მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შეიცვალა ვაქცინის მიმართ განწყობა ბოლო 2 თვეში - ACT-ის კვლევა

60a8c08eec6d7
BM.GE
22.05.21 12:30
1487
საკონსულტაციო და ბაზრის კველების ორგანიზაცია ACT-იმ COVID-19-ის ვაქცინების მიმართ არსებული დამოკიდებულებების გამოვლენის მიზნით ორი კვლევა ჩაატარა. აპრილსა და თებერვალში ჩატარებული კვლევები ვაქცინების მიმართ დედაქალაქის მოსახლეობის განწყობებს ასახავს. კვლევის შედეგების თანახმად, დედაქალაქის მაცხოვრებლებს შორის ვაქცინაციის თაობაზე ინფორმირებულობის დონე თებერვალთან შედარებით 33%-ით არის გაზრდილი და ახლა უკვე 70% აცხადებს, რომ კორონავირუსის ვაქცინაციასთან დაკავშირებით, საკმარის ინფორმაციას ფლობს და მზადაა გადაწყვეტილების მისაღებად.

როგორია მოსახლეობის ინფორმირებულობის დონე ვაქცინებთან მიმართებით - ACT-ის კვლევა:

"ინფორმაციის მიღების მთავარი წყაროები ორივეგან უცვლელი დარჩა: ინტერნეტი, ტელევიზია და მეგობრები/ახლობლების ფაქტორი, თუმცა მეორე გამოკითხვისას, მცირედი პროცენტული ზრდა (6%-იანი) მაინც გამოიკვეთა ტელევიზიის შემთხვევაში (სულ 67%) და 11%-იანი მეგობარ/ახლობლების (სულ 26%) დასახელებისას.

ასაკობრივ ჯგუფებს თუ შევხედავთ აღმოვაჩენთ, რომ 55 წელს ზემოთ მოქალაქეების 80% ინფორმაციის მიღებისას ტელევიზიას ანიჭებენ უპირატესობას, მაშინ როდესაც 18-34 წლის წარმომადგენელთა 87%-ისთვის, პირველ ადგილზე ინტერნეტი რჩება. საინტერესოა ის ფაქტი, რომ მეგობარ-ახლობელთა, როგორც სანდო წყაროდ დასახელების მაჩვენებელი, თანაბრად გაიზარდა ყველა ასაკობრივ ჯგუფში, რაც სავარაუდოდ აცრილი მოქალაქეების რეკომენდაციების შედეგია.

ვაქცინაციის მთავარი ბარიერი

თბილისელების უმრავლესობას, 19%-ს აქვს მოლოდინი, რომ ვაქცინის გაკეთება 2022 წელს მოუწევთ და ამ მხრივ, მოლოდინები წინა ტალღასთან შედარებით მცირედითაა შეცვლილი. თბილისელების 79% კი მიიჩნევს, რომ ვაქცინაცია უდაოდ, ეპიდსიტუაციას გააუმჯობესების ერთადერთი გზაა.

