მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ ზედამხედველობას დაექვემდებარება მეორადი სათამაშოები - სამინისტროს განმარტება

5e2d51831f286
თელარა გელანტია
26.01.20 12:43
2897
„მიუხედავად იმისა, რომ მეორადი სათამაშოები საზოგადოების დიდ ნაწილში მიიჩნევა მაღალი ხარისხის პროდუქტად, ასეთ სათამაშოებს აუცილებლად უნდა ჰქონდეს საჭირო დოკუმენტაცია - ეს იქნება შესაბამისობის დეკლარაცია, ლაბორატორიული გამოცდის შედეგები თუ სხვა დოკუმენტები, რომელთა გარეშეც შეუძლებელია სათამაშოს უსაფრთხოების დადასტურება”, - ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

უწყებაში აცხადებენ, რომ თუ საქართველოში შემოტანილ მეორად სათამაშოებს თანდართული ექნება სათანადო დოკუმენტაცია, მათი ბაზარზე განთავსება და რეალიზაცია არ შეიზღუდება.

„აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რაიმე სახის გამონაკლისი მეორადი სათამაშოების მიმართ არ არის დაშვებული ევროკავშირის ბაზარზეც - სათამაშოების უსაფრთხოების დირექტივა ერთიან მოთხოვნებს აყალიბებს ყველა სახის სათამაშოს მიმართ. იმპორტირებული სათამაშოების ლაბორატორიული შემოწმება, რისკის ანალიზის საფუძველზე შესაძლოა მოხდეს საბაჟო კონტროლის ზონაშიც, მაგრამ მხოლოდ ისეთ პროდუქტებზე, რომელთან დაკავშირებითაც იარსებებს დასაბუთებული ეჭვი”, - განმარტავენ ნათია თურნავას უწყებაში.

სამინისტროს ინფორმაციითვე, კერძო სექტორთან გამართული კონსულტაციების გათვალისწინებით, ბიზნესს მიეცა ერთწლიანი საშეღავათო პერიოდი, რომ მოემზადოს რეგულაციებისთვის. შესაბამისად, ერთი წლის განმავლობაში, 2021 წლამდე, სანქციები არ იმოქმედებს - კომპანიებს მიეცემათ მხოლოდ დარღვევების გამოსწორების რეკომენდაციები, რომელთა შესრულებასაც ზედამხედველი ორგანო გარკვეული დროის შემდეგ გადაამოწმებს.
ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო პროდუქციას გააკონტროლებს როგორც იმპორტის, ასევე ბაზარზე განთავსების პროცესშიც. პროდუქციის ბაზრიდან ამოღებისა და განადგურების გარდა, დარღვევებზე ფულადი სანქციებიც დაწესდება, თუმცა, ეს ზომაც 2021 წლიდან ამოქმედდება.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა ევროკავშირის დირექტივის შესაბამისად მომზადებული ტექნიკური რეგლამენტი სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ, რომლის მოქმედებაც ვრცელდება 14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილ სათამაშოებზე.

ტექნიკური რეგლამენტი ითვალისწინებს სათამაშოს ბაზარზე განთავსებამდე პროდუქტის შესაბამისობის შეფასებასა და დოკუმენტაციის შედგენას, რომელიც ადასტურებს სათამაშოს უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობას (იგულისხმება სათამაშოების როგორც ქიმიური შემადგენლობა, ისე ფიზიკური მახასიათებლები - რამდენად ბასრია სათამაშო, მცირე ზომისაა და ა.შ.)