25.ნოემბერი .2022 13:28

როგორ შევამციროთ ღვინის ექსპორტში რუსეთზე დამოკიდებულება? - მეხუზლას რეკომენდაცია მეღვინეებს

როგორ შევამციროთ ღვინის ექსპორტში რუსეთზე დამოკიდებულება? - მეხუზლას რეკომენდაცია მეღვინეებს
views 438
უკან

ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელ ლევან მეხუზლას შეფასებით, ქართული ღვინის ექსპორტში რუსეთზე დამოკიდებულების ზრდა კვლავ გამოწვევად რჩება, თუმცა ეს პრობლემა უფრო მოკლევადიანი ან საშუალოვადიანია და რუსეთ-უკრაინის ომით არის განპირობებული.

როგორც ლევან მეხუზლამ გადაცემა „ანალიტიკაში“ განაცხადა, გასულ წელს რუსეთის წილი ღვინის ექსპორტში პირველად ჩამოსცდა 60%-იანი ნიშნულს და 58% შეადგინა. კითხვაზე - როგორ უნდა შემცირდეს ღვინის ექსპორტისას რუსეთზე დამოკიდებულება და თუ აქვს უწყებას ამ საკითხზე კომუნიკაცია, ღვინის სააგენტოს ხელმძღვანელი პასუხობს, რომ კომპანიებთან მუდმივი კავშირი აქვთ.

თუმცა ლევან მეხუზლა მეღვინეებს რეკომენდაციას აძლევს: „ვფიქრობ, კერძო სექტორის გააქტიურებაა საჭირო. მარტო სახელწმიფო ამ შემთხვევაში ვერაფერს იზამს. ამ შემთხვევაში აუცილებელია სახელმწიფოს და კერძო სექტორის ერთობლივი მუშაობა. საშუალოვადიან და მცირევადიან ჭრილში დიდ ტრაგედიას ვერ ვხედავ, თუმცა მინდა მოვუწოდო კერძო სექტორს, რომ ის ამონაგები, რასაც ამ ბაზრიდან ნახავენ, ღვინის ხარისხის განვითარებისა და ბაზრების დივერსიფიცირებისთვის გამოიყენონ“, - ურჩევს ღვინის მეწარმეებს ლევან მეხუზლა.

ცნობისთვის: 2022 წლის 10 თვეში ღვინის ექსპორტი 6.2%-ით გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან ჯამში თითქმის 201 მლნ აშშ დოლარის ღვინოა ექსპორტირებული.

განსაკუთრებით გაზრდილია ღვინის ექსპორტი რუსეთში. სტატისტიკით 10 თვეში რუსეთში ექსპორტირებულია 129 მლნ დოლარის ღვინო, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი გასული წლის შესაბამის პერიოდში 106 მლნ დოლარი იყო. ზრდა 21.6%-ს შეადგენს. ასევე, თითქმის 65%-მდეა გაზრდილი რუსეთის წილი ქართული ღვინის მთლიან ექსპორტში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა