მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ უნდა დაადგინოს ბიზნესმა შეუძლია თუ არა მას მუშაობა?

5e8472c98965f
შოთა ტყეშელაშვილი
01.04.20 14:51
2086
31 მარტიდან საქართველოში გამკაცრებული საგანგებო მდგომარეობა არის ძალაში. მთავრობის გადაწყვეტილებით, მხოლოდ საგამონაკლისო ეკონომიკური საქმიანობების გაგრძელება არის შესაძლებელი. ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა BMG-ის კითხვაზე პასუხისას განაცხადა, რომ მთავრობის დადგენილებაში ბიზნესის საქმიანობის შესახებ ყველა დეტალის ჩაწერა ვერ მოხდებოდა, სწორედ ამიტომ დადგენილების შესაბამისად ბიზნესები მიმართავენ დარგობრივ სამინისტროებსა და თვითმმართველობებს და მათ საკუთარი საქმიანობის შესახებ აწვდიან ინფორმაციას.

“ჩვენ რეგიონული შტაბების დონეზე, ისევე როგორც თვითმმართველობების დონეზე, რომლებიც მუშაობენ ყველა რეგიონში, ვიღებთ ინფორმაციას ამა თუ იმ კერძო სუბიექტისგან, რომელმაც უნდა წარმოადგინოს რწმუნება იმისა, რომ მისი საქმიანობა არის დაკავშირებული იმ აუცილებელ საქმიანობასთან, რომელსაც ჩვენ დღეს ვაწარმოებთ.

მაგალითად, თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ნებადართულია სურსათის მიწოდება, ან ფარმაცევტული ქსელი, ბუნებრივია, სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც აწოდებს მათ პროდუქტს უნდა ფუნქციონირებდეს. ისევე როგორც უნდა გაგრძელდეს პურის საცხობების და სასურსათო პროდუქციის წარმოება. ეს შესაძლოა, ასე კონკრეტულად არ არის ჩაწერილი ამ ეტაპზე ამ დადგენილებაში, ვინაიდიან დადგენილებაში ვერ ჩაიწერება ყველა დეტალი და სწორედ ამიტომ მასში არის დატოვებული დათქმა, რომ ჩვენ უნდა მივმართოთ რეგიონულ ოპერატიულ შტატებს, თვითმმართველობებს, დარგობრივ სამინისტროებს, რათა მათი მეშვეობით მოხდეს კომუნიკაცია ყველა ბიზნეს სუბიექტთან იმასთან დაკავშირებით თუ ვისთვის არის ნებადართული საქმიანობა, რა სახით და რა რეჟიმით.

ასევე, მათთვისაც, ვინც უნდა დარჩეს სახლში და დროებით შევზღუდოთ ეკონომიკური საქმიანობა, რათა უფრო სწრაფად დავუბრუნდეთ ჩვენ საქმიანობას, უფრო სწრაფად დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას და აღვადგინოთ ჩვენი ბიზნესი,”- ამბობს ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი.

ამასთან ინფრასტრუქტურის მინისტრი ამბობს, რომ ბიზნეს საქმიანობის შეზღუდვა ეხებათ იმ კომპანიებსაც, რომლებიც სახელმწიფოს აწვდიან სერვისებს. მაია ცქიტიშვილის განცხადებით, საქმიანობა, რომელსაც შეზღუდვა არ შეეხება სახელმწიფოს დაკვეთით მსხვილი ინფრასტრუქტურული ობიექტების განხორციელებაა.

"კითხვაზე იმუშავებს თუ არა ყველა კომპანია, რომელიც საჯარო სექტორს აწვდის სერვისს, ჩემი პასუხი არის რომ ყველა სერვისი ვერ იმუშავებს. ჩვენ განვსაზღვრავთ მხოლოდ აუცილებელ სერვისებს, რომელთაც მათ შორის იღებს საჯარო უწყება, შესაძლოა საჯარო დაწესებულებებმაც დროებით უარი თქვან გარკვეულ სერვისებზე, რომლებიც ამ ეტაპისთვის არ იქნება მიჩნეული აუცილებლობად.

იგივე ეხება მშენებლობას. მშენებლობასთან მიმართებით, როგორც უკვე განვაცხადეთ მსხვილი სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტები, სადაც მკაცრად კონტროლდება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული ყველა წესის უპირობო დაცვა, ისინი გააგრძელებენ მუშაობას; 

მაგრამ ასევე მოხდება კერძო სექტორთან მიმართებაში და ის ორგანიზაციები, რომლებიც წარადგენენ მუნიციპალიტეტებში და ოპერატიულ შტაბებში დასტურს იმისას, რომ მათი სამუშაო პროცესი ორგანიზებულია ისე, რომ ეს შეესაბამება სრულად ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციებს, ასეთ სამშნებლო კომპანიებს და ასეთ სამშენებლო ობიექტებს მიეცემათ მუშაობის გაგრძელების საშუალება", - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

სრულად საგამონაკლისო წესით განსაზღვრული საქმიანობების ჩამონათვალი, ანუ სფეროების სია, რომლებზეც არ ვრცელდება ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვა ასეთია:

„მუხლი 7. ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვა

1. საგანგებო მდგომარეობის ვადით ჩერდება ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა, გარდა:

ა) სამედიცინო დაწესებულების საქმიანობისა;

ბ) სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების საცალო რეალიზაციისა, ასევე მათი წარმოების, შენახვის, საბითუმო ვაჭრობისა და დისტრიბუციის, სურსათის შესაფუთი მასალების/ტარის წარმოებისა;

გ) წისქვილების, პურ-ფუნთუშეულის საცხობების, რძის მიღება-გადამუშავების საწარმოების საქმიანობისა;

დ) ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის წარმოებისა/გადაცემისა/განაწილებისა/მიწოდებისა, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდებისა, ასევე სატელეკომუნიკაციო, საფოსტო და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდებისა;

ე) კომერციული ბანკების საქმიანობისა;

ვ) იმ საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისა და მათი აგენტების საქმიანობისა, რომლებიც აწვდიან მომსახურებას თვითმომსახურების კიოსკების მეშვეობით;

ზ) საგადახდო სისტემის ოპერატორების საქმიანობისა;

თ) ბანკომატების, თვითმომსახურების კიოსკებისა და პოსტერმინალების უწყვეტი ფუნქციონირებისათვის საჭირო საქმიანობისა;

ი) მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობისა;

კ) საბანკო-საფინანსო პროდუქტების/მომსახურების დისტანციური არხებით მიწოდებისა/რეალიზაციისა;

ლ) სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის წარმოებისა/დისტრიბუციისა/რეალიზაციისა;

მ) სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარებასა და მეცხოველეობასთან/მეფრინველეობასთან დაკავშირებული საქმიანობისა;

ნ) მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებით მომსახურებისა;

ო) საკვები პროდუქტის მიტანის მომსახურებისა (ე.წ. „დელივერი სერვისი“);

პ) კერძო დაცვითი საქმიანობისა;

ჟ) საადვოკატო საქმიანობისა;

რ) ავტოტექმომსახურების გამწევი სუბიექტების საქმიანობისა;

ს) პრესის ჯიხურებისა. 


დღესვე საქართველოს მთავრობამ ოპერირების გაგრძელების ნებართვა მისცა იმ კომპანიებსაც, რომლებიც ამ სექტორებში არ ხვდებიან. 

67 კომპანიის სიას, ვინც დამატებით მიიღო საქმიანობის გაგრძელების უფლება, შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.