მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შეიცვალა ბანკების რეიტინგი VTB-ის მიერ აქტივების გაყიდვის შედეგად

625fbba31bafa
შოთა ტყეშელაშვილი
20.04.22 12:09
2645
საქართველოს საბანკო ასოციაციის ანგარიშის თანახმად, 2022 წლის მარტის მდგომარეობით, "თიბისი ბანკის" და "საქართველოს ბანკის" აქტივებს შორის სხვაობა მცირდება. საბანკო სექტორის ლიდერი აქტივების მხრივ "თიბისი ბანკია" და მისი ჯამური აქტივები 23 მილიარდ ლარს აღემატება. 

მთლიანობაში საქართველოში მოქმედი 14 ბანკის აქტივები 61.8 მილიარდ ლარს აღწევს. 

საბანკო სექტორში ცვლილებები გამოიწვია საერთაშორისო სანქციების გამო VTB ბანკის მიერ საკუთარი აქტივების გახსვისებამაც. ამის შედეგად, "ლიბერთი ბანკის" აქტივებმა 3.25 მილიარდ ლარს მიაღწია, ხოლო "ბაზისბანკის" აქტივები 950 მილიონი ლარით, 2.8 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. 

კერძოდ, "ლიბერთი ბანკს" გადაეცა SME პორტფელი და კლიენტთა ბაზა, ხოლო "ბაზის ბანკს" ვითიბი ბანკის საცალო კლიენტები და საფილიალო ქსელი თბილისში და რეგიონებში, რომელზეც ჩვენ მარტის თვის დასკვნაში აღვნიშნავდით.

"რუსეთ-უკრაინის საბრძოლო მოქმედებების გამო დაწესებული სანქციების წნეხქვეშ მოქცეულმა ვითიბი ბანკმა საქართველომ დათმო პოტენციური მესამე ბანკის პოზიციები და მე-10 ადგილზე ჩამოქვეითდა. ბანკმა მარტის თვეში ერთბაშად აქტივების 1.6 მლრდ ლარიანი კლება უჩვენა და 500 მლნ ლარის აქტივით დაასრულა თვე", - წერს საბანკო ასოციაცია. 

ამასთანავე, ასოციაციის თანახმად, შესაძლოა, თავად VTB ბანკის დარჩენილი ნაწილიც გაიყიდოს და მან ბაზარზე საქმიანობა შეცვლილი სახელით და აქციონერების სტრუქტურით გააგრძელოს.

VTB ბანკმა საკუთარი საკრედიტო და სადეპოზიტო პორტფელის გაყიდვის შესახებ გადაწყვეტილება აშშ-ისა და EU-ს სანქციების დაწესებიდან რამდენიმე დღეში მიიღო. ჯერჯერობით, უცნობია თუ რა თანხა დაუჯდათ "ლიბერთისა" და "ბაზისბანკს" VTB-ის აქტივების შესყიდვა. 

2022 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, ქართულ ბანკებს ეკონომიკაზე 43 მილიარდი ლარის კრედიტები აქვთ გაცემული. ამ მხრივ პირველ ადგილზეა TBC, რომელსაც 16.87 მილიარდი ლარის საკრედიტო პორტფელი აქვს, მეორე პოზიციას იკავებს "საქართველოს ბანკი" 15.6 მილიარდის სასესხო პორტფელით, ხოლო მესამე ადგილზეა "ლიბერთი" 2.27 მილიარდის სესხებით.

მთლიანობაში პირველ კვარტალში ბანკებმა 413.5 მილიონი ლარის წმინდა მოგება გამოიმუშავეს.