მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შემცირდა რეფინანსირების სესხების მოცულობა სებ-ის მიერ პოლიტიკის გამკაცრების შედეგად

60c341a671b22
შოთა ტყეშელაშვილი
11.06.21 23:00
1000
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აპრილის ბოლოს რეფინანსირების განაკვეთის 1 პროცენტული პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო, რის შედეგადაც ამ განაკვეთმა 2008 წლის შემდგომ მაქსიმალურ დონეს - 9.5%-ს მიაღწია. რეფინანსირების განაკვეთის გაზრდამ ქვეყანაში ლარის რესურსი გააძვირა, რის შედეგადაც მოქალაქეებს ცვლად განაკვეთზე მიბმული ლარის სესხები გაუძვირდათ. თავისმხრივ, რეფინანსირების განაკვეთის მატება ქვეყანაში მომატებული ინფლაციის საპასუხოდ მოხდა. შეგახსენებთ, მაისის მდგომარეობით, ინფლაციამ 7.7%-ს მიაღწია, რაც ასევე ბოლო 10 წლის მაქსიმუმია. 

რეფინანსირების განაკვეთის 9.5%-მდე გაზრდის შედეგად, გაცემული რეფინანსირების სესხების მოცულობაც შემცირდა. თუკი აპრილში ყოველკვირეულად საშუალოდ 2.4 მილიარდი ლარის მოცულობის რეფინანსირების სესხი გაიცემოდა, მაისში ის 1 მილიარდამდე შემცირდა, ივნისის პირველ ორ კვირაში კი საშუალოდ 1.1 მილიარდი შეადგინა. შესაბამისად, საბანკო სექტორის მხრიდან რეფინანსირების სესხებზე მოთხოვნა შემცირდა.

თავის მხრივ რეფინანსირების განაკვეთის ზრდა ლარის გაცვლით კურსზე მოქმედი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორიცაა. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, ლარის ბოლოდროინდელი გამყარების ძირითად ფაქტორს სწორედ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება წარმოადგენს. 

“ვფიქრობ, ლარის გამყარება, ძირითადად, გამოწვეულია მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის მყისიერი აწევით - ჯერ ნახევარი პროცენტული პუნქტით და შემდეგ ერთი პროცენტული პუნქტით, რამაც რეფინანსირების სესხები თითქმის სამჯერ შეამცირა - ეს არის მთავარი ფაქტორი, რამაც გამოიწვია ლარის მკვეთრი გამყარება ბოლო პერიოდში. ესაა ჩემი ხედვა. რა თქმა უნდა, არის სხვა ფაქტორები - ეკონომიკის ზრდა, ტურისტების ნაკადის მატება, მაგრამ მთავარი ფაქტორი მაინც რეფინანსირების სესხების შემცირებაა”, - განუცხადა bm.ge-ის ირაკლი კოვზანაძემ.