მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ ხდება საჯარო უწყებების მობილური მომსახურება – 3 წელი ტენდერის გარეშე

61e540343676a
სალომე მეცხვარიშვილი
17.01.22 22:40
1696
უკვე მესამე წელია სახელმწიფო უწყებებისთვის მობილური მომსახურების მიწოდების ტენდერი არ ცხადდება. საჯარო სექტორში დასაქმებული 260 ათასამდე ადამიანი სპეციალური, იაფი ტარიფებით სარგებლობს. თუმცა მობილური მომსახურების ეს პირობები ბოლოს მათთვის 2018 წელს დადგინდა.

ტარიფები საკმაოდ მიმზიდველია - უფასო საუბარი კორპორაციულ და არაკორპორაციულ აბონენტებთან. 5-7 თეთრს მხოლოდ ქსელის გარეთ დარეკვის შემთხვევაში ზარის წამოწყების საფასურს იხდიან. რაც შეეხება ინტერნეტს - 1000 მეგაბაიტი საჯარო უწყებებში დასაქმებულებისთვის 3 ლარი ღირს, 3 ათასი მეგაბაიტი - 4 ლარი, 5 ათასი კი - 5 ლარი, რაც სხვა, ჩვეულებრივი მომხმარებლების ტარიფებზე ბევრად ნაკლებია.

რატომ არ ცხადდება ახალი ტენდერი?

საჯარო უწყებებისთვის სატელეკომუნიკაციო მომსახურებებისთვის ტენდერი 2018-2019 წლებისთვის გამოცხადდა. მას შემდეგ ამ ტენდერს ვადა რამდენჯერმე გაუგრძელდა. ბოლოს ეს გადაწყვეტილება გასული წლის დეკემბერში მიიღეს და მომსახურების გაწევის ვადა 2022 წლის ივლისამდე გახანგრძლივდა. მიზეზი არის კვლევა, რომელსაც კომუნიკაციების კომისია ატარებს. კახა ბექაურის უწყებას ეჭვი აქვს, რომ მსხვილი ოპერატორები შესაძლოა ტენდერში დაბალი, დემპინგური ფასებით მონაწილეობდნენ, სამაგიეროდ მაღალ ფასს სხვა დანარჩენ მომხმარებლებს ახდევინებდნენ. იმისთვის, რომ კვლევა დასრულდეს კომპანიებმა - "მაგთიკომი", "სილქნეტი" და "ბილაინი" - 2018 წლის განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშები უნდა წარადგინონ. კომუნიკაციების კომისიაში განმარტავენ, რატომ გაჭიანურდა კვლევა:

“კომპანიების მხრიდან კომისიისთვის მოწოდებული ინფორმაცია არასრული იყო, კერძოდ კი ერთმა ოპერატორმა სამჯერ შეცვალა და დააზუსტა 2021 წელს წარმოდგენილი ინფორმაცია, მეორე ოპერატორს კი სრულყოფილად არ მოუწოდებია ის დამატებითი ანალიტიკური მასალა, რომელიც ამ მოკვლევის ჩატარებისთვის იყო საჭირო. აქედან გამომდინარე კომისია აღნიშნულ თემაზე აგრძელებს მუშაობას”,- განუცხადეს კომუნიკაციების კომისიაში bm.ge-ს.

რატომ აქვს მარეგულირებელს დემპინგის ეჭვი?

კომუნიკაციების კომისიამ კომპანიები "მაგთიკომი" და "ჯეოსელი" 2017 წელს დემპინგურ ფასებით ოპერირებაში დაადანაშაულა. საქმე მაშინაც ამ ტენდერს ეხებოდა. კომისიამ დაადგინა, რომ კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში კომპანიებს არათუ მოგება, არამედ ზარალი უფიქსირდებოდათ: "მაგთიკომს" 32 მილიონი, "ჯეოსელს" 7.7 მილიონი ლარი, ამ ზარალს კი კომპანიები სხვა მომხმარებლების ხარჯზე აბალანსებდნენ.

“კომპანიების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მობილური კომპანიების მიერ კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში, გაწეული ხარჯები ბევრად აღემატებოდა ამ მომსახურებიდან მიღებულ შემოსავლებს... „ჯეოსელს“ და „მაგთიკომს“ დაკისრებული აქვთ ვალდებულება, რომ არ დაუშვან კონკურენციის შემზღუდავი ქმედებები და სატარიფო შეღავათების სუბსიდირება სხვა მომხმარებელთა ხარჯზე”, - წერია 2018 წელს კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში.

მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით, კომისია ახლაც კვლევას ატარებს. ჯერჯერობით მარეგულირებელი სახელმწიფო უწყებების მომსახურებებში სუბსიდირებას ვერ ხედავს.