მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ უნდა მოხდეს ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნა - ვატო ლეჟავას მოსაზრება

5e9ee2d79bcd0
შოთა ტყეშელაშვილი
21.04.20 16:35
1362
თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის რექტორმა და საკონუსლტაციო კომპანია “რეფორმატიკსის” დირექტორმა ვატო ლეჟავამ გადაცემა “საქმის კურსში” განაცხადა, რომ არსებულ ვითარებაში კრიზისის სწორი მენეჯმენტი დამოკიდებულია ჯანდაცვის სისტემის შესაძლებლობებსა და ეკონომიკის გახსნას შორის სწორი ბალანსის პოვნაზე, რათა ერთი მხრივ, ქვეყანაში არ შეიქმნას პიკური ავადობის ვითარება, ხოლო მეორე მხრივ, დაწესებულმა შეზღუდვებმა არ განაპირობოს ის, რომ ქვეყნის ეკონომიკური შესაძლებლობები რეგიონალურად ყველას ჩამორჩეს.

"საქართველო რომ დაუბრუნდეს ეკონომიკური განვითარების ნორმალურ კურსს, ამის წინაპირობები არსებობს; რომ შევხედოთ ნავთობის ფასს, ასეთი ვარდნა ჩვენ სასარგებლოდან შეგვიძლია გამოვიყენოთ, რადგანაც ჩვენ მომხმარებლები ვართ და ჩვენი პროდუქცია უფრო კონკურენტუნარიანი იქნება, რადგანაც ენერგეტიკული დანახარჯები პროდუქციაში უფრო ნაკლები შეიძლება იყოს. ეს მაგალითისათვის.

გამოვალთ უკეთ, თუ სწორად დავიჭერთ ბალანსს, შეზღუდვებსა და ეკონომიკურ აქტივობას შორის. შეზღუდვები აუცილებელია, რათა ჩვენმა ჯანდაცვის სისტემამ გაუძლოს, თუმცა - არც ამაზე მეტი. ამ ვითარებაში, რის საშუალებასაც გვაძლევს ჯანდაცვის სისტემა, ჩვენ უნდა გავხსნათ ეკონომიკა მაქსიმალურად, რამდენადაც ეს შესაძლებელია.

ჩვენ თუ შევძლებთ, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემის 60%-ზე მეტი არ იყოს დატვირთული, იმ ფარგლებში შესაძლებელი უნდა იყოს. თუ დავუჯერებთ ციფრებს, ჯანდაცვის სისტემა 20%-ის ფარგლებში არის დატვირთული, ამიტომ რესურსი გვაქვს. ცხადია, ეს უნდა იყოს მოზომილი და გათვლადი და დამოკიდებული შედეგებზე. უნდა იყოს ინდიკატორები, რომლებიც გვკარნახობენ იყოს უფრო მეტი გახსნილობა თუ პირიქით. ახლა ვართ მდგომარეობაში, როდესაც ვთქვათ, მოდი, არაფერი არ გავაკეთოთ და იქნებ რაღაცა მოხდეს. იქნებ რაღაც სასწაული არ მოხდება. ყველა გამოცდილება, საღი აზრი და სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ საბოლოო ჯამში, სადღაც 60-70% მოსახლეობის უნდა დაინფიცირდეს, ეს არის გარდაუვალი. აქ საუბარია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად/ნელა მოხდება ეს. ეს კი სრულიად გამომდინარეობს ჯანდაცვის სისტემის სიმძლავრეებიდან, სხვა არაფრიდან. ამაში არც მითოლოგიაა რაიმე, არც ფობია და არც რაიმე ჯადო.

იმიტომაც არის კრიზისი, რომ არ არსებობს დაწერილი სახელმძღვანელო პრინციპები, თუ როგორ იმოქმედო. შეიძლება, რაც სწორი იყო 16 მარტს, არ იყოს სწორი 16 აპრილს.

