მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შეიცვალა ვადაგადაცილებული სესხების სტატისტიკა?

5f23ef4128367
შოთა ტყეშელაშვილი
31.07.20 14:18
1648
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2020 წლის ივნისის თვის მიმოხილვა გამოაქვეყნა, რომელიც საფინანსო სფეროში გასული თვის განმავლობაში განვითარებულ პროცესებს ასახავს. დოკუმენტის თანახმად, COVID-19-ის კრიზისის მიუხედავად, საბანკო სისტემაში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 7 მილიონით არის შემცირდებული და ის 499 მილიონ ლარს შეადგენს. ვადაგადაცილებული სესხების მთლიან სასესხო პორტფელთან ფადრობა უცვლელია და კვლავ 1.4%-ს შეადგენს. ეს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. 

"ივნისის თვეში, ვადაგადაცილებული სესხები 6.9 მლნ ლარით შემცირდა და 499.3 მლნ ლარს გაუტოლდა. მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 1.4 პროცენტი იყო. ვადაგადაცილებული სესხების 35.8 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული,"- ნათქვამია სებ-ის ანგარიშში. 

სასესხო მიმართულებით კი როგორც ირკვევა, გასულ თვეში ფიზიკური პირებისთვის ეროვნულ ვალუტაში საპროცენტო განაკვეთებს შემცირების ტენდენცია ჰქონდათ. 

"საბანკო სისტემაში საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთები სესხებზე მიმდინარე წლის ივნისში შემცირდა 1.4 პროცენტული პუნქტით და 12.2 პროცენტს შეადგენს. უცხოური ვალუტით დენომინირებულ სესხებზე საშუალო შეწონილმა წლიურმა საპროცენტო განაკვეთმა 0.1 პროცენტული პუნქტით მოიმატა და 6.9 პროცენტს შეადგენს. ეროვნული ვალუტით გაცემულ კრედიტებზე 0.7 პროცენტული პუნქტით 16.2 პროცენტამდე შემცირდა. ეროვნული ვალუტით სესხების შემთხვევაში, საპროცენტო განაკვეთები ფიზიკური პირებისთვის 2.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 19.5 პროცენტია, ხოლო

იურიდიული პირების სესხებზე საპროცენტო განაკვეთი წლიური 12.3 პროცენტის ნიშნულზეა. უცხოური ვალუტის შემთხვევაში, იურიდიული პირების სესხებზე საპროცენტო განაკვეთები 0.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 6.9 პროცენტს შეადგენს. ხოლო ფიზიკური პირების შემთხვევაში, 0.2 პროცენტული პუნქტით 6.7 პროცენტამდე მოიმატა. წინა წლის ივნისთან შედარებით საპროცენტო განაკვეთები უცხოური ვალუტის სესხებზე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა, ხოლო ეროვნული ვალუტის სესხებზე კი 2.0 პროცენტული პუნქტით გაიზარდა,"- ნათქვამია ანგარიშში.