მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ უნდა შემცირდეს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულობა? - მინისტრის მოადგილის პასუხი

6378ced1567d9
ლიკა მეგუთნიშვილი
20.11.22 00:17
1000
„საქართველოს სხვა ქვეყნებზე ეკონომიკური დამოკიდებულება ვერ შემცირდება, თუ ქვეყანაში წარმოება არ გაიზრდება“, - ასე უპასუხა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გელა ხანიშვილმა BMG-ის შეკითხვას, თუ როგორ უნდა შემცირდეს საქართველოს დამოკიდებულება რუსეთზე ეკონომიკურად.

მისი თქმით, პრობლემას არა კონკრეტულად ერთ ქვეყანაზე, არამედ ზოგადად, ნებისმიერ ქვეყანაზე ეკონომიკური დამოკიდებულება წარმოადგენს. ამ დამოკიდებულების შემცირების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი კი, სოფლის მეურნეობის განვითარება და ადგილობრივი წარმოების გაზრდაა.

„რუსეთი, უკრაინა, ბელორუსია, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, ერაყი, ირანი, საუდის არაბეთი - ეს ის ძირითადი პარტნიორი ქვეყნებია, ვისთანაც ჩვენ ვვაჭრობთ, როგორც შემოტანაზე, ისე გატანაზე. ჩვენ თუ არ გავზრდით წარმოების მოცულობას, თუ არ გვექნება მეტი პროდუქცია, სხვანაირად ამ პრობლემას ვერ გადავჭრით. იმას, რასაც ყიდულობ საზღვარგარეთ, არ აქვს მნიშვნელობა რუსეთი იქნება თუ აშშ, უნდა აწარმოო ქვეყანაში. მაგალითად, ჩვენ ვმუშაობთ და ვზრდით ხორბლის წარმოებას და უკვე მივაღწიეთ იმას, რომ მისი მოცულობა 100 000 ტონიდან 170 000 ტონამდე გავზარდეთ. სწორედ ეს არის რეალური ნაბიჯი, რომ დამოკიდებულება შემცირდეს და არა ლოზუნგი, რომ მე არ მინდა ვინმესთან ურთიერთობა“ , - აცხადებს ხანიშვილი.

რაც შეეხება კონკრეტულად რუსეთის ბაზარს, ხანიშვილის თქმით, თუ საქართველო უარს იტყვის რუსეთიდან პროდუქციის შემოტანაზე და მთლიანად ევროპულ ან ამერიკულ ბაზარზე გახდება დამოკიდებული, ეს მოსახლეობისთვის პროდუქციას მნიშვნელოვნად გააძვირებს.

„ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია, ხორბალი წამოვიღოთ ამერიკიდან, რომელიც იქნება ბევრად ძვირი, ვიდრე რუსული ხორბალია. ეს, რა თქმა უნდა, რუსეთზე დამოკიდებულებას შეამცირებს, მაგრამ, ძალზე მნიშვნელოვნად გაზრდის ფასებს. ასევე შეგვიძლია, ავსტრალიიდან ძვირად წამოვიღოთ ხორბალი, თუმცა, ეს პურს ორჯერ გააძვირებს.

რა თქმა უნდა, ცუდია, როცა ოკუპანტ ქვეყანაზე ხარ დამოკიდებული და ზოგადად ცუდია, თუ ვინმეზე ხარ დამოკიდებული, მაგრამ, ვკითხოთ მოსახლეობას, უნდათ ორჯერ გაძვირებული ზეთი ან სამჯერ გაძვირებული მაკარონი?“ , - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გელა ხანიშვილმა.

ინფორმაციისთვის, საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში სულ 38.2 მლნ დოლარის ღირებულების 105 012 ტონა ხორბლის და მესლინის იმპორტი განხორციელდა.

ხორბლის საიმპორტო ბაზრების რეიტინგი კი ასეთია:

1. რუსეთი - 35.7 მლნ დოლარი, 96 624 ტონა;
2. ყაზახეთ - 1.3 მლნ დოლარი, 3 703 ტონა;
3. სომხეთი - 714 ათასი დოლარი, 3 569 ტონა.