ფორს-მაჟორი თავისი დეფინიციითაც ნიშნავს იმას, რომ არის მოულოდნელი გარემოება. ახლა ჩვენ აღარ ვართ მოულოდნელ გარემოებებში. ჩვენ ვართ საკმაოდ მძიმე, რთულ, მაგრამ ცხად გარემოებებში. გვაქვს საფრთხეები, რომლებიც უფრო გათვლადია, ვიდრე იყო ერთი თვის წინ. პლიუს გვაქვს რამდენიმე ქვეყნის წარმატებული თუ წარუმატებელი გამოცდილება. ასე რომ, მიდგომა “მოდით არაფერი არ გავაკეთოთ” - ეს არ არის კრიზის-მენეჯმენტი.

შემდგარი ფაქტია, რომ გლობალიზაცია შეუქცევადია, მიუხედავად ამგვარი კრიზისებისა. ჩვენ ეს დინება, რომელიც დამყარებულია ადამიანების ინტერესებზე, შეგვიძლია ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ ან შეგვიძლია დინების საწინააღდეგოდ ვიცუროთ, უბრალოდ წინ ვერ წავალთ, წავალთ უკან. ეს არჩევანის საკითხი არ არის, ეს არის სიტუაციის უკეთ გამოყენების საკითხი. თუ ჩვენი მეზობლები უფრო სწრაფად მოახდენენ ნორმალიზებას, ვიქნებით უფრო წამგებიან მდგომარეობაში. როგორც ჩანს, 70% მოსახლეობის გადაიტანს ამ დაავადებას და მთავარია, რომ ნაკლები იყოს მსხვერპლი. ამაში არის ფუნქცია ჩვენი ჯანდაცვის სიმძლავრეების. ჩვენ შეგვიძლია ვწელოთ ეს ყველაფერი კიდევ ორი წელი, მაგრამ საბოლოო ჯამში, შედეგი გვექნება ის, რომ ვიქნებით რეგიონული მაჩანჩალები,”- ამბობს ვატო ლეჟავა.

მისივე თქმით, არსებულ ვითარებაში ჩანს, რომ სახელმწიფოს არ აქვს კონკრეტული ხედვა - ეს იქიდანაც ჩანს, რომ მოქალაქეებმა ამ დრომდე არ იციან, ხვალაც გაგრძელდება თუ არა ისეთი შეზღუდვები, როგორიცაა მაგალითად, ქვეყნის მასშტაბით ავტომობილების გადაადგილების აკრძალვა.

“კრიზისის მენეჯმენტის ანბანია, ერთი დროულობა და მეორე ხედვისა და გეგმის მიცემა. ჩვენ ამ მომენტში არც ხედვა გვაქვს და არც - გეგმა.  ეს გეგმა არ ნიშნავს იმას, რომ ის არასოდეს არ უნდა შეიცვალოს. სწორიც არის რომ ის უნდა შეიცვალოს კიდეც. ამაში არის მთელი ხელოვნება კრიზისის მართვის. ყველა მოქალაქეს და მათ შორის მეც, გვინდა ვიცოდეთ, როგორ გამოვდივართ ამ კრიზისიდან. რა ნაბიჯებს ვდგამთ და რა არის ის ინდიკატორები, რომლებიც ამ ნაბიჯებს გვიკარნახებენ. ახლა ვსხედვართ ტელევიზორთან და ველოდებით მორიგ ბრიფინგს, თუ რას გვეტყვიან, როგორი იქნება ჩვენი ცხოვრება ხვალ. ხვალიდან წესით საგანგებო რეჟიმის ასპექტები გადაიხედება, თუ არ უნდა, ამ მომენტამდე არ ვიცით ჩვენ.

ახლა რატომ არ ვიცით ხვალ რა მოხდება? - ახლა შემდეგი ორი სამი საათის მონაცემებზე ხომ არ არის დამოკიდებული ეს გადაწყვეტილება ხომ? მოცემულობა რაც გვაქვს ის გვაქვს, გადაწყვეტილება უნდა ვიცოდეთ ხომ? - ადამიანებს სჭირდებათ, რომ რაღაც იცოდნენ. არ არის საჭირო ხედვა იყოს ვარდისფერი, მაგრამ ხედვა უნდა გვქონდეს, სხვანაირად ეკონომიკა ვერ იმუშავებს, სხვანაირად სოციალური ცხოვრება ვერ იმუშავებს, სხვანაირად პირადი ცხოვრებაც კი ვერ იმუშავებს", - ამბობს ვახტანგ ლეჟავა.