07.აგვისტო .2022 12:17

როგორ უმკლავდება Wizz air ავიაციაში არსებულ კრიზისს - ინტერვიუ ჟაჟა ტრუბეკთან

როგორ უმკლავდება Wizz air ავიაციაში არსებულ კრიზისს - ინტერვიუ ჟაჟა ტრუბეკთან
views 629
უკან

გასულ კვირაში უნგრულმა ბიუჯეტურმა ავიაკომპანიამ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მეორე ბაზირებული ხომალდი დააბრუნა. ამას გარდა, კომპანიამ გარკვეულ მიმართულებებზე სიხშირეებიც დაამატა. Wizz air ქართული ავიაბაზრის ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა, რომელიც მიმდინარე წლის 6 თვეში 226 000 მგზავრს მოემსახურა. სექტორში არსებულ პრობლემებსა და საქართველოსთან დაკავშირებულ სამომავლო გეგმებზე BMG ავიაკომპანიის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელ ჟაჟა ტრუბეკს ესაუბრა. 

  • მინდა, ინტერვიუ დავიწყოთ უახლესი ამბებით. Wizz air-მა ქუთაისის აეროპორტში მეორე ბაზირებული ხომალდი დააბრუნა, გარკვეულ მიმართულებებზე სიხშირეები გაზარდა, ხოლო პარიზისა და ტალინის მიმართულებით ფრენები განაახლა. რამ განაპირობა ეს გადაწყვეტილება - მოთხოვნა გაიზარდა ამ მიმართულებებზე?

რამდენიმე დღის წინ ახალი მიმართულების - ტალინის დამატება აღვნიშნეთ. მეორე ახალი მიმართულების შესახებაც განვაცხადეთ. როგორც ახსენეთ, სიხშირეები ბევრ მიმართულებაზე გავზარდეთ. როგორებიცაა: ბარსელონა, მილანი, რომი, ათენი, დორტმუნდი და სხვა. ვიმედოვნებთ, ეს მხოლოდ დასაწყისია და მომავალში შესაძლებლობა გვექნება ახალი მიმართულებები დავამატოთ, ხოლო სიხშირეები კიდევ უფრო გავზარდოთ. ბაზრის მონიტრინგის შედეგად დავინახეთ მოთხოვნა. კერძოდ, ის, რომ  ხალხს ამ მიმათულებებით უფრო ხშირად სურდათ მოგზაურობა, სწორედ ამიტომ გავზარდეთ სიხშირეები. 

  • მიმდინარე წლის ორი კვარტლის შედეგებით, Wizz air-ის  წილი საქართველოს საავიაციო ბაზარზე 13%-ს შეადგენს. თქვენზე უკეთესი მაჩვენებლები მხოლოდ Turkish Airlines-სს აქვს. რა არის ამ ბაზარზე თქვენი სამიზნე მაჩვენებელი?

სიმართლე გითხრათ, თქვენგან განსხვავებული მონაცემები მაქვს. ჩვენი წილი ბაზარზე ახლა 15%-ს შეადგენს. დიახ, ნამდვილად იყო 13%, თუმცა 15%-მდე გაიზარდა. ჩვენი მონაცემებით, Turkish Airlines-ს ბაზრის მხოლოდ 10% უჭირავს. ასე რომ, ჩვენ ბაზარზე მასზე მსხვილი წილი გვაქვს. თუ მხოლოდ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ავიღებთ, ჩვენი წილი აქ პანდემიამდე 82%-ს შეადგენდა, პანდემიის შემდეგ კი 72%-მდე შემცირდა, რადგან ბაზარზე FlyArystan-ი შემოვიდა. თუმცა ჯერ კიდევ ვართ ყველაზე დიდი მოთამაშე, როცა საქმე ქუთაისის საერთაშორისო აეროპოტს ეხება. რაც შეეხება ბაზარზე სამიზნე მაჩვენებელს, გვსურს ეს პოზიცია შევინარჩუნოთ და ბაზრის ლიდერები ვიყოთ. ვფიქრობ, მეორე ბაზირებული ხომალდის დაბრუნება სწორედ ამ მიზანში ჯდება. მონდომებულები ვართ, რომ ვიყოთ ამ ბაზარზე და უფრო მეტად გავიზარდოთ.

  • როგორც ვხვდები, თქვენი მიზანი კონკრეტული რიცხვი არ არის და გსურთ, საავიაციო ბაზრის ლიდერები იყოთ…

დიახ, ნამდვილად ასეა. ეს არის ჩვენი მიზანი. პანდემიის შემდეგაც ძალიან სწრაფად ვიზრდებით. ამბიციურია, თუმცა შესაძლებელია, რომ იყო ბაზრის ლიდერი და ეს არის ის, რისი გაკეთებაც საქართველოს ბაზარზე გვინდა. 

  • ბოლო წლებში ვხედავთ, რომ Wizz air მხოლოდ ქუთაისის აეროპოტიდან დაფრინავს. გეგმავთ მომავალში სხვა აეროპორტებიდან, მაგალითად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდანაც იფრინოთ?

