მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ უნდა იმართოს ეპიდემია? - 4-პუნქტიანი ხედვა ზურაბ ჭიაბერაშვილისგან

5f8d3036047c8
ინგა მურუსიძე
19.10.20 10:52
1406
პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი თავის ხედვას აქვეყნებს, თუ როგორი უნდა იყოს კორონაეპიდემიის მართვის სტრატეგია.

ჭიაბერაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, დაუყოვნებლივ გამოსწორდეს, დაახლოებით, 4 პუნქტი, თუ გვინდა, რომ დეკემბერში ძალიან სერიოზულად არ დამძიმდეს მდგომარეობა:

1. საჯარო კომუნიკაციაში სრული ჩავარდნაა. ეს დრამატულად უნდა შეიცვალოს. სატელევიზიო და სოციალურ მედიაში ინტენსიური კამპანიის (და არა ბრიფინგების!) პარალელურად, ცხელი ხაზებზე (112, 144, 1505) უნდა ვრეკავდეთ უპრობლემოდ და კვალიფიციურად უნდა გვპასუხობდნენ ყველა საჭირო კითხვაზე. საჯარო კომუნიკაციის და ცხელი ხაზების მომსახურების გაუმჯობესებისა და ოჯახის ექიმების გაძლიერების პარალელურად, გვჭირდება რაც შეიძლება ბევრი ხარისხიანი სწრაფი ტესტი, რომელსაც სეზონური გრიპის პერიოდში არა მხოლოდ სამედიცინო, არამედ დღეს არსებულ მასობრივ ქაოსთან გამკლავების დანიშნულება ექნება.

2. პირბადის ტარება (დაფარული ცხვირით!) სავალდებულო უნდა გახდეს ნებისმიერ საჯარო სივრცეში და მისი განუხრელი აღსრულებაა საჭირო. 2-მეტრიანი დისტანცია უნდა დავიცვათ უპირობოდ ყველგან! პირადი ჰიგიენა საკვანძოა!

3. ჩვენი ოჯახების დემოგრაფიისა და იმის გათვალისწინებით, რომ უმეტეს ოჯახში რისკ-ჯგუფში შემავალი ერთი ადამიანი მაინცაა, მომდევნო 2-3 კრიტიკული თვის განმავლობაში საკარანტინე სივრცეებში ნებაყოფლობით განვათავსოთ რისკ-ჯგუფში შემავალი არაინფიცირებული (!) ადამიანები. ეს საშუალებას მოგვცემს, ნაკლებრისკიანი მოქალაქეების მიერ ინფექციის მსუბუქი ფორმები თვითიზოლაციის პირობებში, ოჯახის ექიმების რეგულარული სატელეფონო მეთვალყურეობის ქვეშ, ეფექტიანად იმართოს და თან ინფექცია რისკის მქონე პირებზე არ გავრცელდეს.

4. ჯანდაცვის სამინისტრომ არა-covid, ცხელების და covid-კლინიკებს შორის ეფექტიანი კოორდინაცია უნდა დაიწყოს, რომ მრავალპროფილური საავადმყოფოები კორონავირუსით ინფიცირებისაგან დავიცვათ და, იმავდროულად, სხვა დიაგნოზის პაციენტებს სამედიცინო მომსახურება არ მოვაკლოთ. სამედიცინო სექტორის დაფინანსების პრობლემები უნდა აღმოიფხვრას.

„ვაქცინის და/ან ანტივირუსული პრეპარატის შექმნის შემთხვევაშიც კი ახალ კორონავირუსთან კაცობრიობის ჭიდილი გრძელვადიანი, რამდენიმეწლიანი პროცესია. ჩვენი ეკონომიკური და ფსიქოლოგიური რესურსების დაზოგვას და ყაირათიან გამოყენებას უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ვირუსთან თანაცხოვრება ისე შევძლოთ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამანის სიცოცხლე შევინარჩუნოთ და თან არ გამოვიფიტოთ.

21 მარტს მეც მხარი დავუჭირე ერთი თვით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, რომ პირველი შოკი გადაგვეტანა, მაგრამ ყოვლად გაუმართლებელი იყო გაზაფხულზე ერთ თვეზე მეტით ჩაკეტვა, რადგან ამან გამოგვფიტა ეკონომიკურად და ფსიქოლოგიურად. მით უმეტეს, ამის ეპიდემიოლოგიური საჭიროება მაშინ არ არსებობდა. ზაფხული კი, გახარიას ფრაზა რომ გამოვიყენო, მთავრობამ “ქართულ-ჯიგრულ პონტში” გაატარა ანუ, უბრალოდ, დრო გაიფლანგა.

