მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ უნდა ვთქვათ უარი რთველის სუბსიდირებაზე? – „თბილღვინოს“ დამფუძნებელი

631dd3bba07b0
ვიქტორია მღებრიშვილი
11.09.22 16:48
742
ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანია „თბილღვინოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ზურაბ მარგველაშვილი თვლის, რომ რთველის სუბსიდირება ჯანსაღი პროცესი არ არის და იმედოვნებს, რომ სახელმწიფო შეძლებს და ერთ დღეს ამ პროცესიდან გამოვა. ამის შესახებ მან BMGTV-ს გადაცემა #რედაქტ2-ში ისაუბრა.

კითხვაზე - როგორ უნდა ვთქვათ უარი რთველის სუბსიდირებაზე, კომპანიის ხელმძღვანელს საკუთარი მოსაზრება აქვს. ის მიიჩნევს, რომ სუბსიდირებაზე ბიუჯეტის რესურსის დახარჯვის ნაცვლად, უმჯობესი იქნება თუ ეს თანხები ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდაზე დაიხარჯება.

„სუბსიდირების პროცესი ჯანსაღი არ არის, მით უმეტეს როდესაც ის გრძელვადიანია. აქ გარკვეული შეჩვეულობის პრინციპია, რადგან ის წინა მთავრობის დროს დაიწყო და გარკვეულწილად ეს პროცესი ინერციით გრძელდება. გარკვეული დატვირთვა ამ პროცესს აქვს. შარშან და წელს რთველის დასუბსიდირება, გლეხობას მომავალ წელს დასუბსიდირების მოლოდინსაც უჩენს. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ უკეთესი იქნება რომ უფრო მეტი ბიუჯეტი ცნობადობის გაზრდასა და განვითარებაზე დაიხარჯოს, რაც საშუალო და გრძელ ვადაში ქართული ღვინის ცნობადობას აამაღლებს, ეს კი თავის მხრივ მოთხოვნისა და ღვინის გაყიდვების გაზრდას გამოიწვევს, რომელიც შემდეგ ციკლურად ბრუნდება და ყურძენზე მოთხოვნის ზრდას იწვევს. ალბათ ამ კუთხით მუშაობენ და ფიქრობენ და ალბათ მოვა დრო როდესაც ეს საკითხი გადაწყდება. მახსოვს, სახელმწიფოს ჰქონდა სუბსიდირებიდან გამოსვლის საფეხურებრივი გეგმა, თუმცა რატომ ვერ მოხდა ეს ჩემს კომპეტენციაში არ არის.

რაღაც პერიოდი სუბსიდირება გასაგებია, რადგან ეს გარკვეულწილად სოციალური პასუხისმგებლობაა, მაგრამ ჩვენ რაღაცნაირად ხელი უნდა შევუწყოთ, რომ ღვინის ცნობადობის გაზრდაზე უფრო მეტი ფინანსური რესურსი გამოიყოს, ვიდრე დღეს არის. იმედი მაქვს ეს დღე დადგება“, - განმარტა ზურაბ მარგველაშვილმა.

კომპანიის ხელმძღვანელის ინფორმაციით, „თბილღვინომ“ 2018 წლიდან ღვინის ხარისხის გაუმჯობესებისთვის სხვადასხვა ჯიშის ყურძნის ვენახების გაშენება დაიწყო და ამას თავისი მიზეზები აქვს.

„ვენახების გაშენება ჩვენი გადაწყვეტილებით, რამდენიმე მიზეზი აქვს. გვაქვს სწრაფვა, რომ ჩვენი ღვინოების ხარისხი წლიდან წლამდე გაიზარდოს და ყოველწლიურად უფრო მეტი ჯილდო და მედალი ავიღოთ. განვითარების ამ მუდმივმა სწრაფვამ იქამდე მიგვიყვანა, რომ შესაძლოა ჩვენ ფერმერებიდან კარგად ვარჩევთ და ხარისხიანი ყურძნის შესყიდვის ხარჯზე ღვინის ხარისხს ვზრდით, მაგრამ ფერმერის მიერ მართული ვენახის მართვის ნაკლები ბერკეტი გვაქვს და ამიტომ მიწის შეძენა და ვენახების გაშენება დავიწყეთ, სადაც ჩვენ უფრო თავისუფლები ვართ.
405 ჰა-ზე გაშენებული ვენახებიდან პრაქტიკულად ყველა მსხმოიარობაშია შესული. შესაბამისად, წელს წითელი ყურძნის შესყიდვა კახეთში მინიმალურად დაგვჭირდება. რაც შეეხება თეთრს, ეს ჯიშები უფრო ნაკლები გვაქვს და ჩვენ ტრადიციულად მაღალხარისხიან ყურძენს ვყიდულობთ“, - განაცხადა ზურაბ მარგველაშვილმა და დასძინა, რომ კომპანია ვენახების გაშენებისას ყურძნის ჯიშების მრავალფეროვნებაზე აკეთებს აქცენტს.