მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ უნდა განვასხვავოთ "ომიკრონი" და "დელტა" შტამები? – ინფექციონისტი

61debdca50b7b
ინგა მურუსიძე
12.01.22 15:48
1104
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი კორონავირუსის ახალი შტამის, "ომიკრონის" შესახებ ამ დროისთვის არსებულ კვლევებზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებს. მისი განმარტებით, "ომიკრონით" გამოწვეული კოვიდის ინკუბაციური პერიოდი (ინფიცირებიდან სიმპტომების გამოვლენამდე) 3 დღემდეა შემცირებული.

„ომიკრონის" შტამისთვის დამახასიათებელია 5 ძირითადი სიმპტომი: ცხვირიდან გამონადენი, თავის ტკივილი, საერთო სისუსტე, ცემინება და ყელის ტკივილი.

ასევე დამატებით აღინიშნება კოვიდისთვის აქამდე ნაკლებად დამახასიათებელი სიმპტომები: გულისრევა, ღამით ოფლიანობა, წელის ტკივილი.

ხველა შეიძლება იყოს, თუმცა უფრო მსუბუქად გამოხატული, ვიდრე კოვიდის წინამორბედი შტამების შემტხვევაში. სიცხე შედარებით ნაკლებად ახასიათებს.

ყნოსვის და გემოს ცვლილება ძალიან იშვიათია (დელტას შემთხვევაშიც შედარებით ნაკლებად გვხვდებოდა, ხოლო ომიკრონის შტამი კიდევ უფრო იშვიათად იწვევს ამ სიმპტომს).

ქვედა სასუნთქი გზების დაზიანება შედარებით ნაკლებად ხდება და შესაბამისად, სუნთქვის გაძნელება ნაკლებად ახასიათებს.

ჰოსპიტალიზაცია შემცირებულია 70%-ით (თუმცა ვინაიდან ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა ძალიან მაღალია, ჰოსპიტალიზაციის საჭიროების მქონეთა აბსოლუტური რიცხვიც მაღალია. შესაბამისად, ამჟამად საწოლების მაქსიმალური მზადყოფნა მაინც აუცილებელია).

50%-ით ნაკლებია რეანიმაციაში მოხვედრის რისკი, 4-5-ჯერ ნაკლებია მართვით სუნთქვაზე გადაყვანის რისკი.

რეანიმაციაში მოხვედრილთა და მართვით სუნთქვაზე გადაყვანილთა მაღალი პროცენტია არავაქცინირებული.

ვაქცინის სამი დოზა ჰოსპიტალიზაციის რისკს 80%-მდე ამცირებს. კვლავ საყურადღებოა 65 წელზე მეტი ასაკის ადამიანთა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი - 5%.

ბევრ ქვეყანას სერიოზული პრობლემები აქვს შექმნილი ინფიცირებულთა დიდი რიცხვის გამო სამუშაო ადგილებზე შექმნილ კრიზისთან დაკავშირებით“, - აცხადებს მაია ბუწაშვილი.

შეგახსენებთ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში ომიკრონის 1000-მდე შემთხვევაა დადასტურებული, მათი უმრავლესობა მსუბუქად მიმდინარეობს.