სამწუხაროდ, თბილისის აეროპორტში მოსაკრებელი მაღალია. აეროპორტთან მოლაპარაკებებს ყოველთვის ვაწარმოებდით, თუმცა შეთანხმებამდე ვერ მივედით. აეროპორტის მოსაკრებელი ჩვენთვის საკმაოდ მაღალია. მოგეხსენებათ, ბიუჯეტური ავიაკომპანია ვართ და ვცდილობთ დაბალი ფასი შევინარჩუნოთ, რათა უფრო მეტმა მგზავრმა შეძლოს ჩვენთან ერთად ფრენა, ეს არის ჩვენი მისია. ამ ეტაპზე ქუთაისიდან დავფრინავთ და გარწმუნებთ, რომ მომავალშიც შევინარჩუნებთ ფრენებს. ყოველთვის უკეთესის მოლოდინი გვაქვს და შესაძლოა, მომავალში თბილისიდანაც ვიფრინოთ, მაგრამ ახლა ქუთაისზე ვართ ორიენტირებულნი. 

  • ჩემი შემდეგი კითხვა უფრო გეოპოლიტიკურია. ვგულისხმობ ევროპაში მიმდინარე ომს, რომელიც ითვლება ყველაზე დიდ კონფლიქტად II მსოფლიო ომის შემდეგ. უკრაინაში მიმდინარე ომმა გაზარდა ზეწოლა ინფლაციაზე - საავიაციო საწვავზე ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა, ასევე ვხედავთ აეროპორტებში კადრების დეფიციტს და ა.შ. თქვენი შეფასებით, რა არის ის გამოწვევები, რის წინაშეც ავიაციის ინდუსტრია დღეს არის და რა არის ამაზე თქვენი პასუხი. მგონი, შეგვიძლია ამას კრიზისი ვუწოდოთ, მეთანხმებით?


დიახ, გეთანხმებით. ეს ნამდვილად არის დიდი კრიზისი. არა მხოლოდ კოვიდმა დაგვარტყა ძალიან, არამედ ეკონომიკურმა სიტუაციამ და რუსეთ-უკრაინის კონფლიქტმა, ასევე მაღალმა ინფლაციამ, საავიაციო საწვავზე ფასიც გაიზარდა. ამ ყველაფერს ერთად შეგვიძლია ვუწოდოთ კრიზისი. დიახ, როგორც თქვით, ეს დიდი გამოწვევებია. სამწუხაროდ, დარტყმის ქვეშ აღმოვჩნდით. ვიტყოდი, რომ ინფლაციის დონე და საავიაციო საწვავზე ფასის ზრდა სისტემური პრობლემაა ინდუსტრიისთვის. მთელი ინდუსტრია ახლა საკადრო დეფიციტს განიცდის.

აქ Wizz air-ს არ ვგულისხმობ, რადგან ბორდის წევრები საკმარისი გვყავს. იღბლიანებად მივიჩნევთ თავს, რადგან მივხვდით, რომ კოვიდის შემდეგ ინდუსტრიის ზრდა სწრაფად იქნებოდა. ასე რომ, თანამშრომლების დეფიციტი Wizz air-ს არ აწუხებს, თუმცა ეს საკითხი პრობლემურია ინდუსტრიისთვის. განსაკუთრებით, როცა ვსაუბრობთ სახმელეთო ოპერატორებზე, უსაფრთხოების თანამშრომლებსა და ხომალდის მენეჯმენტზე. ვიმედოვნებთ, ინდუსტრია ამ პრობლემას სწრაფად გადაჭრის. ამას გავლენა აქვს ჩვენს ოპერირებაზეც, რადგან ეს მთლიანი სისტემაა, რომელიც ადრინდელივით აღარ მუშაობს. ვგულისხმობ პანდემიამდე პერიოდს, როდესაც ძალიან წარმატებით ვმუშაობდით. ვმუშაობთ აეროპორტებთან და სხვა ავიაკომპანიებთან ამ საკითხების მოგზაურებაზე. შემიძლია გითხრათ, რომ Wizz air-ს საკმარისი თანამშრომლები ჰყავს, თუმცა ხომალდის მენეჯმენტის, სახმელეთო ოპერტორების, აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის კუთხით საკადრო დეფიციტია.  ეს ზოგჯერ ჩვენზეც აისახება, რადგან იწვევს შეფერხებებს, ფრენების გაუქმებებს.  ამდენად, მთელი ინდუსტრიისთვის მარტივი პერიოდი არ არის, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ ამის მართვას შევძლებთ როგორც ადრე ვაკეთებდით. ვიმედოვნებთ, ეს მალე დასრულდება. 

  • ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ბიუჯეტურ კომპანიას წარმოადგენთ, ამიტომ გკითხავთ, როგორ ფიქრობთ გაძვირებულ ავიაბილეთებს გაძვირებული საავიაციო საწვავი განაპირობებს, თუ არის კიდევ სხვა მიზეზები? Wizz air-ის მაგალითზე რომ გვესაუბროთ…

ვფიქრობ, სხვა ფაქტორებიც არის. რა თქმა უნდა, საავიაციო საწვავზე ფასის ზრდა ერთ-ერთი მიზეზია. მეორე ფაქტორი ინფლაციაა. ჩვენი კომპანიის ბილეთების ფასი ყოველთვის დინამიური იყო. ის ყოველთვის დამოკიდებული იყო მოთხოვნა/მიწოდებაზე. თუ ბევრი ადამიანი მოინდომებს მოგზაურობას, აშკარაა, რომ ბილეთები უფრო ძვირი იქნება. გაგვიმართლა და ამ ზაფხულს ადამიანებს მოგზაურობა სურთ, რადგან გასულ წლებში კოვიდის გამო ამას ვერ ახერხებდნენ, თუმცა ამ ზაფხულს განსხვავებული ვითარება გვაქვს. ბევრი ადამიანი ელოდება საკუთარ შვებულებას, ამბობენ, რომ ეს ის დროა. ბევრმა ადამიანმა ჩათვალა, რომ “ეს მართლაც ის დროა”, უფრო მეტ ადამიანს სურს იმოგზაუროს ჩვენი ან სხვა ავიაკომპანიის მეშვეობით. მაგალითად, ივნისში მგზავრების რეკოდრული რაოდენობა გვყავდა.  მანამდე ამდენ მგზავრს Wizz air-ით არ უფრენია. ბევრ ადამიანს სურს ფრენა და მოთხოვნა მაღალია. შედეგად, ფასები გაიზარდა. თუ მოთხოვნა შემცირდება, შესაძლებლობა იმის, რომ ბილეთების ფასი შემცირდეს შემოდგომაზე ან ზამთარში, იქნება.

  • უნდა აღინიშნოს, რომ პოსტპანდემიურ პერიოდში მოგზაურობასთან დაკავშირებულ პრობლემებს შორის, გარდა გაძვირებული ავიაბილეთებისა, ბარგის დაკარგვის გახშირება, რაც მგზავრებს დისკომფორტს უქმნის… შეგიძლიათ, უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, როგორ აპირებს Wizz air ამ პრობლემებისთვის თავის გართმევას? ამასთან, გაძვირებული ბილეთები ნიშნავს თუ არა იმას, რომ “იაფი ფრენები” წარსულში დარჩა? მაგალითად, როცა პირობითად 45 ევროდ შეგვეძლო ევროპაში გაფრენილიყავით…

მეორე კითხვით დავიწყებ -  ვფიქრობ, მომავალში ისევ იქნება შესაძლებელი <იაფად ფრენა>. როგორც ვახსენე, ფასები მოთხოვნა/მიწოდების საკითხია. მომავალში შესაძლებელი იქნება იაფად ბილეთების ყიდვა და არ იფიქროთ, რომ ეს შეუძლებელია. ძალიან, ძალიან ბევრ ადამიანს სურს ფრენა, რაც საბოლოოდ ავიაციისთვის კარგია ამბავია, რადგან ბოლო ორი წლის მანძილზე ძალიან დიდი დანაკარგი განვიცადეთ, ამიტომ გვიხარია, როდესაც ვხედავთ მოთხოვნას და ამან განაპირობა ფასების ზრდა. დიახ, ალბათ მომავალში კვლავ შესაძლებელი იქნება იაფად ბილეთის ყიდვა ევროპაში გასამგzავრებლად.

რაც შეეხება პირველ კითხვაზე პასუხს - საკმაოდ ბევრი რამ გავაკეთეთ იმისთვის, რომ ამ ვითარებას მოვრგებოდით. უპირველეს ყოვლისა, გასულ სექტემბერში დავიწყეთ რეკრუტირების პროცესი. დავიქირავეთ ძალიან ბევრი თანამშრომელი ბორდის დასაკონპლექტებლად, მათ შორის კაპიტნები. ასე რომ, ჩვენ უზრუნველყავით ამ კუთხით უსაფრთხოება, რაც გულისხმობს ახალი თანამშრომლების აყვანას. ვფიქრობ, ეს საკვანძო გადაწყვეტილება იყო, რომელიც მივიღეთ. ამის მიუხედავად, არ ნიშნავს, რომ ეს საკმარისია. როგორც გითხარით, ავიაციის სექტორი კადრების დეფიციტს განიცდის.

სამწუხაროდ, მოგვიწია ფრენების, დაახლოებით,  5% გაგვეუქმებინა ივლისსა და აგვისტოში, რათა ოპერირების ნორმალური დონე შეგვენარჩუნებინა. ასევე, ბოლო წუთას გაუქმებები აგვერიდებინა თავიდან. ძალიან ვწუხვართ ამ გაუქმებებზე, მაგრამ ეს წინსმწრებად გავაკეთეთ. ბილეთის ფასებთან დაკავშირებით პროგნოზირება არ შემიძლია, თუმცა როგორც ყოველთვის შემოდგომასა და ზამთარში ადამიანები, როგორც წესი, ნაკლებს მოგზაურობენ და დაბალი მოთხოვნის პირობებში, ფასი მცირდება. 


მთავარი ფოტო: Nakanimamasakhlisi

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა