მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ უნდა შემცირდეს მოსახლეობის დანახარჯები მედიკამენტებზე? - ირაკლი მარგველაშვილის მოსაზრება

6193cbbade3e5
სალომე მეცხვარიშვილი
16.11.21 19:45
712
“ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის” ხელმძღვანელს ირაკლი მარგველაშვილს მიაჩნია, რომ მედიკამენტების ფასების რეგულირება შედეგის მომტანი არ იქნება, რადგანაც წამლების მწარმოებლებსა და სააფთიაქო ქსელებს არ აქვთ მაღალი ფასნამატი. ირაკლი მარგველაშვილის თქმით, არაერთხელ გაჟღერდა, რომ თითქოს წამლები 300%-იანი მარჟით იყიდება, რაც ვერც კონკურენციის სააგენტოს მიერ ჩატარებულმა კვლევამ ვერ დაადასტურა. მისი განმარტებით, წამლებზე საშუალო მარჟა 15%-დან 40%-მდე მერყეობს.

ის, რომ მედიკამენტები ძვირია, მთავრობა აღიარებს და აანონსებს, რომ წამლების ფასებს დაარეგულირებს, რისთვისაც შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს ამზადებს, თუმცა კონკრეტულად რა გზას აირჩევს ჯანდაცვის სამინისტრო, ცნობილი არ არის.

ირაკლი მარგველაშვილი ამბობს, რომ ყველაზე სწორი იქნება, თუ მოხდება მედიკამენტების გამოწერის მონიტორინგი, ასევე უნდა გამოირიცხოს ფარმაცევტულ კომპანიებსა და ექიმებს შორის შეთანხმებები, რომ პაციენტს კონკრეტული მედიკამენტი ტყუილად არ დაუნიშნონ. “ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის” ხელმძღვანელს მიაჩნია, რომ მხოლოდ ამ საკითხის გადაჭრით მედიკამენტების მოხმარება 25-30%-ით შემცირდება.

“ყველა ქვეყანაში მედიკამენტების ფასების რეგულირების განსხვავებული პრაქტიკა არსებობს. არსებობს მოდელები, რომლებიც მოიცავს ფაქსების ფიქსაციას, ფასნამატების რეგულაციას, ასევე გარკვეულ წინასწარ შეთანხმებებს - რა ფასად უნდა შევიდეს მედიკამენტი ბაზარზე. ყველა ეს მოდელი მეტ-ნაკლებად მიბმულია სადაზღვევო პროგრამებზე. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რა დოზით აფინანსებს სახელმწიფო მედკამენტებს - როცა სახელმწიფო მეტად მონაწილეობს პროცესში, მეტ კონტროლსაც აწესებს და ამოწმებს, რამდენად სწორად არის გამოწერილი წამლები.

სახელმწიფოს ჩარევა ნებისმიერ დონეზე ნიშნავს ბიუჯეტზე ზეწოლასაც, ჩვენი რესურსები კი არც ისეთი დიდია. ყველაზე რეალური მგონია, რომ გადაიდგას შემდეგი ნაბიჯები: პირველ რიგში უნდა მოხდეს მედიკამენტების მოხმარების შემცირება. როგორ ხდება ეს? გამოწერის მონიტორინგი, ფარმაცევტულ კომაპნიებსა და სამედიცინო პერსონალს შორის ურთიერთობის დარეგულირება - აქ არის რესუსრსი, რომ 25-30%-ით შემცირდეს მედიკამენტებზე დანახარჯები. ასევე, უნდა არსებობდეს გაიდლაინები - არ უნდა ჰქონდეს ექიმს მკურნალობის მხოლოდ საკუთარ ნებაზე წარმათვის საშუალება. რათქმაუნდა, მას უნდა ჰქონდეს გადაწყვეტილების მიღების საშუალება, მაგრამ კონკრეტული დაავადებების მკურნალობისთვის ძირითადი, საბაზო პაკეტი უნდა არსებობდეს”,- ამბობს ირაკლი მარგველაშვილი და აცხადებს, რომ ეს თავიდან აგვარიდებს ზედმეტად ბევრი მედიკამენტის გამოწერას.