მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შევქმნათ პროფესიონალური რეზიუმე მოკლე დროში (R)

6103c8a891a36
BM.GE
30.07.21 13:42
1177
რეზიუმეს შექმნა საკმაოდ შრომატევადი საქმეა, რადგან ის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია სამსახურის მაძიებელთათვის და თანაც, უამრავი დეტალის გათვალისწინებას საჭიროებს, თუმცა ამ საქმისთვის დროის დათმობა ნამდვილად გონივრული ინვესტიციაა.

დგება მომენტები, როცა დრო თავზე საყრელად ნამდვილად არ გვაქვს და გჭირდება რეზიუმე რაც შეიძლება მალე გვქონდეს ხელთ. თუმცა, რეზიუმე არ არის ის საქმე, რომელიც სწრაფად და მარტივად კეთდება.

თუ გრაფიკული პროგრამების ცოდნით მაინცდამაინც ვერ დაიკვეხნით, ეცადეთ მათი გამოყენებით CV შედგენას და შეცდომების დაშვებას თავი აარიდოთ.

ამისთვის რეზიუმეს შემქმნელი ონლაინპლატფორმები არსებობს. რეზიუმეს შედგენა ონლაინ გვეხმარება მარტივად და მოკლე დროში მოვუყაროთ თავი საჭირო ინფორმაციას და შევქმნათ ის დოკუმენტი, რომელიც მომავალ დამსაქმებელთას პირველად შთაბეჭდილებას შეუქმნის.

რეზიუმეს შემქმნელ პლატფორმებზე მოცემული შაბლონები განკუთვნილია სხვადასხვა პროფესიის და გამოცდილების მქონე ადამიანებისთვის. მრავალფეროვანი არჩევანი საშუალებას მოგცემთ შეარჩიოთ თქვენს მოთხოვნებსა და გემოვნებაზე მორგებული ფორმატი.

თუმცა, რეზიუმეს მხოლოდ ტექნიკური და ვიზუალური მხარე არ არის საკმარისი. მთავარი, რა თქმა უნდა, მისი შინაარსია. იმისთვის, რომ საჭირო ინფორმაციით რეზიუმე მოკლე დროში და მარტივად შევავსოთ, გავითვალისწინოთ მისი შემადგენელი რამდენიმე აუცილებელი კომპონენტი, ესენია:

● პირად საკონტაქტო მონაცემები
● ინფორმაციას განათლების შესახებ
● ინფორმაციას პროფესიული გამოცდილების შესახებ
● გავლილ ტრენინგები, სერთიფიკატები

ამ აუცილებელი გრაფების შევსების გარდა, გთავაზობთ რამდენიმე რეკომედაციას, რომლებიც ეფექტიანი რეზიუმეს შედგენის პროცესში გზამკვლევად გამოგადგებათ.

• იმისთვის, რომ რეზიუმე მოკლე დროში დავაკომპლექტოთ, საჭიროა თავი ავარიდოთ არაფრისმომცემი ინფორმაციის დოკუმენტში განთავსებას. პირადი ინფორმაციის ფარგლებში, სრულიად საკმარისია სახელისა და გვარის, საჭიროების შემთხვევაში კი საცხოვრებელი ქალაქის მითითება.

• ასევე, განათლებისთვის განკუთვნილ სექციაში, ნუ მოიხსენიებთ სკოლას ან სხვა სპორტულ თუ სხვა ტიპის წრეებს. ინფორმაცია სკოლის შესახებ რეზიუმეში ძირითადად, რეკომენდებული არ არის გამონაკლისი შემთხვევების გარდა - თუ მაგალითად სწავლობდით უცხოენოვან სკოლაში ან საზღვარგარეთ.

ამ გრაფაში აუცილებელია სწორად წარმოაჩინოთ თქვენი აკადემიური მიღწევები, რის განსამტკიცებლადაც ზედმეტი ინფორმაციით რეზიუმეს დატვირთვა ნამდვილად არ გჭირდებათ.