მომდევნო მინიმუმ 2-3 თვე იქნება კრიტიკული, რადგან გვაქვს ვირუსის უკონტროლო გავრცელება და, ჯერჯერობით, გვყავს უუნარო მთავრობა, რომელიც სრულიად მოუმზადებელი დახვდა ეპიდემიის ამ ფაზას.

“ქართულ ოცნებას” არ აქვს საზოგადოების ნდობა და, რაც მთავარია, პოლიტიკური ნება, ეფექტიანად ებრძოლოს ვირუსის გავრცელებას. მისი ინტერესი ერთადერთია: მივაღწიოთ არჩევნებამდე და მერე რაც იქნება, იქნება.

რა იქნება? სიკვდილიანობის დღევანდელი მაჩვენებელი შეესაბამება ინფიცირებულთა იმ რაოდენობას, რაც იყო 2 კვირის წინ. შეგიძლიათ, იანგარიშოთ, რა შეიძლება იყოს (ნეტავ შევცდე!) სიკვდილიანობა 2 კვირის შემდეგ. ამიტომ გვჭირდება კორონაეპიდემიის მართვის ეფექტიანი სტრატეგია.

ამ პირობებშიც კი სრული ჩაკეტვა გამოსავალი არაა, რადგან ამის გრძელვადიანი ეკონომიკური და ფსიქოლოგიური რესურსი არც მანამდე გვქონდა და რაც გვქონდა, ისიც გაზაფხულზე მთავრობამ უყაირათოდ გაგვახარჯინა. ათიათასობით ოჯახს დანაზოგი ისედაც არ ჰქონდა. ათიათასობით ოჯახმა მწირი დანაზოგი უკვე გამოჭამა. ეკონომიკური საფუძვლის გარეშე ვირუსთან გრძელვადიან ჭიდილს კი ვერ გავუძლებთ“, - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

რა იგულისხმება ფსიქოლოგიურ რესურსში?

„რაც უფრო ძნელად შესასრულებელს ვხდით რეგულაციას, რაც უფრო ვურთულებთ რეგულაციით ცხოვრებას ყველაზე ღარიბ და დაუცველ მოქალაქეს, მით უფრო მეტ ადამიანს ვუბიძგებთ მისი უგულვებელყოფისკენ. შესაბამისად, მით მეტ სივრცეს ვუტოვებთ ვირუსს, გაარღვიოს ჩვენი თავდაცვის ბარიერები.

კორონაეპიდემიის მართვის ეფექტიანი სტრატეგია გათვლილი უნდა იყოს იმაზე, როგორ შეასრულებს მას და/ან როგორ დავეხმარებით, რომ შეასრულოს, მაგალითად, მარტოხელა პენსიონერი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიკაანში და არა იმაზე, როგორ შეასრულებს მას თბილისის ცენტრში მცხოვრები ოჯახი, რომლის შემოსავალი დღესაც თვეში 3000 ლარია. “ქართულ ოცნების” მთავრობა კი, პრივილეგირებული ელიტის ფეისბუქ-შფოთვაზე უფრო რეაგირებს, ვიდრე ჩვენი ქვეყნის ყველაზე დაუცველი ადამიანების საჭიროებებზე.

რისკ-ჯგუფში შემავალი ყველაზე დაუცველი ადამიანების მნიშვნელოვან ნაწილს არ აქვს თვითიზოლირების საშუალება. ამის ფართი და მატერიალური შესაძლებლობა ოჯახების მცირე რაოდენობას აქვს. არადა მთელი საზოგადოების ჩაკეტვის ეკონომიკური რესურსი არ გვაქვს. ამიტომ ნომერ პირველი ამოცანაა, რისკ-ჯგუფში შემავალი ყველაზე დაუცველი ადამიანების იზოლირება. თუ საკარანტინე სივრცეებზე საბიუჯეტო რესურსს ვხარჯავთ, სჯობს ის სწორედ ამ საქმეს მოვახმაროთ, ოღონდ ვირუსის გავრცელებისგან დაცვის უმაღლესი სტანდარტით.

