20.მარტი .2020 22:56

როგორი იქნება ღვთისმსახურება კორონავირუსის გამო - სინოდი

views 217
უკან

წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ სინოდის განჩინება წაიკითხა.

„შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე გაჩნდა საზოგადოებაში კითხვები, თუ რამდენად საფრთხისშემცველი შეიძლება იყოს ტაძარში მორწმუნეთა სიმრავლე და ღვთისმსახურებაში მონაწილეობა. ეკლესიის ყველა საიდუმლოება სულიწმინდის მოქმედების სფეროა, სადაც აღესრულება ღვთაებრივი სასწაული, რომელიც მარადიულ ცხოვრებასთან თანაზიარყოფს ადამიანს. ადგილი სულიწმინდის განსაკუთრებული მოქმედებისა არის ტაძარი. ევქარისტია არის ქრისტიანული ცხოვრების მთავარი არსი. ევქარისტიული კავშირი გვაერთიანებს უფალ იესო ქრისტესთან და ერთმანეთთან. წმინდა ზიარება არის საკურნებელი სულისა და ხორცისა მათთვის, ვინც რწმენითა და საეკლესიო წესების დაცვით ეზიარება. ამიტომ ეკლესიის წევრებისათვის ზიარების საიდუმლოების არსში დაეჭვება და მოქმედებით ამის გამოხატვა, მაგალითად, საზიარებელ საერთო კოვზზე უარის თქმა, როგორც ინფექციის გადამტან წყაროზე, ყოვლად მიუღებელია.

ამ კრიტიკულ პერიოდში წმ. სინოდი მიზანშეწონილად მიიჩნევს შემდგომ რეკომენდაციებს:
1. ყველა ეკლესიასა და მონასტერში ღვთისმსახურება ჩატარდება მარხვის ტიპიკონისა და ეკლესიის წეს-განგების სრული დაცვით;
2. სასურველია ყველა მოქმედ ტაძარში და მის გარეთ დამონტაჟდეს გახმოვანების საშუალებები, რათა მრევლმა ღია სივრცეში შეძლოს ლოცვაზე დასწრება;
3. ზიარების შემდგომ მცირე დასაყოლებელი სასმელის მიღება დასაშვებია სხვადასხვა ჭურჭლით;
4. რისკის ჯგუფში მყოფ ადამიანებს – ხანდაზმულებს, ინფექციური დააავადების სიმპტომებისა და დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირებს, ასევე თვითიზოლაციაში ან კარანტინში მყოფებს, ან ვირუსით დაავადებულებს, სურვილის შემთხვევაში სამღვდელოება ადგილზე მოემსახურება. ასევე სასულიერო პირებს დამატებითი რეკომენდაცია მიეცემათ;
5. დასაფასებელია საქართველოს მთავრობის ყველა სტრუქტურის, განსაკუთრებით კი ჯანდაცვის მუშაკების თანმიმდევრული ნაბიჯები, რომლებიც გადაიდგა პროფესიონალიზმით. წმინდა სინოდი მოსახლეობას მოუწოდებს, გაითვალისწინონ ექიმების რეკომენდაციები და სიფრთხილით მოეკიდონ ერთმანეთის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. ამით დავიცავთ ერთმანეთის ჯანმრთელობას და მოვერიდებით გავხდეთ სხვათა დასნებოვნების მიზეზი.
6. ვიდრე ქვეყანაში რთული მდგომარეობაა, ყოველდღე წავიკითხოთ თითო თავი სახარებიდან, ყოველდღე ვთქვათ ლოცვები.
7. საქართველოს ეკლესია მზად არის გასწიოს სულიერი მზრუნველობა ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებზე. ასევე საქართველოს საპატრიარქოს სამედიცინო დაწესებულებები მზად არის ითანამშრომლოს სახელმწიფოსთან, რათა არსებულ სიტუაციაში მიიღოს შესაბამისი პაციენტები“, - წაიკითხა ანდრია ჯაღმაიძემ.
შეგახსენებთ, სინოდის გადაწყვეტილებით, ზიარების წესი არ შეიცვლება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა