მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორც ჩანს, ხაზარაძეს ახასიათებს იაფფასიანი ტყუილები - მამუკა ბახტაძე

5e18a5923109a
BM.GE
10.01.20 20:20
1505
საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განცხადება გაავრცელა, სადაც ანაკლიის პორტთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძის კომენტარებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ იგი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს.

"მსურს, გამოვეხმაურო მამუკა ხაზარაძის მიერ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან თემებთან დაკავშირებით გაჟღერებულ სიცრუეს.

პირველ რიგში ხაზს გავუსვამ ხელისუფლების დამოკიდებულებას ანაკლიის ღრმაწყლოვანპორტთან მიმართებაში;

საქართველოში, კერძოდ - ანაკლიაში, ღრმაწყლოვანი პორტის აშენების ინიციატორი და სულისჩამდგმელი იყო და რჩება ხელისუფლება! პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის, სახელმწიფომ საკუთარ თავზე აიღო მნიშვნელოვანი ვალდებულებები და იმაზე გაცილებით მეტი გააკეთა, ვიდრე თავდაპირველი ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული.

საზოგადოებას შევახსენებ, რომ სახელმწიფოს ვალდებულება პორტის ტერიტორიამდე რკინიგზის მიყვანაში, ასევე, გარკვეული მიწების გამოსყიდვასა და პორტისთვის გადაცემაში გამოიხატებოდა, თუმცა, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საპარტნიორო ფონდი კონსორციუმს 100 მილიონი დოლარის ოდენობის სუბორდინირებული სესხით დახმარებოდა.

გარდა ამისა, ხელისუფლების ინიციატივით, ანაკლიის განსაკუთრებული მნიშვნელობა საკონსტიტუციო ჩანაწერითაა ხაზგასმული, რაც, რა თქმა უნდა, კიდევ ერთი, მტკიცე გარანტიაა საერთაშორისო ინვესტორებისთვის და პროექტს კიდევ უფრო საინტერესოდ და მიმზიდველად აქცევს. ეს ყველაფერი ნათლად ადასტურებს, რომ სახელმწიფოს საკუთარი ვალდებულებები პირნათლად და გადაჭარბებით აქვს შესრულებული. ამას ნათლად ადასტურებს თუნდაც ის ფაქტი, რომ 2016 წლიდან - დღემდე, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მოთხოვნით, ხელშეკრულებაში 40-ზე მეტი ცვლილება შევიდა, პროექტის დაწყებიდან კი, სახელმწიფომ კონსორციუმს საკუთარი ვალდებულებების შესრულების დრო 7-ჯერ გადაუვადა.

წლების განმავლობაში სწორედ ასეთი დამოკიდებულება ჰქონდა ხელისუფლებას კონსორციუმის მიმართ, მაშინ, როდესაც კონსორციუმმა ვერ შეძლო პროექტის განხორციელებისათვის აუცილებელი ვერც ერთი ძირითადი პირობის შესრულება.

ასეთია რეალობა; რეალობა, რომლის დამახინჯებას და მოდელირებასაც უშედეგოდ ცდილობს მამუკა ხაზარაძე." - ამბობს ექსპრემიერი განცხადებაში.

ის ასევე აცხადებს, რომ ჯერ კიდევ „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორობისას, აქტიურად უჭერდა მხარს ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის რეალიზაციის პროექტს:

"ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო ინტენსიური გახდა ჯერ ფინანსთა, შემდეგ კი - პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჩემი ყოფნის დროს.

უფრო მეტიც, მე ვიყავი მთავარი ლობისტი, რომ კონსორციუმს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან თანხების მოზიდვის შესაძლებლობა ჰქონოდა; ამასთანავე კი ყველა საერთაშორისო პლატფორმას ვიყენებდი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებისთვის. ჩემი, როგორც პრემიერ-მინისტრის აქტიური ჩართულობით, ევროკავშირმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) პრიორიტეტული პროექტების ნუსხაში შეიტანა.

ვფიქრობ, ეს საკმაოდ მკაფიო და გასაგები პასუხია იმ სიცრუეზე, რითაც მამუკა ხაზარაძე საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს.

ზოგადად, როგორც ჩანს, მამუკა ხაზარაძეს ახასიათებს ასეთი იაფფასიანი ტყუილები.

ამ უსაფუძვლო ბრალდებამ კიდევ ერთი მსგავსი ფაქტი გამახსენა, როდესაც დამაბრალა, რომ მას შემდეგ, რაც მასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, თითქოს ბიზნესასოციაციამ ჩემთან შეხვედრა ითხოვა და მე მათ არ შევხვდი. ესეც მორიგი ტყუილი იყო, რადგან შეხვედრა ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელობასთან იმ საღამოსვე გაიმართა, რაც ასოციაციის წარმომადგენლებმა თავად დაადასტურეს. გუშინდელი ბრალდებაც ასეთივე იაფფასიანი ტყუილია", - ამბობს ბახტაძე განცხადებაში.