მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ ხედავს "სინერჯი კაპიტალი" COVID-19-ის გავლენას ბიზნესებზე

5eb40436d5867
შოთა ტყეშელაშვილი
07.05.20 14:00
2639
საქართველოში არც თუ ისე ბევრი კერძო საინვესტიციო ფონდი არსებობს, რომელიც სხვადასხვა სახის ბიზნესებს მართვის ხარისხის გაუმჯობესებას და კაპიტალის გაზრდას სთავაზობს. სწორედ ამგვარი საინვესტიციო კომპანიაა “სინერჯი კაპიტალი”, რომელიც “სინერჯი ჯგუფის” მიერ არის შექმნილი. საინვესტიციო ჯგუფის პორტფელში 20-მდე კომპანია შედის, რამდენიმე დღის წინ კი “სინერჯიმ” პორტფელის გაფართოვების შესახებ გააკეთა განცხადება. კერძოდ კი “სინერჯი კაპიტალმა” შესაფუთი მასალების ქართული მწარმოებლის, “ფიემჯის” 45%-იანი წილი შეიძინა. ეს 2020 წლის განმავლობაში უკვე მეოთხე კომპანიაა, რომლის პარტნიორიც “სინერჯი” გახდა.

ამგვარი თანამშრომლობა კომპანიებისთვის ნიშნავს, სინერჯის სახით ისეთი პარტნიორის შეძენას, რომელიც იზრუნებს მის სტრატეგიულ და ორგანიზაციულ განვითარებაზე მუდმივად და ამასთან გაუზრდის კაპიტალს, რომ განვითარება და საქმიანობის მასშტაბის გაზრდა შეძლოს. ასევე სინერჯი სთავაზობს მისი პორტფელის სხვა კომპანიებთან სინერგიული ეფექტების გამოყენების შესაძლებლობას, რაც შეიძლება იყოს მიწოდების საერთო არხების გამოყენება, ლოჯისტიკის ოპტიმიზაცია, ქროსსელინგი და სხვ.

“სინერჯი კაპიტალის” გენერალური დირექტორი პაპუნა ტოლიაშვილი პასუხობს BMG-ის კითხვებს იმასთან დაკავშირებით თუ როგორ შეცვალა COVID-19-ის პანდემიამ იმ კომპანიების რაოდენობა, რომლებიც დაინტერესებული არიან “სინერჯი კაპიტალთან” პარტნიორობით.

ინტერვიუ “სინერჯი კაპიტალის” გენერალურ დირექტორთან პაპუნა ტოლიაშვილთან:

1. რას ურჩევდით იმ ადამიანებს, ვინც ფიქრობს, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარების ფონზე, ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობა და მასში ინვესტირება გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნის ეკონომიკის მხარდაჭერის ერთ-ერთი ყველაზე სწორი გზაა. რა სფეროებში მიიჩნევთ ამჟამად ინვესტირებას ყველაზე მეტი პოტენციალის მქონეს?

დღევანდელ პირობებში, საინვესტიციოდ განსაკუთრებით მიმზიდველად მიგვაჩნია კვების მრეწველობის კომპანიები, განსაკუთრებით ვინც ადგილობრივ ნედლეულს იყენებს. ასევე კვების მრეწველობისთვის საჭირო შესაფუთ თუ სხვა მასალებთან დაკავშირებული წარმოებები.

ვფიქრობთ მალე გახდება საინტერესო მსუბუქი მრეწველობა, ავეჯის, ტანსაცმლის თუ ფეხსაცმლის მწარმოებლები, განსაკუთრებით ვინც ბავშვებზე ორიენტირებულ პროდუქციას აწარმოებენ; და რაღაც ეტაპზე სამშენებლო პროცესებთან დაკავშირებული ადგილობრივი წარმოებებიც.

ამას გარდა, დღეს საინვესტიციოდ კარგი დრო გვგონია ჰორეკას სექტორის იმ წარმომადგენლებთან მუშაობისთვის, ვისაც მომხმარებლებისგან კარგი გამოხმაურებები ჰქონდა და თანამშრომლებიც შენარჩუნებული ჰყავს ამ დრომდე. ვინაიდან, მათი პოტენციალის შეფასება უფრო მარტივია, კარგი პირობებით შეიძლება მათი წილების შეძენა ახლა და ამასთან დღეს მათ ეს მხარდაჭერა განსაკუთრებით სჭირდებათ.

ზოგადად უმჯობესია ისეთი სფეროს კომპანიებში ინვესტირება, რომელშიც შედარებით უკეთესად ერკვევი ადამიანი, რათა როგორც ინვესტირებამდე, ისე შემდგომაც სწორად შეფასება შეძლო, სწორი კითხვების დასმა, შესაძლებლობების უკეთ დანახვა და ა.შ. ამასთან, ჩვენი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია შეფასების ეტაპზე კარგად გაიცნო არსებული პარტნიორები და გუნდი, ვინც კომპანიას მართავს, ასევე მნიშვნელოვან პოზიციებზე მომუშავე თანამშრომლები, კარგად გაიგო მათი მოტივაცია რა არის, როგორი მიდგომებით მუშაობენ, რა ხედვები აქვთ.

