მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ ვითარდება საქართველოში ონლაინ კომერცია? – VELI.STORE-ს მოსაზრება

6419a8892e594
სალომე ხიდურელი
21.03.23 22:30
916
„ონლაინ შესყიდვა კომფორტთან უნდა იყოს ასოცირებული“ - საკითხზე, თუ როგორ ვითარდება და რა პოტენციალი აქვს საქართველოში ელექტრონულ კომერციას BMGTV-ს გადაცემა „საქმიან დილაში“ VELI.STORE-ს აღმასრულებელმა დირექტორმა არჩილ ფირიაშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით, განვითარებული ქვეყნის მაგალითებზე დაყრდნობით, ქართული ელექტრონული კომერცია დაბალ ფასად არის შეფასებული, თუმცა განვითარების პოტენციალი საკმაოდ მაღალი აქვს.

„Galt&Taggart-ის კვლევაზე დაყრდნობით, რომელზე სრულმასშტაბიანი კვლევა მანამდეც და შემდეგაც არ გვქონია, 2020 წელს ქართული ი-კომერსი შეფასებული იყო დაახლოებით 150 მილიონი ლარის ფარგლებში, რაც ნებისმიერი განვითარებული ქვეყნის მაგალითზე რომ ავიღოთ, არის ძალიან ცოტა. თუმცა, პოტენციალი ყოველთვის არის, რა თქმა უნდა. ონლაინ გაყიდვა არის ეფექტური და მეტ კომფორტს სთავაზობს მომხმარებელს. ჩვენი მხრიდან, კომპანია ცდილობს ამას და კარგადაც გამოგვდის“, - ამბობს არჩილ ფირიაშვილი.

როგორც „ველი სთორის“ აღმასრულებელი დირექტორი აღნიშნავს, მათ პლატფორმას მობრუნებული მომხმარებლების 50%-იანი მაჩვენებელი აქვს, რაც ადასტურებს, რომ ონლაინ შესყიდვები კომფორტულია.

„მობრუნებული მომხმარებლების ძალიან მაღალი მაჩვენებელი გვაქვს, სადღაც 40-50%-მდე მერყეობს, რაც ზრდაში გვეხმარება, გვარწმუნებს, რომ სწორ გზას ვადგავართ და ღირებულება მოგვაქვს მომხმარებლებისთვის.

თუმცა, თუ საუბარი გვაქვს ელექტრონულ კომერციაზე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინდუსტრიამაც იმუშაოს: თუ შევხედავთ, კოვიდის შემდეგ რამდენმა ონლაინ კომპანიამ დანერგა სიახლეები, ახალი პროდუქტები, რამდენმა განავითარა თავიანთი უკვე არსებული სერვისები - ეს არის ძალიან ცოტა. ვისურვებდით, „ველს“ ჰყავდეს ბევრი ჯანსაღი კონკურენტი, რადგან ეს ინდუსტრია თუ განვითარდა, პირველ რიგში, მომხმარებელი იხეირებს“, - განმარტავს ფირიაშვილი.

კითხვაზე, რა ტიპის დახმარება სჭირდება ონლაინ კომერციის ინდუსტრიას განვითარებისთვის, არჩილ ფირიაშვილი აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ინფრასტრუქტურის განვითარებაა.

„საშუალოდ განვითარებადი ქვეყნების მაჩვენებელზე რომ ავიდეთ, არ მაქვს საუბარი ბრიტანეთზე, გერმანიაზე, ამერიკაზე... აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მაჩვენებლებს რომ მივუახლოვდეთ, „ველის“ ტიპის ორგანიზაციებმა დღეში 25 000-დან 50 000-მდე ამანათის მიტანა უნდა შეძლონ, რაც ძალიან დიდი ციფრია. ამას ინფრასტრუქტურა სჭირდება. როცა ამერიკაში ინტერნეტის განვითარებასთან ერთად ონლაინ ბიზნესი განვითარდა, ამის უკან იდგა ამერიკის საფოსტო კომპანიები, რომლებსაც არსებობის 200 წლიანი ისტორია ჰქონდათ. საფოსტო მომსახურება საათივით იყო გამართული, საქართველოში მსგავს სიტუაციას ვერ ვხედავ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ონლაინ ვაჭრობის განვითარებასთან ერთად მხედველობაში გვქონდეს ინფრასტრუქტურაც.

მცირე მასშტაბებზე ამის გაკეთება ძალიან რთულია. ამიტომ ვფიქრობ, მცირე და საშუალო ბიზნესებმა უმჯობესია, „ველის“ ტიპის ონლაინ მარკეტებთან ითანამშრომლონ, რომლებსაც ინფრასტრუქტურაში კაპიტალდაბანდება უკვე ჩადებული აქვთ, რადგან მცირე ბიზნესისთვის ეს ძალიან კაპიტალ-ინტენსიური და ნაკლებად ეფექტურია“, - აცხადებს არჩილ ფირიაშვილი.

რაც შეეხება ონლაინ კომერციის განვითარებაში სახელმწიფოს როლს, VELI.STORE-ის აღმასრულებელი დირექტორი განმარტავს, რომ საკანონმდებლო მიმართულებით სექტორში პრობლემა არ არსებობს.

„ვიტყოდი, რომ ძალიან კარგი საკანონმდებლო ცვლილება შევიდა მომხმარებლის დაცვის კუთხით, „ველი“ ისედაც ამ პრინციპებით ოპერირებდა. საკანონმდებლო ცვლილება ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ არაკეთილსინდისიერი მომსახურება მთელს სფეროს აზიანებს, რეპუტაციული პრობლემა კი მთელს სექტორს ადგება.

თუ კანონს სწორი აღსრულება ექნება, „ველი“ მიესალმება, რომ თამაშის წესები მომხმარებლის მხარეს იყოს და არა - კომპანიის“, - აცხადებს ფირიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 1 ნოემბრიდან საქართველოში მომხმარებელთა უფლებების შესახებ კანონის აღსრულება დაიწყო, რომლის თანახმადაც მოვაჭრე ვალდებულია, მომხმარებელს მიაწოდოს სრული და უტყუარი ინფორმაცია გასაყიდი პროდუქტის შესახებ.