მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"როგორც კი ქართულ პროდუქციაზე მოთხოვნა ჩნდება, "ცეხავიკი" ხალხი იწყებს აქტიურობას"

5dd1276347f21
ანი ციხისთავი
17.11.19 18:05
4582
“ქართულ გასტრონომიას, რომელიც ასე პოპულარული და მოთხოვნადი ხდება, ხშირად პრობლემა ექმნება საზღვარგარეთ პროდუქტების უხარისხობის გამო, რადგან როგორც კი მოთხოვნა ჩნდება, რაღაცნაირი “ცეხავიკი” გაგების ხალხი იწყებს ამ სფეროში აქტივობას - ქართული ღვინო ამის ნათელი მაგალითია“-ამის შესახებ bm.ge -თან ქეთი მაღლაკელიძე აცხადებს, რომელიც მეუღლესთან ერთად დიდ ბრიტანეთში უკვე მეხუთე წელია ქართულ სამზარეულოს მომხმარებლებს აცნობს.

ქეთი მაღლაკელიძე განსაკუთრებით სუნელების თემას გამოყოფს და აცხადებს, რომ რამდენიმე თვის წინ ამ საკითხზე გავრცელებული ცნობა ტყვიით დაბიძნურებული პროდუქციის შესახებ განსაკუთრებულად საგანგაშო იყო.

“ტყვიით დაბინძურებული სუნელების თემის წამოწევა დიდ ზიანს აყენებს ჩვენს ბიზნესს და საგანგაშოა, რომ აღარაფერი ვთქვა იმაზე, თუ რა გამოუსწორებელ კვალს შეიძლება ტოვებდეს ადგილობრივ მომხმარებლებში.

სამწუხაროდ, ჩვენთან სოფლები თითქმის დაიცალა და დიდი ნაწილი ისეთი ყოველდღიურად გამოყენებადი სუნელებიდანაც კი, როგორიც ქინძია, შემოდის რუსეთის ფედერაციიდან და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან, სადაც საკვების უვნებლობისა და უსაფრთხო გადამუშავების ხარისხი ჩვენსავით მოიკოჭლებს.

საჭიროა, მეტი კონტროლი დაწესდეს საზღვარზე და პრაქტიკული ხელშეწყობა მიიღონ ჩვენმა ფერმერებმა, რომ მაქსიმალურად მოხდეს ამ მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილება ქართული ნედლეულით. ასევე მედიასაშუალებებმაც აუცილებლად მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ პრობლემის კვლევას და სიფრთხილით მოეკიდონ “ქართული სუნელების” ფორმულირებას ამ პრობლემასთან მიმართებაში.

ჩვენთან ადგილწარმოშობის მინიჭება კი ხდება, მაგრამ მისი კონტროლი არ ხორციელდება სათანადოდ. მაგალითისთვის, სულგუნს აქვს გეოგრაფიული დასახელება, მაგრამ ბალტიისპირული კომპანიები ასეთივე დასახელების ყველს ამზადებენ და ყიდიან ევროპაში”-აცხადებს მაღლაკელიძე.

რაც შეეხება საფასო პოლიტიკას, ქეთი მაღლაკელიძე ამბობს, რომ საქართველოდან ზოგიერთი პროდუქტის შემოტანა იმდენად დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, რომ ხშირად ხარისხში ელემენტარული გარღვევა დიდ ფინანსურ დარტყმას აყენებს მათ.

“რა თქმა უნდა, რთული, სარისკო და დამღლელია ეს საქმიანობა, მაგრამ ის, რომ ქართულის პოპულარიზაციას ვეწევით სწორედ ეგ გვაძლევს მუხტს”, - ამბობს მაღლაკელიძე.