02.სექტემბერი .2020 14:25

როგორი იქნება რეაბილიტირებული თბილისის ანძა - ფოტოები

views 2887
უკან

ესტონურმა კომპანია „კოკომ“ თბილისის მერიას თბილისის გეგმარება წარუდგინა - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძემ აღნიშნა, რომ თბილისის ანძის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 10-დან 15 მლნ ლარამდე იქნება და მის განსახორციელებლად ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდება.

მერი იმედოვნებს, რომ პანდემიის მიუხედავად, კომპანიების მხრიდან პროექტის მიმართ ინტერესი დიდი იქნება.

„ტენდერში გაიმარჯვა ესტონურმა კომპანია „კოკომ“, რომელსაც მსგავს ობიექტებზე მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. ჩვენ უკვე გეგმარება ჩავიბარეთ. საკმაოდ საინტერესო და მიმზიდველი ობიექტი გამოდის. დაახლოებით, 70 მეტრის სიმაღლეზე განთავსდება გადმოსახედი, საიდანაც პანორამული ხედები გადაიშლება, ასევე, კვების ობიექტები. ვფიქრობ, თბილისისთვის ჩვენი სატელევიზიო ანძის სწორად გამოყენება, ფუნქციის მინიჭება, დამატებითი მიზიდულობის ცენტრს გააჩენს. როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე, ჩამოსულ ტურისტებს ექნებათ შესაძლებლობა, ამ ადგილით ისარგებლონ. გვინდა, აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, ინტერესთა გამოხატვა გამოვაცხადოთ, რომ ბიზნესსექტორი დავაინტერესოთ. დაახლოებითი გათვლები გვაქვს და პროექტის განხორციელებას 10-დან 15 მლნ ლარამდე დასჭირდება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ ის ვიზუალი, რომელიც ესტონურმა კომპანიამ წარმოადგინა, ისტორიულ-კულტურულ საბჭოსთან უკვე შეთანხმებულია. "არის რეკომენდაციები და შემდგომ ეტაპზე პატარა ცვლილებები მოგვიწევს”, - აღნიშნა მან.








მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა