მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ წარმოუდგენია გახარიას გუნდს სწრაფი ზრდა - პარტიის ეკონომიკური ხედვა

60ccff4488499
თამთა ჯიჯავაძე
19.06.21 00:07
1074
გიორგი გახარიას მიერ დაფუძნებულმა პარტიამ “საქართველოსთვის” პროგრამული ხედვა გამოაქვეყნა, რომელიც ეფუძნება 3 ძირითად მიმართულებას: 1. განვითარება 2. დემოკრატია 3. უსაფრთხოება.

ეკონომიკის განვითარების ხედვას, პარტია რამდენიმე პუნქტს უთქმობს. მათ შორისაა სწრაფი ეკონომიკური ზრდა - მეტი სამუშაო ადგილი, რისთვისაც პარტია მოსახლეობას ჰპირდება, რომ განახორციელებს პოსტ-პანდემიურ საინვესტიციო პოლიტიკას; ბიზნეს-გარემოს შემდგომ განვითარებაზე მიმართულ ღონისძიებებს; ახალი, ინოვაციური, მაღალტექნოლოგიური ბიზნესის შექმნისთვის საჭირო ეკოსისტემის ხელშეწყობას; კონკურენტული და სამართლიანი საგადასახადო სისტემის შექმნას; სახელმწიფო აქტივების ეკონომიკაში ჩართვას.

პროგრამაში, ვრცელი ნაწილი ეთმობა ინვესტიციების მოზიდვას:

"პოსტ-პანდემიურ პერიოდში, ეკონომიკური აღდგენის პროცესის განხორციელებისა და სამუშაო ადგილების სწრაფად შესაქმნელად, ჩვენ გვჭირდება სწრაფი ეკონომიკური ზრდა. ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მიხედვით, სწრაფი ეკონომიკური ზრდის ძირითადი წყარო იქნება კერძო სექტორის მიერ განხორციელებული ინვესტიციები, რასაც მივაღწევთ ინვესტიციების წახალისებაზე ორიენტირებული, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ეფექტიან თანამშრომლობაზე დაფუძნებული, ახალი საინვესტიციო პოლიტიკით. ახალი საინვესტიციო პროექტების განხორციელება იქნება სწრაფი დასაქმებისთვის საჭირო სამუშაო ადგილების შექმნის ერთ-ერთი მთავარი წყარო.

ამავდროულად, პოსტ-პანდემიურ პერიოდში შევქმნით ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს, მათ შორის, ქვეყანაში კერძო ინვესტიციების მხარდაჭერის, ნიშური, მსუბუქი ინდუსტრიალიზაციის წახალისების და ახალი საექსპორტო პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის გზით, რაც გულისხმობს ექსპორტზე ორიენტირებულ თანამედროვე საინვესტიციო პოლიტიკას.
- 2025 წლამდე ნებისმიერი კომპანია, რომელიც განახორციელებს 50 მლნ. ლარის ღირებულების ინვესტიციას (გარდა წინასწარ დადგენილი ეკონომიკური საქმიანობებისა) საქართველოს რეგიონებში და შექმნის სამუშაო ადგილებს ჩვენი მოქალაქეების დასაქმებისთვის, ინვესტიციის განხორციელებიდან მომდევნო 5 წლის განმავლობაში ყოველწლიურად დაიბრუნებს მის მიერ გადახდილ გადასახადებს.
- ამავდროულად, აღნიშნული ინვესტიციის განხორციელების შემთხვევაში, ინვესტორი სახელმწიფოსგან მიიღებს საინვესტიციო პროექტის განხორციელებისთვის საჭირო სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ აქტივებს.
განხორციელდება იმ ინვესტიციების ხელშეწყობა, რომელიც ორიენტირებული იქნება საქართველოში ახალი პროდუქციის წარმოებაზე (რომლის წარმოება დღეს არ ხორციელდება) ადგილობრივი ბაზრისთვის ან/და საექსპორტოდ. კერძოდ:
- ნებისმიერი კომპანია, რომელიც განახორციელებს ინვესტიციას 2025 წლამდე საექსპორტო საქონლის წარმოებისთვის (გარდა წინასწარ დადგენილი საქმიანობებისა), ექსპორტის დაწყებიდან მომდევნო 3 წლის განმავლობაში მიიღებს სუბსიდიას განხორციელებული ექსპორტის მოცულობის 5%-ის ოდენობით.
- ნებისმიერი კომპანია, რომელიც განახორციელებს ინვესტიციას 2025 წლამდე, რომელიც ითვალისწინებს ახალი პროდუქციის წარმოებას (წინასწარ დადგენილი სასაქონლო კოდების მიხედვით), პირველი რეალიზაციის განხორციელებიდან 3 წლის განმავლობაში მიიღებს სუბსიდიას რეალიზებული პროდუქციის ღირებულების 5%-ის ოდენობით.

პოსტ-პანდემიურ პერიოდში, მნიშვნელოვანი იქნება მეწარმეებისთვის ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესება, საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმების და სხვა ინსტრუმენტების გაძლიერების გზით.

ამავდროულად, მნიშვნელოვანია მაღალტექნოლოგიური, ენერგოეფექტური ინვესტიციების ხელშეწყობის ცალკე პოლიტიკის შემუშავება. ჩვენი პროგრამული ხედვის შესაბამისად, აღნიშნული მხარდაჭერის მექანიზმი გულისხმობს საქართველოს განვითარების პარტნიორების მაქსიმალურ ჩართულობას და „მდგრადი“ საინვესტიციო საერთაშორისო ფონდების რესურსების გამოყენებას.

მსხვილი ინვესტორებისთვის თანამედროვე, ეფექტიანი სამართლებრივი გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, შესაძლებელი იქნება სახელმწიფოსთან დაკავშირებით შესაძლო ნებისმიერ, მათ შორის, საგადასახადო დავების პირობებში, გამოიყენონ საერთაშორისო საარბიტრაჟო მექანიზმები.

განხორციელდება სპეციალური ხელშეწყობის რეჟიმის შეთავაზება, შეთავაზების არხების განვითარება, ფართო რეგიონში მოქმედი საერთაშორისო კომპანიების საოპერაციო პროცესების საქართველოში გადმოტანის მიზნით. ამ მექანიზმების გამოყენება ხელს შეუწყობს საქართველოს ფართო რეგიონის საერთაშორისო ოპერაციების ცენტრად ჩამოყალიბებას.

იმისთვის, რომ ინვესტიციების წახალისების ამ ღონისძიებებმა მაქსიმალურად ხელი შეუწყოს როგორც ჩვენი მოქალაქეების დასაქმებას, ისე ადგილობრივად წარმოებული პროდუქციისა და მომსახურების რეალიზაციას, თითოეული მექანიზმი დაეფუძნება სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის „ჯერ ქართულის“.

- „ციფრული ინვესტორის“ პლატფორმა, რაც ნიშნავს უცხოელი ინვესტორის შესაძლებლობას საქართველოში ჩამოსვლის და ყოფნის გარეშე, სრულად მართოს საკუთარი ბიზნესი საქართველოს ტერიტორიაზე.

- ალტერნატიული დაფინანსება ბიზნესისთვის, რაც ნიშნავს არასაბანკო და დაფინანსების ალტერნატიული წყაროებისთვის შესაბამისი საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩოს შექმნას და მის პრაქტიკაში ეფექტიანად განხორციელებას. ეს მოიცავს როგორც საფონდო-ფასიანი ქაღალდების ბაზრის, ასევე სახალხო დაფინანსების (ქრაუდფანდინგის), საინვესტიციო და საბროკერო საქმიანობის, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებას", - წერია პროგრამაში.

პროგრამაში ნახსენებია ასევე სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერება:

"სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია, სახელმწიფო მხარდაჭერის შესაბამისი პოლიტიკის შემუშავება სტარტაპ ეკოსისტემის თანაბრად შემადგენელი, მაგრამ ამავე დროს, მკვეთრად განსხვავებული სპეციფიკისა და ერთმანეთისგან გამიჯნული ამოცანებისა და საჭიროებების მქონე ორი უმნიშვნელოვანესი მიმართულებისთვის:

1. მცირე და საშუალო ბიზნესი, რომელიც ძირითადად, მხოლოდ ადგილობრივი ბაზრის საჭიროებებს აკმაყოფილებს, არ საჭიროებს ინოვაციაზე დაფუძნებულ კონკურენტულ უპირატესობას, ზრდის შემთხვევაში კი მცირე ან საშუალო ზომის კომპანიად ყალიბდება.

2. ინოვაციური ბიზნესი, რომელიც ეფუძნება სხვადასხვა ტიპის ინოვაციას, მათ შორის, ტექნოლოგიების, ბიზნეს პროცესის ან ბიზნეს მოდელის ინოვაციას და გააჩნია პოტენციური კონკურენტული უპირატესობა, სცილდება ადგილობრივი ბაზრის ფარგლებს, რეგიონულ ან გლობალურ მასშტაბზე აგრძელებს საქმიანობას და საერთაშორისო კომპანიად ყალიბდება.

ზემოაღნიშნულისთვის, შეიქმნება ისეთი ეკონომიკური გარემო, სადაც ორივე ტიპის ბიზნესი გვერდიგვერდ იარსებებს, მაგრამ მათი წარმატებული განვითარებისთვის მნიშვნელოვნად განსხვავებული ინიციატივები და მხარდამჭერი მექანიზმები იქნება ხელმისაწვდომი. კერძოდ:

მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა იქნება სახელმწიფოს პრიორიტეტი და შეიქმნება სამთავრობო სტრუქტურათა შორის ეფექტიანი კოორდინაციის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს რესურსების ეფექტიან განაწილებას პოტენციურ ბენეფიციარებზე.

საგრანტო მექანიზმებთან ერთად, ინოვაციური ბიზნესის მხარდაჭერა საინვესტიციო კაპიტალზე ხელმისაწვდომობის გაზრდით გაგრძელდება. ამისათვის, მოხდება როგორც ქართველ, ისე უცხოელ კერძო ინვესტორებთან და ვენჩურული კაპიტალის კომპანიებთან აქტიური მუშაობა, მათ შორის, მათი საქართველოში შემოყვანა და პოტენციურად წარმატებულ ქართულ სტარტაპებში გრძელვადიან ინვესტირებაში დაინტერესების ხელშეწყობა.

3. სახელმწიფო აქტივების გამოყენება ეკონომიკური განვითარებისთვის სწრაფი ეკონომიკური ზრდის მიღწევისთვის, მნიშვნელოვანია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული რესურსების სწრაფად ჩაშვება ეკონომიკურ საქმიანობაში, მათ შორის:
- სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სწრაფად ჩართვა ეკონომიკაში.
- წიაღის რეფორმის ახალი ეტაპის განხორციელება.
- სახელმწიფო საწარმოების რეფორმა
- მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის დასრულება.
- სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის, როგორც ქვეყნის სტრატეგიული რესურსის
საზოგადოების ინტერესების შესაბამისად გამოყენების ჩარჩოს ჩამოყალიბება".

სრული პროგრამა იხილეთ აქ