თუ საკარანტინო სივრცეებს რისკ-ჯგუფში შემავალი არაინფიცირებული (!) ადამიანებისათვის გამოვიყენებთ, რომლებიც თავად გამოთქვამენ იქ განთავსების სურვილს, მაშინ ნაკლებრისკიანი მოქალაქეების (რომელთა ოჯახების რისკ-ჯგუფში შემავალ არაინფიცირებული წევრები საკარანტინო სივრცეებში ნებაყოფლობით იქნებიან იზოლირებულნი და დაცულნი) მიერ ინფექციის სახლის პირობებში გადატანა დამატებით პრობლემებს არ შექმნის. ოღონდ ისინი ოჯახის ექიმების რეგულარული სატელეფონო მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყვნენ. მათთან კომუნიკაცია უნდა იყოს მუდმივი!

კორონაეპიდემიის შეკავებისას წამყვანი როლი ეპიდემიოლოგებს ჰქონდათ. დიდი მადლობა მათ! კორონაეპიდემიის მართვის ეტაპზე, მით უმეტეს, სეზონური გრიპის პარალელურად, წამყვანი როლი ოჯახის ექიმებს ეკისრებათ. დავეხმაროთ მათ, გაუძღვნენ საქმეს. ისინი მიტოვებულად და უმწეოდ გრძნობენ თავს. არადა მათი როლი უზარმაზარია, რომ დატვირთვის სიმძიმე ჰოსპიტალურ სექტორზე შესუსტდეს.

საჯარო კომუნიკაციისა და ცხელი ხაზების მომსახურების გაუმჯობესების და ოჯახის ექიმების გაძლიერების პარალელურად, გვჭირდება რაც შეიძლება ბევრი სწრაფი ტესტი, რომელსაც სეზონური გრიპის პერიოდში არა მხოლოდ სამედიცინო, არამედ დღეს არსებულ მასობრივ ქაოსთან გამკლავების დანიშნულება ექნება.

როგორ წარმოვიდგენდი, რომ გაზაფხულზე ტესტების დეფიციტის შემდეგ დღეს გრიპის ვაქცინის დეფიციტი გვექნებოდა. 22 აპრილს საჯაროდ გავართხილე მთავრობა ამის თაობაზე, რომ სეზონური გრიპის რაც შეიძლება მეტი ვაქცინა დაერეზერვებინათ.

ჰოსპიტალურ სექტორში ინფექციის შიდა კონტროლი ჩვენი “აქილევსის ქუსლია”, რადგან ჯანდაცვის სამინისტროს არაფერი გაუკეთებია, რომ საავადმყოფოებს მის გაუმჯობესებაში დახმარებოდა. ამიტომაც იქნა გამოსავლად არჩეული “ცხელების კლინიკების” გახსნა, ოღონდ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მათი – ისევე, როგორც მთელი ჰოსპიტალური სექტორის – კოორდინაცია ასევე ვერ უძლებს კრიტიკას (მაგალითად, არა-covid-კლინიკიდან დადასტურებული შემთხვევის გადაყვანას ხშირად 12 და მეტი საათი სჭირდება, საეჭვო პაციენტის გადაყვანა კი საერთოდ არ ხდება ცხელების კლინიკაში, სანამ ტესტი არ გაკეთდება). ცხელების და covid-კლინიკები, ოღონდ სათანადოდ კოორდინირებული, ერთადერთი გამოსავალია, რომ მრავალპროფილური საავადმყოფოები კორონავირუსით ინფიცირებისაგან დავიცვათ. ეს კი იმისთვის გვჭირდება, რომ სხვა დიაგნოზის პაციენტებს სამედიცინო მომსახურება არ მოვაკლოთ. სრული ჩაკეტილობის შემთხვევაში, როგორც ეს გაზაფხულზე იყო, სხვა დაავადებებით გარდაცვალების მაჩვენებელიც გაგვეზრდება.

ზუსტად იმიტომ, რომ სხვა დაავადებების მართვა პირველადი ჯანდაცვისა და ჰოსპიტალურმა სექტორებმა ასევე შეუფერხებლად გააგრძელონ, მათთან ჯანდაცვის სამინისტროს დაპირისპირება უნდა შეწყდეს და დაფინანსების პრობლემები უნდა აღმოიფხვრას.

და მთავარი, გვჭირდება რაც შეიძლება მეტი ადამიანი, რომელიც 31 ოქტომბრის წინ მარტივ და ლოგიკურ შეკითხვას დასვამს: თუ ამ მთავრობას 8 წლის განმავლობაში არაფერი უმართავს ეფექტიანად, როგორ შეიძლება მან ასეთი მასშტაბის პრობლემა მართოს ეფექტიანად?“, - წერს ზურაბ ჭიაბერაშვილი ბლოგში, რომელიც თავად გაავრცელა.