მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ უნდა დარეგისტრირდეთ თხილის სუბსიდირების პროგრამაში?

636912e22c717
ვიქტორია მღებრიშვილი
07.11.22 19:22
3644
თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია დაიწყო. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მეთხილე ფერმერებმა, ფინანსური დახმარების მისაღებად, 2022 წლის 7 ნოემბრიდან 2023 წლის 31 იანვრამდე თხილის ბაღები თხილის კადასტრში უნდა დაარეგისტრირონ.

უწყების ცნობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, თხილის წარმოების ხელშემწყობი ახალი სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა.

BM.GE დაინტერესდა, როგორ და სად შეძლებენ მეთხილე ფერმერები ბაღების კადასტრში დარეგისტრირებას და 2023 წლიდან სუბსიდირების მიღებას - ამ კითხვებს სოფლის მეურნეობის სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, თხილის პროექტის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა ლაშა შალამბერიძემ უპასუხა.

მისი განმარტებით, კადასტრის შექმნის გამარტივების მიზნით, მეთხილე ფერმერებს რეგისტრაციაში სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სოფელში ადგილობრივი კადასტრის ოფიცრები დაეხმარებიან, რომლებიც სპეციალურად ამ პროგრამისთვის გადამზადდნენ.

„ქვეყანაში პირველად თხილის კადასტრი იქმნება. ეს მეთხილეობის ინდუსტრიის უნიკალური პროცესი იქნება, რის შემდეგაც თხილის ბაღების რაოდენობა, მათი მოვლის შესაძლებლობები და სხვა დანარჩენი ინფორმაცია დეტალურად გვეცოდინება. გეგმის შესაბამისად, რომელიც ყოველ ოთხშაბათს გამოქვეყნდება, სოფლის ცენტრში მაგალითად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში 5 დღის განმავლობაში 6-7 კადასტრის ოფიცერი ფერმერებს უბნების მიხედვით მიიღებს და დაარეგისტრირებენ, რაც რუკაზე მათი ბაღების რეგისტრაციას მოიცავს. ამის შემდეგ ფერმერები მოაწერენ ხელს და მარტის თვიდან ხელშეწყობის პროგრამით ჩარიცხვები დაიწყება.

გაწერილი გეგმის მიხედვით, 150-მდე კადასტრის ოფიცრისგან 21 ჯგუფია შექმნილი, რომელიც საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის სოფელში, გეგმის მიხედვით მივა და მოსახლეობას ამ სერვისს ადგილზე გაუწევს, რომ მათ მუნიციპალიტეტიდან გარეთ გასვლა არ დასჭირდეთ“, - განმარტა ლაშა შალამბერიძემ.

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „თხილის კადასტრის სამუშაო ჯგუფის წარმომადგენელთა სოფლებში ვიზიტი შესაბამისი გრაფიკითაა დაგეგმილი. უახლოესი ერთი კვირის გრაფიკის შესახებ ინფორმაცია, კონკრეტული რეგიონის, სოფლისა და ვიზიტის თარიღის მითითებით, ხელმისაწვდომია სოფლის განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე, აღნიშნული ინფორმაცია ყოველ ოთხშაბათს განახლდება.

სუბსიდიის მისაღებად, საქართველოს მოქალაქე, ფიზიკურ პირს საკუთრებაში ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში 0.2 ჰა-დან 3 ჰა-მდე თხილის ბაღი უნდა ჰქონდეს. სუბსიდიის მოცულობა 1 ჰა თხილის ბაღზე გადაანგარიშებით 500 ლარით განისაზღვრება.

პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებზე სუბსიდიის გაცემა ლიბერთი ბანკის აგრობარათზე შესაბამისი ქულების დარიცხვით მოხდება. ქულების დარიცხვა 2023 წლის გაზაფხულზე დაიწყება. სპეციალიზებულ აგრომაღაზიებში დარიცხული ქულების გამოყენების ბოლო ვადა 2023 წლის 31 აგვისტოა.

თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სოფლის განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე - www. rda.gov.ge