მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორი იქნება ეკონომიკის სამინისტროს ყოფილ შენობაში "ჰუალინგის" სასტუმრო

5dca8ca343590
სალომე მეცხვარიშვილი
12.11.19 17:00
2493
თბილისში ჭანტურიას N12-ში, ეკონომიკის სამინისტროს ყოფილ შენობაში სასტუმროს მშენებლობა ამ დრომდე არ დაწყებულა. პროექტი ჩინურმა კომპანია “ჰუალინგმა” უნდა განახორციელოს, რომელმაც ობიექტი რამდენიმე წლის წინ სახელმწიფოსგან შეიძინა. ამ დრომდე თბილისის მერიაში მშენებლობის ნებართვის აღების პროცედურები მიმდინარეობს. ამასობაში კი, კომპანიას ყოველდღიურად ჯარიმები ერიცხება, რამდენადაც სახელმწიფოსთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება დაგვიანდა.

ბოლოს “ჰუალინგმა” არქიტექტურის სამსახურს რამდენიმე კვირის წინ მიმართა. ამ დრომდე მიმდინარეობს პროექტში ცვლილებების შეტანა იმისთვის, რომ სასტუმროში სახანძრო უსაფრთხოება მთავრობის 41-ე დადგენილების შესაბამისად იყოს უზრუნველყოფილი.

პროექტის მიხედვით, ადგილზე სასტუმრო “ჰუალინგ თბილისის ჰოთელ & პრეფერენსი” უნდა განთავსდეს, საპროექტო შენობას აქვს მიწისქვეშა სამი სართული და მიწისზედა ცამეტი სართული.

მიწისქვეშა ორ სართულზე ეწყობა დახურული, 30 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი. ასევე მთელი საპროექტო შენობა მისაწვდომია შშმ პირთათვის. სასტუმროში განთავსდება აუზი, საუნა, საოფისე ფართები, სასტუმროს ნომრები და ტექ.დანადგარების ოთახები.

"ჰუალინგ ჯგუფი", რომელსაც ეკონომიკის სამინისტროს ყოფილი შენობის ტერიტორიაზე სასტუმრო უნდა აეშენებინა, საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო 21 აპრილიდან იხდის ჯარიმებს. ჯარიმის სახით კომპანიას ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო დღეში, 500 ლარის ოდენობით ერიცხება.

ჭანტურიას 12-ში მდებარე ყოფილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შენობა, პროგარამის "50 ქონება შენი სასტუმროსთვის" ფარგლებში, 2015 წელს 9 მილიონ 450 ათას დოლარად, აუქციონის წესით გაიყიდა. ინვესტორის ვალდებულება 2016 წლის პირველი იანვრიდან, არაუმეტეს 36 თვის ვადაში, არანაკლებ 100-ნომრიანი სასტუმროს შექმნა და ექსპლუატაციაში გაშვება იყო. "ჰუალინგ ჯგუფს" სასტუმროს სამშენებლო ვადები 2019 წლის 21 აპრილს ამოეწურა.