მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“როგორ შეიძლება ახალ ინვესტიციაზე ისაუბრო, როდესაც ჟენევასა და ვაშინგტონში ანაკლიის არბიტრაჟი მიდის” - ხაზარაძე

60950baa034c6
შოთა ტყეშელაშვილი
07.05.21 14:02
641
პარტია "ლელოს" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, შეუძლებელია, საქართველომ საერთაშორისო ინვესტორების მოზიდვაზე ისაუბროს, როდესაც ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით ჟენევასა და ვაშინგტონში საერთაშორისო საარბიტრაჟო დავა მიმდინარეობს.

“როგორ შეიძლება ახალ ინვესტიციებზე ისაუბრო, როდესაც მსოფლიოს ორ ფინანსურ ცენტრში - ჟენევასა და ვაშინგტონში მიმდინარეობს ყველაზე დიდი პროექტის - ანაკლიის საარბიტრაჟო დავა. რომელ ახალ ინვესტორს ეძებ, როდესაც ეს ინვესტორები აქ არიან და შენ მათ ფული წაართვი. ესენი არიან ამერიკელები, ჰოლანდიელები, ესენი არიან უზბეკები, ბულგარელები, ინლისელები. ეს ხალხი წინა პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის დროს ენდო საქართველოს და კონფლიქტის ზონიდან, ე.წ. აფხაზეთის ზონიდან, სადაც რუსული ჯარი დგას 4 კილომეტრში, ინვესტიცია განახორციელა. სახელმწიფომ კი ეს ინვესტიცია მოკლა. მთავრობამ უარი თქვა 50 მილიონის გარანტიაზე, რომ ამ ადგილზე $2.5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელებულიყო, როცა მაგალითად, ნამახვანჰესში სახალმწიფო გარანტორია მაღალი ფასის ელექტროენერიის შესყიდვის ანუ ორი სტანდარტი არის მიყენებული ამ პროექტებზე. ეს ნიშნავს თუ ვინ როგორ მოელაპარაკება სახელმწიფოს და ვინ როგორ თვალს ჩაუკრავს როგორც წინა პრემიერმა თქვა “ქართულ-ჯიგრულ ამბავში”, - გადაცემა “ანალიტიკას” ეთერში განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ: 2020 წლის 9 იანვარს საქართველოს მთავრობამ გაწყვიტა საინვესტიციო შეთანხმება კომპანია "ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან", რის მიზეზადაც კონსორციუმის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა დასახელდა. უფრო კონკრეტულად კი, მთავრობამ განაცხადა, რომ კონსორციუმმა ვერ შეძლო გაეფორმებინა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან $400 მილიონი დოლარის საკრედიტო დაფინანსების ხელშეკრულებები.

თავის მხრივ, კონსორციუმის განცხადებით, ამ შეთანხმებების გაფორმება ვერ მოხდა, რადგან საქართველოს მთავრობა მათი კომპანიის საბოტაჟირებით იყო დაკავებული, რაც მათ შორის მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს უკავშირდებოდა.

2020 წელს ამ საქმესთან დაკავშირებით “ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა” სარჩელი საერთაშორისო საარბიტრაჟო ტრიბუნალში შეიტანა. მსოფლიო ბანკის საარბიტრაჟო ცენტრს სარჩელით მიმართა პროექტის კიდევ ერთმა ინვესტორმა ბობ მეიერმაც.

2021 წლის ბიუჯეტის პროგრამულ დოკუმენტში საქართველოს მთავრობამ შავით თეთრზე აღნიშნა, რომ მიმდინარე დავის გათვალისწინებით დაბალია შანსი იმისა, რომ ხელახალ ტენდერში მაღალი რეპუტაციით გამორჩეულმა ინვესტორებმა მიიღონ მონაწილეობა.

"არსებული მოცემულობის ფარგლებში, შესაძლო საარბიტრაჟო დავის გამო, შესაძლებელია, ვერ შეირჩეს მაღალი რეპუტაციისა და გამოცდილების ინვესტორი", - ნათქვამია პროგრამული ბიუჯეტის დოკუმენტში.

ამის მიუხედავად, ახალი ტენდერისთვის მზადება მიმდინარეობს. ამასთანავე, მთავრობა აცხადებს, რომ პროექტის ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტი ხელახლა უნდა მომზადდეს.

23 აპრილს ეკონომიკის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტენდერისთვის საკონსულტაციო კომპანიის შერჩევის პროცესი დასასრულს უახლოვდება.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით მათ მიერ შერჩეულმა საერთაშორისო კომპანიამ უნდა განაახლოს პროექტის კომერციული დასაბუთება, რადგან პანდემიიდან გამომდინარე შეცვლილი გარემოებების გამო, დღის წესრიგში დადგა ტვირთნაკადების პროგნოზებისა და ბიზნესმოდელის განახლება.

ამ დოკუმენტის მომზადების შემდეგ, ანაკლიის პროექტზე ახალი ინვესტორის შერჩევის მიზნით განმეორებითი ტენდერი, საჯარო-კერძო პარტნიორობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოცხადდება, რაც მიმდინარე წლის ბოლოსთვისაა მოსალოდნელი.

მამუკა ხაზარაძე "ანალიტიკას" ეთერში: