მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორი შედეგით დაასრულა წელი საქართველოს საფონდო ბირჟამ?

63b536dab0523
გიორგი თოლორდავა
04.01.23 12:51
891
გასული 2022 წელი საქართველოს საფონდო ბირჟისთვის (GSE) გამოწვევებითა და სირთულეებით აღსავსე აღმოჩნდა: აწ უკვე ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ფარესიშვილმა თანამდებობა დატოვა, მისი მოვალეობის შემსხურებლად ნინო ქურდიანი დაინიშნა. რამდენიმე თვის განმავლობაში კი ბირჟაზე არცერთი გარიგება არ შემდგარა და, შესაბამისად, დღიური საშუალო ბრუნვა ნული ლარი.

მიუხედავად ყველაფრისა, 2022 წელი 2021-თან შედარებით მაინც წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან საერთო წლიური ბრუნვა და ტრანზაქციების რაოდენობა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი, უფრო კონკრეტულად კი ვითარება ასეთია:

საერთო ჯამში, 2022 წელს ლარში დენომინირებული 19 გარიგება შედგა, რომელთა კუმულაციური ღირებულება 13,619 ლარს შეადგენდა.

ამერიკულ დოლარში შემდგარ გარიგებებთან მიმართებით კი ვითარება განსხვავებულია - საერთო ჯამში გასულ წელს საქართველოს საფონდო ბირჟაზე 15 გარიგება შედგა, რომელთა ჯამური ღირებულება 2,444,612 დოლარს (₾6.6 მლნ) შეადგენდა, მათ შორის, უმსხვილესი ტრანზაქციები ორ კომპანიას ეკუთვნის.

ბირჟაზე $1.82 მილიონის ღირებულების ობლიგაციების გაყიდვა „საქართველოს სალიზინგო კომპანიასთანაა“ დაკავშირებული, მეორე უმსხვილესი ემიტენტი კი „კახური ტრადიციული მეღვინეობაა“, რომელმაც საფონდო ბირჟაზე 2022 წელს 614,945 დოლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაყიდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ზემოხსენებული ტრანზაქციები გასული წლის იანვარ-თებერვალში განხორციელდა, ამ პერიოდის შემდეგ კი ბირჟა ტრადიციულ, უმოქმედობის მდგომარეობას დაუბრუნდა.

ლარში დენომინირებული 19 გარიგებიდან 18 მათგანი „ლიბერთი ბანკს“ ეკუთვნის, დარჩენილი ერთი ტრანზაქცია კი - „საქართველოს ბანკს“.

შედარებისთვის, წინა 2021 წელს ბირჟაზე სულ 14 გარიგება შედგა, ყოველი მათგანი ლარში იყო განხორციელებული, მათი ჯამური ღირებულება კი 104,077 ლარს შეადგენდა. ამ შემთხვევაშიც გარიგებების უმეტესობა „ლიბერთი ბანკთან“ იყო დაკავშირებული.

თუკი 2021 წლის შედეგებს 2022 წლის მონაცემებს შევადარებთ, მაშინ საქართველოს საფონდო ბირჟის წლიური ბრუნვა თითქმის 6,200%-ითაა გაზრდილი.

რაც შეეხება არასაბირჟო გარიგებებს, ანუ იმ ტრანზაქციებს, რომლებიც უშუალოდ GSE-ზე არ შემდგარა, 2022 წელს საერთო ჯამში ოფიციალურად სულ ასეთი 121 გარიგება დარეგისტრირდა, მათ შორის, ყველაზე მეტი, კერძოდ, 111 ტრანზაქცია დოლარში იყო განხორციელებული, მათი ჯამური ღირებულება კი 10,799,174 დოლარს შეადგენდა (₾29.2 მლნ); ევროში შემდგარი 4 გარიგების კუმულაციური ღირებულება 182,622 ევროს შეადგენდა (₾520K); ხოლო ეროვნულ ვალუტაში გასულ წელს 7,710 ლარის ღირებულების 6 ტრანზაქცია შედგა.

საერთო ჯამში, 2022 წელს შემდგარი არასაბირჟო გარიგებების კუმულაციური ღირებულება 29.7 მილიონ ლარს აღწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ გასულ წელს ქვეყანაში თითქმის 4-ჯერ მეტის ღირებულების არასაბირჟო გარიგება შედგა, ვიდრე საბირჟო.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საფონდო ბირჟაზე ერთადერთი ორგანიზებული ფასიანი ქაღალდების ბაზარია საქართველოში, სადაც 23 კომპანიის ფასიანი ქაღალდია განთავსებული. მათი საერთო საბაზრო კაპიტალიზაცია კი 748 მილიონ დოლარს შეადგენს.