აქვე, გვინდა მოვუწოდოთ ერთი მხრივ, ადამიანებს, ვისაც აქვს ამის ფინანსური შესაძლებლობა, რომ გაერთიანდნენ და დაიწყონ კერძო კაპიტალის ფონდების ტიპის საქმიანობა საქართველოში; მეორე მხრივ, სახელმწიფოს, რომ გააძლიეროს ამ დარგის განვითარების მხარდაჭერა. საინვესტიციო კანონზე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, თუმცა კერძო კაპიტალის ფონდებზე ცალკე შეიძლება საკანონმდებლო ბაზის დახვეწა, ასევე თანადაფინანსების მექანიზმების შემოღება, რომ კიდევ უფრო მეტი სტიმული შეექმნას ამ დარგის განვითარებას.

2. თქვენი შეფასებით, ეკონომიკის რომელ დარგებს შეეძლებათ შედარებით სწრაფად დაუბრუნდნენ კრიზისამდელი პერიოდის მაჩვენებლებს? თუ შეგიძლიათ დარგების მიხედვით მიმოიხილოთ ეს შესაძლებლობა.

სავარაუდოდ ჰორეკას სექტორი მალე დაუბრუნდება კრიზისამდელ მაჩვენებლებს. მათგან განსაკუთრებით ის კომპანიები, ვინც ადგილობრივ მაცხოვრებლებზე არიან ორიენტირებული უკვე შემოდგომაზე შეძლებენ დიდ წილად ძველ მაჩვენებლებზე დაბრუნებას, ხოლო ტურისტებზე გათვლილ დაწესებულებებს სავარაუდოდ ერთი ან ორი წელი მაინც დაჭირდებათ, დიდი ალბათობით.

ძალიან საინტერესოა ის, რომ ვინც ახლა, ამ სიტუაციაში ისწავლა ელექტრონული არხებით გაყიდვები, კრიზისის შემდგომ ეს კომპანიები იქამდე არსებულ გაყიდვებს მალე დაიბრუნებენ და პარალელურად დისტანციური არხებით გაყიდვების დიდ ნაწილსაც შეინარჩუნებენ. მაგალითად, რომ ავიღოთ “8000 მოსავალი”, რომელმაც ონლაინ გაყიდვების ძალიან კარგი შედეგები აჩვენა ამ სიტუაციაში. როგორც კი შეძლებს თავისი 3 მაღაზია-ბარის კვლავ გახსნას, ისინი ვფიქრობთ მალე მიაღწევენ გაყიდვების ძველ ნიშნულს და ელექტრონული გაყიდვებიც მნიშვნელოვნად არ შემცირდება დღევანდელთან შედარებით. ანალოგიურად ხორცის მაღაზია “ანტრეკოტი”, რომელიც ფალიაშვილზე მდებარეობს, ამ პერიოდში დაიწყო ელექტრონული გაყიდვები და არსებობის მანძილზე რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია კომპანიის შედეგებმა. ვვარაუდობთ, რომ ამ არხით გაყიდვების დონე შენარჩუნდება მაღაზიის გახსნის შემდეგაც. ერთია, რომ ახალი მომხმარებლები შეიძინეს და მეორეა, რომ მომხმარებელს ახალი ჩვევა გამოუმუშავდა.

3. რა მიმართულებაზე მიმართავთ თქვენ მიერ მოზიდულ სახსრებს?

ჩვენ შევდივართ იმ სფეროებში, სადაც სინერჯი ჯგუფს აქვს საკონსულტაციო მიმართულებით ისტორიულად დაგროვილი გამოცდილება, სადაც კლიენტები გვყოლია და უკეთ ვიცნობთ დარგს. სწორედ ასეთ სფეროებში ვცდილობთ ვიპოვოთ ის გუნდები (დამფუძნებლები და მენეჯმენტის წევრები), ვინც ყველაზე მეტად შეესაბამება ჩვენს კრიტერიუმებს.

4. რა გავლენა მოახდინა COVID-19-მა იმ კომპანიების რაოდენობაზე, რომლებიც დაინტერესებული არიან “სინერჯი კაპიტალთან” პარტნიორობით?

დღეს ჩვენი ფაიფლაინი მინიმუმ 2-ჯერ დიდია, ვიდრე აქამდე იყო, ანუ დაინტერესება მკვეთრად გაზრდილია. თუმცა, ველოდებით, რომ ზრდა ჯერ კიდევ წინაა. დღეს ადამიანების დიდი ნაწილი უფრო მეტს ფიქრობს ჯანმრთელობის უსაფრთხოებაზე, ვიდრე სამომავლო გეგმებზე. როგორც კი ვირუსთან დაკავშირებული საკითხები მეორე პლანზე გადავა, მაშინ მეტად გააქტიურდებიან და დაიწყებენ მხარდაჭერის შესაძლებლობების ძიებას. ვფიქრობთ, სწორედ მაგ ეტაპზე კიდევ მეტად გაიზრდება ინტერესი.

5. დღეის მდგომარეობით, თქვენი საინვესტიციო პორტფელი რამდენი კომპანიისგან შედგება?

ჩვენს პორტფელში დღეს 20-მდე კომპანიაა. ესენი არიან სურსათის მწარმოებელი და მიმწოდებელი კომპანიები, ფარმაცევტული ქსელი, პედიატრიული კლინიკა, ასევე მსუბუქი მრეწველობის და ჰორეკას წარმომადგენლები.