• რეზიუმეში მოიხსენიეთ მხოლოდ ის ენები, რომლებიც კარგად იცით, მიუთითეთ ცოდნის დონე და ამის დამადასტურებელი სერტიფიკატი, არსებობის შემთხვევაში. ნუ დაკარგავთ დროს და ფორმატის სივრცეს იმ ენების ცოდნის განმარტებით, სადაც „გაქცეულს მოაბრუნებთ“ და „სალაპარაკო დონეზე“ იცით.

• თუ თქვენი პროფესია და საქმიანობა მოიცავს ისეთ სფეროებს, სადაც ნამუშევრების წარდგენა შეგიძლიათ, აუცილებლად შექმენით პირადი პორტფოლიო და დაურთეთ იგი თქვენს რეზიუმეს. მაგალითად, თუ ქმნით დიზაინს, წერთ ან ქმნით კონტენტს სხვადასხვა მიმართულებით, პირველი რაც უნდა გააკეთოთ - შექმნათ პორტფოლიო.

ეს ნაბიჯი დაგეხმარებათ ერთი მხრივ თქვენ, საკუთარი თავის უკეთ წარმოჩენაში, მეორე მხრივ კი დამსაქმებელი ან HR მენეჯერი უკეთ შეძლებს თქვენი შესაძლებლობების და უნარების შეფასებას. ამ ყოველივეს გარდა, ერთი ბმულის მითითება საკმაოდ დიდ დროს დაგიზოგავთ რეზიუმეს შედგენის პროცესში და საქმესაც გაგიადვილებთ.

• რაც შეეხება პროფესიული და სამსახურეობრივი გამოცდილების გრაფას, რომელიც რეზიუმეს ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო ნაწილია, დაკვირვება გმართებთ, მით უმეტეს, თუ დროში იწვებით და გსურთ მოკლე დროში შექმნათ ეფექტური რეზიუმე.

ნაცვლად იმისა, რომ ამ გრაფაში თქვენი სამსახურეობრივი მოვალეობები ჩამოთვალოთ, შეარჩიეთ თქვენი სამი ან ოთხი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა თითოეულ როლში. სადაც ეს შესაძლებელია, გამოიყენეთ ციფრები, რომლებიც ზომავს თქვენს წარმატებას ამ კონკრეტული მიღწევისთვის. ეცადეთ, ნათლად და ლოგიკურად წარმოაჩინოთ თქვენი კვალიფიკაცია, შესაძლებლობები და კომპეტენცია.

• გამოიყენეთ ფერები. ნუ გახდით რეზიუმეს მკრთალსა და უფერულს მხოლოდ შავ-თეთრი ტონალობების გამოყენებით. რეზიუმეს ვიზუალური მხარე მნიშვნელოვანია და მის გასაუმჯობესებლად დიზაინერული ხედვა საჭირო სულაც არ არის. ფერები, როგორც წესი, კარგად გამოხატავენ ადამიანის გემოვნებას და შეხედულებებს.

მთავარია, ფორმატი არ გადააჭრელოთ და ზედმეტად თვალშისაცემი ფერები არ გამოიყენოთ. ასევე, უნდა დარწმუნდეთ, რომ რეზიუმეს დიზაინი არ მოიცავს ზედმეტ თეთრ სივრცეს. გადამეტებულმა სიცარიელემ შეიძლება თქვენი რეზიუმე მშრალად და უინტერესოდ წარმოაჩინოს.

როგორც ხედავთ, CV შედგენა და მასთან დაკავშირებული პროცესი უამრავი დეტალის გათვალისწინებას მოითხოვს, მით უმეტეს, თუ გსურთ, რომ საქმე სწრაფად და მარტივად ჩაამთავროთ. მაგრამ, ეს ყველაფერი ნუ შეგაშინებთ და ახლავე დაიწყეთ საკუთარ რეზიუმეს შედგენაზე მუშაობა. გვჯერა, ჩვენი რეკომენდაციები გამოგადგებათ და ეფექტურად შეძლებთ თავის წარდგენას დამსაქმებლის წინაშე.