მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორი იქნება რესტორნებისთვის შეზღუდვების შემსუბუქების შემდგომი ეტაპი - მოლოდინები

6033c75f2aa82
ვიქტორია მღებრიშვილი
23.02.21 09:00
922
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, covid-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების ღონისძიებებზე საკოორდინაციო საბჭო მიმდინარე კვირაში იმსჯელებს და საკითხების 80% გადაწყდება. აღსანიშნავია, ისიც რომ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომამდე ბიზნესს აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა ეკონომიკის სამინისტროსთან; რიგ შემთხვევებში, როგორც საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მინისტრები და ეპიდემიოლოგები აცხადებდნენ, რომ ეკონომიკის გახსნა უნდა ყოფილიყო ეტაპობრივი და თანმიმდევრული, რაც ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელზე იქნებოდა დამოკიდებული. 21 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის მაჩვენებელი დღიური - 2,79%, ბოლო 14 დღის - 2,6%, ბოლო 7 დღის კი 2,6%-ია.

BM.GE დაინტერესდა, რა შეთანხმებამდე მივიდნენ რესტორატორები ეკონომიკის სამინისტროსთან კომუნიკაციისას და რა შეზღუდვების მოხსნას ელიან არსებული დადებითობის მაჩვენებლის გათვალისწინებით, ახალი პრემიერის მეთაურობით. 

„საკოორდინაციო საბჭოზე ვიცით, რომ განხილული იქნება რესტორნების შემთხვევაში ეტაპობრივი მოხსნის საკითხი. რესტორნების შიდა სივრცეების გახსნას აუცილებლად ველით; რაც შეეხება შაბათ-კვირას ოპერირების საკითხს, ეს შემდგომი შემსუბუქების ეტაპზე განიხილება. ველით, ასევე, კომენდანტის საათის გადაწევის განხილვას. ვფიქრობ, ეს შესაძლებლობა მათ აქვთ და ველით გადაწყვეტილებებას. ეს იქნება პირველი ეტაპი და იმედი გვაქვს, რომ დანარჩენი შეზღუდვები მალე მოიხსნება, იმის მიხედვით რა კოვიდმდგომარეობა იქნება. რესტორანი რომ შაბათ-კვირის გარეშე და ასევე, 21 საათამდე მუშაობას ვერ შეძლებენ, ეს ხომ ცნობილია“, - აცხადებს ბურჯანაძე.

კითხვაზე - იქნება თუ არა შეზღუდვების შემდგომი გადაწყვეტილებები სწრაფი, რესტორატორი პასუხობს, რომ ახალ პრემიერს ახლა საზოგადოების მხარდაჭერა ესაჭიროება.

„დღეს სამი პრობლემა გვაქვს - პოლიტიკური, ეკონომიკური და პანდემია. ეკონომიკური კრიზისის გადაწყვეტის გარეშე ვერც ერთი კრიზისი ვერ მოგვარდება. დღეს პრემიერს სჭირდება საზოგადოებრივი მხარდაჭერა, ამიტომ ნონსენსია, რომ ეს გადაწყვეტილება არ მიიღონ. ჩვენ გვაქვს მომენტუმი, რომელიც ბიზნესმა უნდა გამოიყენოს“, - განაცხადა რესტორნების ასოციაციის ხელმძღვანელმა.

მისივე შეფასებით, მდგომარეობის შენარჩუნება სახელმწიფოს ვაქცინაციის პროცესის დაჩქარებით შეუძლია.

„ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი არ გაიზრდება თუ დაწესებულ რეგულაციებს სწორი ადმინისტრირება ექნება. აქედან გამომდინარე, მინიმუმ ვაქცინაცია უნდა დაიწყოს, რომ ეპიდმდგომარეობა არ დამძიმდეს. სახელმწიფო მხოლოდ და მხოლოდ საზოგადების თვითშეგნებას არ უნდა დაეყრდნოს. რაც შეეხება პერსონალის ტესტირების საკითხს, ეს რესტორნებისთვის სავალდებულო საკითხი, ჯერჯერობით, არ არის. იმ ადამიანების რაოდენობიდან გამომდინარე თუ რამდენი იქნება სავალდებულო ტესტირებისთვის შემდეგ უკვე გადაწყდება შეძლებს თუ არა სახელმწიფო ამ ხარჯის გაწევას და თუ ვერ შეძლებს თანამშრომლების ტესტირება კერძო სტურქტურის ვალდებულება იქნება“, - განმარტა შოთა ბურჯანაძემ.