მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ უნდა გაიზარდოს ქვეყანაში ხორბლის თვითუზრუნველყოფა 15-დან 50%-მდე - ბექა გონაშვილის შეფასება

625952687b7c4
ვიქტორია მღებრიშვილი
15.04.22 23:00
2467
სოფლის მეურნეობის მინისტრმა, 14 აპრილს, პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა, რომ ქვეყანას, რამდენიმე წელიწადში, ხორბლის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებლის 15-დან 50%-მდე გაზრდა შეეძლება. ოთარ შამუგიას დეტალურად არ უსაუბრია იმაზე როგორ შეიძლება ამ მიზნის მიღწევა და მაინც რამდენი წელი იქნება საჭირო იმისთვის, რომ ქვეყანაში ხორბლის მოთხოვნის 50% ადგილობრივ წარმოებაზე მოდიოდეს.

ამ კითხვებით BM.GE-მ სოფლის მეურნეობის დარგის წარმომადგენელს კომპანია „აგროქიზიყის“ დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს ბექა გონაშვილს მიმართა. ფერმერი თვლის, რომ ხორბლის თვითუზრუნველყოფის 50%-მდე გაზრდა შესაძლებელია, თუმცა ამისთვის დრო - 4-5 წელი და სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. ბექა გონაშვილის განმარტავს, რომ საქართველოში 1 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე ხორბლის მოსავლიანობა დაახლოებით 3 ტონაა, რაც დაბალი მაჩვენებელია. ის ამბობს, რომ ეს რიცხვი 6 ტონამდე მაინც უნდა გაიზარდოს, რათა ქვეყანაში ხორბლის პროდუქტიულობა გაუმჯობესდეს.

„ქვეყანაში წლიურად 60-დან 70 ათას ჰექტრამდე მიწა იხვნება და საშუალოდ 170 ათასი ტონა ხორბალი მოგვყავს. ხორბლის საერთო წლიური მოხმარება კი 800 ათასი ტონაა. ადგილობრივი ხორბლის წარმოება 300 000 ტონაზე რომ ავიდეს, ეს ნორმალური მაჩვენებელი იქნება“, - ამბობს გონაშვილი.

ახალი ტექნოლოგიების წარმოების პროცესში ჩართვა, პროდუქტიულობის გაზრდა ახალი სათესლე მასალის შემოტანის საშუალებით და ცოდნა - ეს ის მთავარი ნაბიჯებია, რომელიც ფერმერის აზრით, ხორბლის პროდუქტიულობის ზრდისთვის არის საჭირო.

„პროდუქტიულობის გაზრდისთვის მნიშვნელოვანია სწორი ტექნოლოგიების გამოყენება, რადგან არასწორი ტექნოლოგიებით, გვალვის დროს ხორბლის მოსავალს ვერ ვიღებთ. ამასთან საჭიროა ცოდნა, რომელიც არ გვაქვს, ამისთვის სახელმწიფომ უნდა შემოიყვანოს სპეციალისტები, რომლებიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში პრაქტიკაში გაგვიზიარებენ ამ ცოდნას და პროდუქტიულობის ზრდის შემთხვევაში შევძლებთ თავად გამოვიყენოთ ახალი მიდგომები. სპეციალისტების შემოყვანის პროგრამა სახელმწიფოს კოვიდამდე ჰქონდა, თუმცა შემდეგ შეწყდა. კარგი იქნება თუ აღდგება.

ამ ნაბიჯების განხორციელების შემთხვევაში განსხვავებული შედეგი მეორე წელსვე გვექნება, თუმცა მიზნის მისაღწევად 4-5 წელია საჭირო“, - განმარტა ბექა გონაშვილმა.

„აგროქიზიყის“ დამფუძნებელი თვლის, რომ დარგის წარმომადგენლებს ხორბლის მოსავლიანობის ზრდის საწყის ეტაპზე სახელმწიფოს დახმარება ესაჭიროებათ.

„ქვეყანაში ძალიან ბევრი წვრილი ფერმერია, ამიტომ დანადგარების შეძენა და ამაზე რისკის გაწევა დარგის წარმომადგენლებს გაგვიჭირდება. 500 ჰა მიწის ფართობი ფერმერებს რეინვესტირების საშუალებას არ გვაძლევს. ამიტომ სახელმწიფომ გამართული სისტემით ახალი ტექნოლოგიების შემოტანა ისე უნდა შეძლოს, რომ ეს ეფექტიანი იყოს. არ ვამბობ, რომ სახელმწიფომ ეს ტექნოლოგიები გვაჩუქოს, შეიძლება ეს იყოს პირობითად 10-წლიანი სესხით და ა.შ. პროგრამა ისე უნდა იყოს აწყობილი, რომ რამდენიმე წლის შემდეგ ფერმერი ისე იდგეს ფეხზე, რომ თავად გაუძღვეს პროცესებს“, - უთხრა BM.GE-ის ფერმერმა.

ცნობისთვის: საქსტატის მონაცემებით, 2021 წელს ხორბლის წარმოება 32.9%-ით გაიზარდა და 136.1 ათასი ტონა შეადგინა. ხოლო 1 ჰა მიწის ფართობზე მოსავლიანობა 2.7 ტონაა.