გაეროს ერთობლივ რეზოლუციაზე მხარი არ დაუჭერია, რომლითაც მსოფლიოს 141 სახელმწიფო ცეცხლის შეწყვეტას და რუსული სამხედრო ძალების უკრაინის ტერიტორიიდან გაყვანას მოითხოვს.

ექსპერტების შეფასებით, ჩინეთის სამშვიდობო გეგმა უაღრესად პრორუსულია და ის შეუძლებელია სერიოზულად იქნეს განხილული.