მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორი იყო 2021 BDO-საქართველოსთვის? - ზურაბ ლალაზაშვილი წელს აჯამებს

61cb31e5e2be6
ინგა მურუსიძე
28.12.21 19:54
1076
2021 წლის გლობალური ფინანსური შედეგების მიხედვით, საერთაშორისო კომპანია BDO-ს ერთიანმა შემოსავალმა 11,8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ეს 2020 წლის მაჩვენებელს 10,8%-ით აღემატება. რაც შეეხება უშუალოდ „BDO - საქართველოს“, მიმდინარე წელი კომპანიის მმართველმა პარტნიორმა ზურაბ ლალაზაშვილმა BMG-ს გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში შეაჯამა, სადაც თქვა, რომ „BDO - საქართველო“ ფინანსურ წელს 31 დეკემბერს შეაჯამებს.

„შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაგეგმილ ფინანსურ მაჩვენებლებზე, დაახლოებით, გავდივართ, მაგრამ ეს არ არის ისეთი, როგორსაც ვვარაუდობდით, რაც გამოწვეულია რამდენიმე ფაქტორით: ჩვენ მოგვიწია SAP (ბიზნეს პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი მსოფლიო ლიდერი კომპანია SAP CIS) მიმართულების დახურვა, რადგან BDO-მ მოიგო SAP-ის გლობალური ტენდერი და ჩვენ აღარ შეგვეძლო ვყოფილიყავით მისი წარმომადგენლები საქართველოში. წელს მაინც პოზიტიურად ვასრულებთ“, - თქვა მან.

„საქმიან დილასთან“ ინტერვიუში ზურაბ ლალაზაშვილმა ასევე ისაუბრა იმაზეც, თუ რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ პანდემიურ წელს „BDO - საქართველოს“ პარტნიორი კომპანიები.

„მოგეხსენებათ, კომპანიებისთვის 2020 წელი შოკი იყო. ამავდროულად ჰქონდათ რეზერვები იმისთვის, რომ გამკლავებოდნენ ამ კრიზისებს და ჩავარდნებს შემოსავლების კუთხით; წელს არსებულმა შეზღუდვებმა კი გააუარესა მათი მდგომარეობა და ზოგიერთმა ვერ შეძლო საქმიანობის გაგრძელება, თუმცა წელს, წლის მეორე ნახევრიდან დაიწყეს სიტუაციაზე მორგება - ციფრულ მუშაობაზე გადასვლა და ამ მხრივ ადაპტაცია დაიწყეს, ვფიქრობ, თუ შეზღუდვები არ გექნება და ეკონომიკის გახსნა მეტად შესაძლებელი იქნება, 2024 წლიდან კომპანიები შეძლებენ, რომ პანდემიამდელ მაჩვენებლებს დაუბრუნდნენ“, - აღნიშნა ზურაბ ლალაზაშვილმა.

აღსანიშნია, რომ „BDO - საქართველოს“ მთავარმა პარტნიორმა „საქმიან დილაში“ პანდემიის გამო შეცვლილ სამუშაო მოდელზეც ისაუბრა, თუმცა მისი თქმით, ყველაზე რთული ის ადამიანური დანაკარგია, რაც covid-19-ის თანმდევია.

„ეს წელი ყველაზე რთული მაინც იმით იყო, რომ ჩვენი გუნდის ბევრმა წევრმა ოჯახის წევრი დაკარგა და ეს ყველა ჩვენგანზე მძიმედ აისახა. სხვა მხრივ შემიძლია ვთქვა, რომ უკვე წელიწადზე მეტია, გადასული ვართ მუშაობის ჰიბრიდულ მოდელზე, როცა თანამშრომელს შეუძლია იმუშაოს იქიდან, საიდანაც მეტად კომფორტულია, მთავარია ის შედეგები მივიღოთ, რაც გვინდა. ასევე მივიღეთ წესი, რომ მხოლოდ აცრილ ან covid-გადატანილ თანამშრომლებს შეუძლიათ ოფისში იარონ, რათა გავუფრთხილდეთ თანამშრომლების ჯანმრთელობას. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული და გამოწვევებით აღსავსე პერიოდი“, - ამბობს ზურაბ ლალაზაშვილი.