წინა ტალღასთან შედარებით 7%-ით გაიზარდა ვაქცინის გასაკეთებლად მოსახლეობის მზაობა და დღეს, თბილისელების 45%-ი მზადაა ან დანამდვილებით ამბობს, რომ ჩაიტარებს ვაქცინაციას. საინტერესოა, რომ ვაქცინაციისთვის მზაობა ყველაზე უფრო აქტიურად 35-54 წლის მოქალაქეებში (48%) იკვეთება და ამ ასაკის თითქმის ყოველი მეორე მოქალაქე, მზად არის მის ჩასატარებლად. თუმცა, მიუხედავად ამ მცირედი პროცენტული ზრდისა, 44% მაინც მერყეობს (არ არის დარწმუნებული რომ გაიკეთებს ან არ სურს გაკეთება) და ამის მიზეზად, ვაქცინების მიმართ ზოგად უნდობლობასა და შესაძლო გვერდით მოვლენებს ასახელებს.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ წინა ტალღასთან შედარებით, ვაქცინების გვერდითი ეფექტების შიშმა მოსახლეობაში 6%-ით მოიმატა და 38%-მდე გაიზარდა. რაც ერთის მხრივ ლოგიკურია და დაკავშირებულია იმ ერთეულ შემთხვევებთან, როდესაც ვაქცინაციის პროცედურას პაციენტის ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესება ან გარდაცვალება მოჰყვა, როგორც მსოფლიო მასშტაბით, ისე საქართველოში. თუმცა, გარკვეული დოზით ესეც სადაო საკითხია, რადგან რიგ შემთხვევებში კავშირი ამ ორ ფაქტს შორის არ დასტურდება და ყველაფერი, მოსაზრებებსა და ვარაუდებს ეფუძნება. ვაქცინაციის პროცესის დაწყებისთანავე საქართველოში დაფიქსირებული გარდაცვალების შემთხვევაც მოსახლეობის აღქმაში უშუალოდ ვაქცინაციის პროცესს და კონკრეტულ ვაქცინას დაუკავშირდა. მოგვიანებით ექიმების მიმართ დაწყებულმა გამოძიებამ აღნიშნული შემთხვევის გვიანი სამედიცინო მართვის ნიშნები გამოკვეთა, თუმცა აღნიშნული ფაქტის არადროულმა და ბუნდოვანმა კომუნიკაციამ გაჩენილი აღქმის გაქარწყლება ბოლომდე ვერ შეძლო. ამიტომ კვლევის თანახმად ასტრაზენეკას აცრისგან თავის შეკავების მიზეზებში უმრავლესობა სწორედ გვერდით მოვლენებს ასახელებს.

მსოფლიო გამოცდილება ცხადყოფს, რომ ერთ-ერთი მნიშნელოვანი ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს ვაქცინაციის პროცესის უწყვეტ რეჟიმს, მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირებულობა და მობილიზებაა. ამის შესანიშნავი მაგალითია ისრაელი, რომელმაც 5 თვეში სრულად აცრა მოსახლეობის 56,3 პროცენტი (5,09 მლნ) და შეძლო მწვანე ზონად გამოცხადებულიყო. ამ ქვეყანამ ვაქცინაციის კამპანია ჯერ კიდევ 2020 წლის 19 დეკემბერს დაიწყო, როდესაც პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ პირდაპირ ეთერში აიცრა, და თავადვე ჩაუდგა სათავეში საინფორმაციო კამპანიას, სადაც ვიდეორგოლების საშუალებით ისრაელის მოსახლეობაში ვაქცინაციასთან დაკავშირებით გაჩენილ ყველა შეკითხვას უპასუხა. ორ კვირაზე ნაკლებ პერიოდში კი, ისრაელის მოსახლეობის 10% -ზე მეტს ვაქცინის პირველი დოზა უკვე გაკეთებული ჰქონდა.

სასურველი ვაქცინების შესახებ

ჩვენს ქვეყანაში 3 ტიპის ვაქცინა გამოიყენება: ამერიკული ფაიზერი (30 მარტიდან), ბრიტანული ასტრა ზენეკა (15 მარტიდან) და ჩინური სინოფარმი (4 მაისიდან). საინტერესოა თბილისელების დამოკიდებულება უშუალოდ თითოეულ ვაქცინასთან დაკავშირებით. აღმოჩნდა, რომ


ყველაზე მეტი ნდობა კვლავ ფაიზერს აქვს – 27%, შემდეგ მოდის ასტრაზენეკა – 15% და მოდერნა 15%. ყველაზე ნაკლები ნდობით სპუტნიკი – 4% და სინოფარმი4% სარგებლობს.

წინა ტალღასთან შედარებით 14%-ით გაზრდილია იმ რესპოდენტთა რიცხვი, რომლებიც აცხადებენ რომ არავითარ შემთხვევაში არ გაიკეთებენ ასტრაზენეკას. ასტრაზენეკას ვაქცინის გაკეთების მთავარ ბარიერად შესაძლო გვერდითი მოვლენები დასახელდა (33%), ხოლო ჩინური ვაქცინის შემთხვევაში, არასაკმარისი ინფორმაცია (26%). თუმცა, მიუხედავად ამისა, ფაქტია, რომ ჯერ კიდევ 4 მაისს, ვიდრე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სინოფარმს ავტორიზაციას მიანიჭებდა (ვაქცინას ავტორიზაცია 7 მაისს მიენიჭა) ვაქცინაციის დაჯავშნის პლატფორმაზე თავისუფალი ადგილები თითქმის აღარ იყო. სინოფარმზე ასეთი დიდი მოთხოვნა ორი შესაძლო მიზეზით აიხსნება: პირველი – მოქალაქეები დარწმუნებულები იყვნენ, რომ სინოფარმი დიდი ალბათობით მიიღებდა ავტორიზაციას და წინასწარ დაიჭირეს თადარიგი და მეორე – ავტორიზაციის მიუხედავად მოქალაქეებისთვის მთავარი იყო აცრის პროცესი დროულად დაწყებულიყო და ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაბრუნებოდნენ ქვეყანაში ამ ვაქცინაზე დარეგისტრირებულთა რაოდენობამ დღეისათვის 25000-ს მიაღწია. რეგისტრაციის პორტალი ვეღარ უძლებს მსურველთა ნაკადს, ვაქცინის მოთხოვნა აღემატება არსებულ ლიმიტს, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს მოქალაქეთა გარკვეული ნაწილის მზაობას. ისინი ხვდებიან, რომ აცრა გადარჩენის ერთადერთი გზაა და სასურველი ვაქცინის მოლოდინში, შეიძლება დიდი დრო დაიკარგოს. დრო, რომელიც პანდემიის პერიოდში ძვირად ფასობს.

ლაბირინთიდან გამოსასვლელის ძიებაში

დავინტერესდით ვაქცინაციაზე გადაწყვეტილების მიღებისას ვის მოსაზრებას ითვალისწინებენ ყველაზე მეტად თბილისელები. აქ გამოვლინდა შემდეგი ჯგუფები:

სამედიცინო პერსონალი – 49%
ნაცნობი, კომპეტენტური მედიცინის მუშაკი – 27%
ახლობლები/ნათესავები/მეგობრები – 19%
წინა ტალღასთან შედარებით 10% – ით შემცირდა სამედიცინო პერსონალის და 11% – ით გაიზარდა ახლობლების/ნათესავების/მეგობრების აზრის გათვალისწინების მაჩვენებელი, რაც კიდევე ერთხელ მოწმობს, ვაქცინირებულ ადამიანთა რაოდენობის ზრდის მნიშვნელობაზე. გამოდის, რომ გაზრდილი ვაქცინირებული ახლობლების რაოდენობა, ავტომატურად ზრდის ვაქცინაციის მსურველებს.

კვლევით ირკვევა, რომ მოქალაქეებმა გადაწყვიტეს ჩაიტარონ ვაქცინამდე პრევენციული დიაგნოსტიკა და მომზადებულები შეხვდნენ აცრის პროცედურას. გამოკითხულთა 90% ალერგოლოგის კონსულტაციას გეგმავს 86% – სისხლის საერთო ანალიზის გაკეთებას, ხოლო 83% კუაგულოგრამით სისხლის შემდედებელი სისტემის მდგომარეობის დადგენას აპირებს.

კვლევაზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დედაქალაქის მოსახლეობის დამოკიდებულებები ვაქცინაციის დაწყებიდან 2 თვის შემდეგ შეიცვალა. გაიზარდა მოსახლეობის მზაობა ასაცრელად და მცდელობა, თავად იპოვონ გამოსავალი ვაქცინაციის ლაბირინთში: აიცრან შემოთავაზებული ვაქცინებით, ჩაიტარონ წინა პროფილაქტიკური პროცედურები, თავად მოიძიონ ინფორმაცია სხვადასხვა წყაროდან – რათა არ დაკარგონ მთავარი, ნორმალურ ცხოვრებასთან დაბრუნების ერთადერთი შანსი,"- ნათქვამია ACT-ის კვლევაში.